1 დეკემბრიდან საქართველოში "მწვანე სტატუსი" ამოქმედდა. რა იცვლება - დეტალური გიდი
მწვანე პასპორტი
1-ლი დეკემბრიდან, ე.წ. „მწვანე პასპორტების“ (იგივე, „მწვანე სტატუსის“) კონცეფცია ამოქმედდება.
ეს იმას ნიშნავს, რომ თუ თქვენ „მწვანე სტატუსი“ არ გაქვთ, ანუ, არ ხართ აცრილი ორი დოზით, არ გაქვთ ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ან ბოლო 24 საათში ჩატარებული სწრაფი ტესტის პასუხი, ან არ გაქვთ გადატანილი კოვიდი, კაფე-რესტორნებში, კაზინოებში, კინო-თეატრებსა და სხვა, მთელ რიგ ობიექტებში, ვეღარ შეხვალთ.
რა არის და ვის ეკუთვნის მწვანე სტატუსი? რა დოკუმენტი უნდა გვქონდეს ამის დამადასტურებლად? როგორ უნდა მივიღოთ ეს დოკუმენტი? ბეჭდური სახით გვჭირდება თუ მობილურში უნდა გვქონდეს? სად შეგვიშვებენ და სად აღარ დღეიდან?
JAMnews-მა დეტალური გზამკვლევი მოამზადა.
რა არის მწვანე სტატუსი და მწვანე პასპორტი?
მწვანე სტატუსი ენიჭებათ იმ ადამიანებს, ვინც:
- აცრილია კოვიდსაწინააღმდეგო ნებისმიერი ვაქცინის ორი დოზით;
- უკვე გადატანილი აქვს კოვიდი;
- ბოლო 72 საათში ჩატარებული აქვს PCR ტესტი;
- ბოლო 24 საათში ჩატარებული აქვს ანტიგენის სწრაფი ტესტი;
ასეთ პირს (ცხადია, მას კოვიდი არ უნდა დაუფიქსირდეს ტესტებით), „მწვანე სტატუსი“ ენიჭება.
ამ სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი არის მწვანე პასპორტი/კოვიდ პასპორტი, რომელიც არის, სპეციალური QR კოდიანი დოკუმენტი.
მწვანე პასპორტი, სინამდვილეში, ნიშნავს იმას, რომ თქვენ გარშემომყოფებისთვის უსაფრთხო ხართ.
- როგორ მუშაობს ქართული კოვიდ-პასპორტი და რა გვჭირდება სამოგზაუროდ
- 18 თვე კორონავირუსთან ერთად: დაავადებათა კონტროლის ცენტრის ვრცელი ანგარიში
- მარტიდან სექტემბრის ჩათვლით, საქართველოში კოვიდით გარდაცვლილების თითქმის 99% აუცრელი იყო
თუ ამ სტატუსს შევესაბამები, სად უნდა ავიღო მწვანე პასპორტი?
მწვანე პასპორტს გასცემს ყველა ის საავადმყოფო, სადაც პირმა აცრა ჩაიტარა.
გაითვალისწინეთ, მწვანე სტატუსი მხოლოდ მას შემდეგ გენიჭებათ, რაც სრული დოზით აიცრებით, ანუ, ვაქცინის ორივე დოზას გაიკეთებთ.
მწვანე პასპორტის აღება ასევე შესაძლებელია იუსტიციის სახლსა და მის საზოგადოებრივ ცენტრებში.
ამ დაწესებულებაში, პასპორტის ასაღებად წინასწარ დარეკვა და ჩაწერა საჭირო არ არის. თუმცა, ბოლო პერიოდის გამოცდილებით, იუსტიციის სახლებში ხშირად არის რიგი. ეს უნდა გაითვალისწინოთ, თუ დოკუმენტის აღებას იქ აპირებთ.
აუცილებელია ამობეჭდილი სახით მქონდეს დოკუმენტი?
ამის აუცილებლობა არ არსებობს.
კოვიდ-პასპორტი არსებობს ციფრული სახითაც და თუ მას ელექტრონულად გავააქტიურებთ, მატერიალურ კოვიდ-ბარათს აღარ მოგვთხოვენ.
იმისათვის, რომ თქვენი QR კოდი ელექტრონულად გააქტიუროთ, მობილური აპლიკაციები – Georgia e-Health ან CovidPass Georgia უნდა ჩამოტვირთოთ სმარტფონში. ორივე აპლიკაცია მოგანიჭებთ მწვანე პასპორტს თუ კრიტერიუმებს აკმაყოფილებთ. განსხვავება ის არის, რომ CovidPass Georgia მხოლოდ საქართველოს მასშტაბით მოქმედებს.
იუსტიციის სახლში მისვლა და მატერიალური სახით კოვიდ-პასპორტის აღება მხოლოდ მაშინ დაგჭირდებათ, თუ რაიმე მიზეზით ელექტრონულად ვერ გააქტიურებთ QR კოდს – მაგალითად, არ გაქვთ სმარტფონი.
აპლიკაციის ჩამოტვირთვისა და რეგისტრაციის გავლის შემდეგ, გაიაქტიურებთ QR კოდს, სადაც შენახულია მთელი თქვენი კოვიდ-ისტორია:
- ვაქცინაციის ჩატარების თარიღს და ვაქცინის ტიპს
- უკანასკნელად ჩატარებულ PCR და ანტიგენის ტესტის შედეგებს
- თქვენი ინფიცირების სტატუსს – გადატანილი გაქვთ თუ არა ვირუსი
ახლა მთავარი – რას გვაძლევს “მწვანე სტატუსი”
1-ლი დეკემბრიდან, მწვანე პასპორტის გარეშე აღარ შეგიშვებენ მთელ რიგ ადგილებში.
ეს ადგილებია:
- რესტორნები, კაფეები, ბარები, – ღია და დახურული სივრცეები,
- კინოთეატრები, თეატრები, ოპერები, საკონცერტო დარბაზები, გასართობი ცენტრები;
- სამორინეები, სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებული დაწესებულებები;
- სპა ცენტრები, ფიტნეს დარბაზები;
- სასტუმროები;
- სამთო კურორტების საბაგირო გზები.
„მწვანე პასპორტის“ მოთხოვნა იმოქმედებს 18 წლის ასაკის ზემოთ მოქალაქეებისთვის.
მათ შორის, ეს მოთხოვნა (18 წლის ასაკს ზემოთ მოქალაქეებისთვის) იმოქმედებს საბავშვო-გასართობ ცენტრებშიც. ანუ, თუკი ბავშვს წაიყვანთ საბავშვო ცენტრში და ხართ აუცრელი, თქვენ შიგნით არ შეგიშვებენ, ბავშვს – კი.
მწვანე პასპორტს არ მოგთხოვენ ისეთ ადგილებში, სადაც შესვლა სასიცოცხლოდ აუცილებელია – საავადმყოფოებში, მაღაზიებში.
ჯერჯერობით, განსხვავებით სხვა ევროპული ქვეყნებისგან, კოვიდ-პასპორტს არ მოგთხოვენ არც საზოგადოებრივ ტრანსპორტში.
რა მოხდება, თუ მოვახერხე და სადმე მწვანე პასპორტის გარეშე შევედი?
მწვანე სტატუსის არმქონე პირის შეშვების გამო ჯარიმა ობიექტის მფლობელს ეკისრება, ამიტომ მის ინტერესშია, სკრუპულოზურად შეამოწმოს ყველა შემსვლელი.
ჯარიმა საკმაოდ მაღალია – ინდმეწარმე 2 ათასი ლარით, იურიდიული პირი კი 10 ათასი ლარით ჯარიმდება.
შრომის ინსპექციის ინფორმაციით, ობიექტებში პერიოდულად გეგმური და არაგეგმური ინსპექტირებები ჩატარდება. თუ აღმოჩნდება, რომ ესა თუ ის დაწესებულება სისტემატურად არღვევს რეგულაციას, მაშინ მას დალუქავენ და საქმიანობას დროებით შეუჩერებენ.
როგორ შეამოწმებს ობიექტი თქვენს სტატუსს?
ობიექტის შესასვლელში იდგება ადამიანი QR კოდის წამკითხველით ან სმარტფონით, რომელსაც უნდა აჩვენოთ თქვენი QR კოდი. თუკი სტატუსი “მწვანე” გექნებათ, შეხვალთ, თუ არა – მაშინ ვერ შეხვალთ.
მწვანე პასპორტი უვადოა?
ეს იმაზეა დამოკიდებული, რა საშუალებით მიიღეთ ეს სტატუსი.
თუ აცრას არ აპირებთ და მწვანე სტატუსის მისაღებად ტესტების გზას ირჩევთ, მაშინ, უნდა გახსოვდეთ, რომ PCR ან სწრაფი ტესტი, შესაბამისი ვადის გასვლის შემდეგ, ყოველ ჯერზე თავიდან უნდა გაიკეთოთ.
PCR ტესტის შემთხვევაში, მწვანე სტატუსის მოქმედების ვადა 72 საათია, ანტიგენის სწრაფი ტესტის შემთხვევაში კი 24 საათი. გაითვალისწინეთ, რომ ტესტები ფასიანია და ყველა ჯერზე ისინი საკუთარი ხარჯით უნდა გაიკეთოთ.
კოვიდგადატანილ ადამიანებს, საქართველოში, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, “მწვანე სტატუსი” უვადოთ ენიჭებათ.
თუმცა, ღარიბაშვილის ეს ინიციატივა უკვე გახდა ეპიდემიოლოგების და სპეციალისტების უკმაყოფილების მიზეზი.
ისინი მიუთითებენ, რომ “უვადო მწვანე პასპორტის” სტატუსი საქართველოს გარდა ჯერ არცერთ ქვეყანაში არ მოქმედებს, რადგან კოვიდი, გადატანის შემდეგაც არ ტოვებს მყარ, სამუდამო იმუნიტეტს.
რეინფიცირების შემთხვევები ბევრია საქართველოშიც. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ჩვენს ქვეყანაში ასეთი 5 ათასი შემთხვევაა აღრიცხული.
ამიტომ, არ არის გამორიცხული, ღარიბაშვილის ეს ინიციატივა გადაიხედოს.
და კიდევ ერთი დეტალი: საქართველოში “უვადო მწვანე სტატუსზე” მსჯელობა რომც აღარ გაგრძელდეს და ეს გადაწყვეტილება ძალაში დარჩეს, სამოგზაუროდ წასვლისას ეს სტატუსი არაფერში გამოგადებათ. ღარიბაშვილის მიერ მონიჭებული “უვადო სტატუსი” მაქსიმუმ ქვეყნის ფარგლებს შიგნით გამოგადგებათ, ყველგან სხვაგან დაგჭირდებათ ტესტი ან ვაქცინაცია.
დეტალურად, თუ როგორ უნდა ვიმოგზაუროთ კოვიდ-ეპოქაში, წაიკითხეთ აქ.
ანუ, თუ თქვენ კოვიდი 6 თვეზე მეტი ხნის წინ გაქვთ გადატანილი და “მწვანე სტატუსი” მხოლოდ ამის ხარჯზე გაქვთ (აცრას კი არ აპირებთ), არც საზღვარზე გაგიშვებენ და არც სხვა რომელიმე ქვეყანაში შეგიშვებენ.
- საქართველოში “ასტრაზენეკას” 17 ათასამდე დოზას ვადა გაუვიდა
- ეკლესია და Pfizer-ი: რატომ ჩააგდო საქართველომ ვაქცინაციის კამპანია
- საქართველოში ვაქცინაციის მოწინააღმდეგეთა 37,5%-ი მიზეზად უშვილობას ან სიკვდილს ასახელებს
კიდევ რა იცვლება ქვეყანაში 1 დეკემბრიდან კოვიდთან მიმართებით?
მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ლი დეკემბრიდან კინოთეატრებსა და თეატრებში მაყურებელთა რაოდენობა 30-დან 50 პროცენტამდე იზრდება.
ასევე, პირველი დეკემბრიდან, რესტორნების მუშაობაზე საათობრივი შეზღუდვა იხსნება. აქამდე რესტორნებს მუშაობის უფლება მხოლოდ 22:00 საათამდე ჰქონდათ.
ხვალიდან ისევ ძალაში რჩება :
- პირბადის ტარება ღია და დახურულ სივრცეებში;
- ისევ აკრძალულია ხალხმრავალი ქორწილები, ქელეხები, ბანკეტები, სხვადასხვა სახის იუბილეები და ა.შ;
- კვლავ აკრძალულია ღამის კლუბების ფუნქციონირება როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეებში;
- ისევ აკრძალული რჩება ბანაკის ტიპის შეკრებები
სავაჭრო ცენტრებში და ბაზრობებზე მჭირდება კოვიდ-პასპორტი?
სავაჭრო ცენტრის შესასვლელთან კოვიდ-პასპორტს არ მოგთხოვენ. ეს პასპორტი არ დაგჭირდებათ ცენტრში განთავსებულ ტანსაცმლის, სურსათის, ტექნიკის და სხვა ნებისმიერი სახის მაღაზიებში (თუკი რომელიმე კონკრეტული მაღაზია თავისი ინიციატივით არ მოითხოვს, რისი უფლებაც აქვთ), ასევე არც აფთიაქებში, მაგრამ სავაჭრო ცენტრში არსებულ გასართობ ცენტრებში, კინოთეატრებში, კაფე-რესტორნებში და სხვა სახის კვების ობიექტებში მწვანე სტატუსს აუცილებლად მოგთხოვენ.
რატომ ამოქმედდა მწვანე სტატუსის კონცეფცია?
მწვანე სტატუსის კონცეფციით მთავრობა ქვეყანაში ვაქცინაციის წახალისებას ცდილობს.
30 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში სრულად აცრილია მოსახლეობის მხოლოდ 35 პროცენტი. ინფიცირებისა და გარდაცვალების მაჩვენებელი კი ისევ ძალიან მაღალია.