"ქართულ ოცნებას" რეგიონული ჩინოვნიკებიც ტოვებენ და კელი დეგნანს აკრიტიკებენ
“ქართულ ოცნებას” რეგიონული ჩინოვნიკებიც ტოვებენ
“ქართული ოცნება” და თანამდებობა ერთმანეთის მიყოლებით რამდენიმე რეგიონულმა ჩინოვნიკმა – ახალციხის, ლაგოდეხის, ჭიათურისა და თერჯოლის საკრებულოების წევრებმა დატოვეს და დიმიტრი ხუნდაძეს, მიხეილ ყაველაშვილს და სოზარ სუბარს შეუერთდნენ, რომლებმაც მმართველი პარტიიდან გასვლის შესახებ ოფიციალურად 28 ივნისს განაცხადეს, მიზეზად კი დაასახელეს “უთანხმოება იმაზე, თუ რა დოზით უნდა მიეწოდებოდეს მოსახლეობას სიმართლე.”
პარტიიდან გასული დეპუტატები, ისევე როგორც საქართველოს პარლამენტის წევრი მიხეილ ყაველაშვილი, ამერიკის ელჩს, კელი დეგნანს უპირისპირდებიან.
ახალიცის საკრებულოს წევრი საბა კბილაშვილი ამბობს, რომ “ვიღაცამ თავის თავზე უნდა აიღოს უმარტივესი, მაგრამ რთულად სათქმელი სიმართლის თქმა.”
“რუსეთისკენ გამხედავი ეგ ხალხი, ჩვენი გუნდი და ჩვენი ქვეყანა თავის ცხოვრებაში არ არის (თუ ნაცები არ დაბრუნდნენ და გინებ-გინებით ისევ რუსების საქმე არ აკეთეს) და დასავლეთიდან თუ ისეთი დამოკიდებულება იქნა, რაც ელჩის მხრიდან ყაველაშვილის მისამართით ვნახეთ, ალბათ ხვდებით სირთულის მასშტაბს”, – განაცხადა კბილაშვილმა.
ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ღამბაშიძემ კი აღნიშნა, რომ მის “ოცნებაში” არ ჯდება, ელჩი წერილს ბოლომდე არ კითხულობდეს:
“მაგალითად, საქართველოს ელჩმა ამერიკაში მსგავსი რამ რომ თქვას კონგრესმენზე ან სენატორზე, არ გახდება ის ელჩი გამოსაწვევი? და პირიქით – აქ არაფერი არ მომხდარა? მეც მივმართავ ქალბატონ ელჩს, დაასახელოს თუნდაც ერთი ტყუილი, რაც პარლამენტის წევრის წერილში იყო მითითებული და პასუხი გასცეს დასმულ კითხვებს.”
დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა, საქართველოში აშშ-ს ელჩს ღია წერილით მიმართა და მოუწოდა, ამერიკის იმიჯის დასაცავად “ნაციონალური მოძრაობის”პროვოკაციებსა და ტექნიკური მთავრობის მოთხოვნებს საჯაროდ გაემიჯნოს.
ყაველაშვილის აზრით, კელი დეგნანი უკრაინის პრეზიდენტის მიერ საქართველოდან ელჩის გაწვევის გადაწყვეტილებასაც უნდა გამიჯვნოდა. დეპუტატი ასევე წერს, რომ მისთვის გაუგებარია, “რატომ უწყობენ ხელს თქვენი დაფინანსებული თუ თქვენს მიერ მოწონებული ენჯეოები, პარტიები და ტელევიზიები საქართველოში ეფესბეს ნარატივის გამყარებას ხელს.”
ყაველაშვილმა ელჩს ასევე შეახსენა, რომ “სამწუხაროდ, თქვენ დღემდე არც თქვენი ერთ-ერთი წინამორბედის, ამერიკის ყოფილი ელჩის, უილიამ კორტნის განცხადებას გაემიჯნეთ”, რომელმაც, როგორც ყაველაშვილი ამბობს, ფილანტროპად წოდებული ბიძინა ივანიშვილი ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ოლიგარქად მოიხსენია და დეოლიგარქიზაციაზე “ნაციონალური მოძრაობის” მესიჯი გაიმეორა.
აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი “ქართული ოცნებიდან” გასული დეპუტატის, მიხეილ ყაველაშვილის წერილს პასუხობს და ამბობს, რომ ყაველაშვილის წერილი ოცნების ნარატივის გამოძახილია. ის მმართველ პარტიას მიმართავს კითხვით: რა მოტივი გაქვთ?
კელი დეგნანის თქმით, ყაველაშვილის წერილი იმდენად სავსე იყო ტყუილებითა და შეთქმულების თეორიებით, რომ მისი ბოლომდე წაკითხვაც კი ვერ შეძლო. ზოგიერთი დეტალი კი მისთვის ნამდვილად გაუგებარია.