ქართულ-აფხაზური კონფლიქტი: გამოსავალი არ ჩანს, არც დიალოგის სურვილი. ხედვა სოხუმიდან
კორონავირუსის პანდემიის გამო, რომელმაც მთელი მსოფლიო მოიცვა, ჟენევის დისკუსიებმა – ერთადერთმა არენამ, სადაც პოლიტიკურ დონეზე, ასე თუ ისე, ქართულ-აფხაზური კონფლიქტი განიხილება – ხანგრძლივი პაუზა აიღო. მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ექსპერტებმა, რომელიმე მხრიდან, ეს პრობლემად აღიქვეს. ამ ფორმატს ნაკლებად თუ განიხილავს ვინმე სრულფასოვან პროცესად. ქართულ-აფხაზურ მოლაპარაკებებში იძულებითი შესვენებაა, მაგრამ ეს არანაირად არ ასახულა ვითარებაზე.
რას უნდა მოიცავდეს თავის თავში მოლაპარაკებების „სწორი“ პროცესი? შევეცადოთ გავიაროთ ძირითადი პუნქტები.
ვის ვისთან აქვს კონფლიქტი?
ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი, 2008 წელს, სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით მომხდარი აგვისტოს ომის შედეგად შეიქმნა მას შემდეგ, რაც რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა.
ჟენევის დისკუსიები – ქართულ-რუსული მოლაპარაკებები, რომელიც გაეროს, ევროკავშირისა და ეუთოს ეგიდით მიმდინარეობს ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტების დარეგულირების საკითხებზე, აფხაზური და ოსური მხარეების წარმომადგენლების ჩართულობით. ამ საერთაშორისო ფორმატის შექმნა დაფიქსირებულია რუსეთსა და საქართველოს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაში, რომელსაც საფრანგეთის შუამავლობით, ხელი 2008 წლის აგვისტოს ომის დასრულების შემდეგ მოეწერა. მოლაპარაკებების პირველი რაუნდი ჟენევაში, 2008 წლის 15 ოქტომბერს გაიმართა. მას შემდეგ, ჟენევის დისკუსიები, წელიწადში რამდენჯერმე, ორი სამუშაო ჯგუფის ფორმატში ტარდება. ერთი უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხებით არის დაკავებული, მეორე – ჰუმანიტარული ასპექტებით.
ეს ფორმატი თავიდანვე შეზღუდული იყო შესაძლებლობებში – იმის გამო, რომ ოფიციალურმა თბილისმა თავისი ორი ყოფილი ავტონომიური რესპუბლიკა რუსეთის მიერ ოკუპირებულად მიიჩნია.
მას შემდეგ, თბილისი ამტკიცებს, რომ არ არსებობს ქართულ-აფხაზური და ქართულ-სამხრეთოსური კონფლიქტები, არსებობს მხოლოდ კონფლიქტი საქართველოსა და რუსეთს შორის.
სოხუმში, ცხინვალსა და მოსკოვში პრობლემის ასე დაყენებას კატეგორიულად არ ეთანხმებიან. და კონფლიქტის შესახებ ამ დიამეტრულად განსხვავებულმა ხედვამ, მართალია, მოლაპარაკებები არ ჩაშალა, მაინც საგრძნობლად დაავიწროვა მისი უფლებამოსილება.
სინამდვილეში, ჟენევაში, მხოლოდ დისკუსიები იმართება, თუმცა, საერთაშორისო შუამავლობით. უფრო მეტიც, ამ შეხვედრის ყველა მონაწილე იმყოფება არა როგორც მხარეთა ოფიციალური წარმომადგენელი, არამედ, მხოლოდ კერძო პირი.
პოლიტოლოგი ლიანა კვარჩელია ჟენევის პროცესს შუშის სახლს ადარებს:
„ნაბიჯი მარცხნივ ან მარჯვნივ – და სახლი შეიძლება დაიშალოს. მაგრამ, ამავდროულად, ყველა მხარეს თავისი არგუმენტები აქვს ამ შუშის სახლის შესანარჩუნებლად.
ქართული მხარისათვის ეს არის მოედანი, სადაც არც აფხაზეთი და არც სამხრეთი ოსეთი მხარე არ არის. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია აჩვენოს, რომ მისი ვიზავი მოლაპარაკებებზე – რუსეთია და საქართველოს სწორედ რუსეთთან აქვს კონფლიქტი. ეს საქართველოს მსხვერპლის პოზიციაში აყენებს“.
კვარჩელიას აზრით, როგორც ჩანს, საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი შთააგონა სომხურ-აზერბაიჯანული მოლაპარაკებების ფორმატმა, რომელშიც მთიანი ყარაბაღი არ იყო წარმოდგენილი.
აფხაზური მხარის დაინტერესებაც ჟენევის არენის შენარჩუნებაში, ასევე გასაგებია – სხვა ფორმალური მოედანი საერთაშორისო არენაზე აფხაზებს არ აქვთ, ამიტომ, ის უნდა შეინარჩუნონ“, – ამბობს ლიანა კვარჩელია.
- მოსაზრება: ქართულ-აფხაზური კონფლიქტი ყარაბაღის მეორე ომის პრიზმაში
- ჟენევის მოლაპარაკებები: რა საკითხებზე გაამახვილა ყურადღება საქართველომ
- გამოკითხვა: ქართველები მზად არიან აფხაზებთან პირდაპირი დიალოგისთვის?
„ჟენევის დისკუსიები წარუმატებლად გადააკეთეს მოლაპარაკებების პროცესად“
„როგორც მე ვხედავ, ამ მოედანს ორი არსებითი ნაკლი აქვს. პირველი – დაკარგულია აფხაზური მხარის ოფიციალური სტატუსი მოლაპარაკებებში. მეორე – გადააკეთეს წინა მოლაპარაკებების პროცესი.
ჟენევის დისკუსიები იწყება 2008 წლის აგვისტოს მოვლენებისა და შედეგებიდან, იმ დროს, როდესაც მოლაპარაკებების წინა ეტაპი დაიწყო 1992-1993 წლების მოვლენებიდან. ამით, საქართველო ცდილობს, თავიდან აირიდოს აფხაზეთთან გაჩაღებულ ომზე პასუხისმგებლობა და ყურადღება რუსეთის ფაქტორზე გადაიტანოს“, – ამბობს კვარჩელია.
პირდაპირი მოლაპარაკებები – მხარდამჭერი და საწინააღმდეგო არგუმენტები
პერიოდულად, თბილისშიც და სოხუმშიც, პოლიტიკოსები პირდაპირი მოლაპარაკებების აუცილებლობაზე საუბრობენ. თუმცა, ამაზე შორს საქმე არ მიდის.
„ახლანდელი ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებშიც შეიძლებოდა ორმხრივი ფორმატის შექმნა. მაგრამ ამისათვის აუცილებელია, რომ საქართველომ აფხაზეთი ცნოს მოლაპარაკებების მხარედ. ამის გაკეთების სურვილის არქონა – ორმხრივი ფორმატის შექმნის მთავარი მუხრუჭია“, – მიაჩნია პოლიტოლოგ ლიანა კვარჩელიას.
იმ მომენტიდან, რაც 2020 წლის აპრილში, აფხაზეთის პრეზიდენტი ასლან ბჟანია გახდა, პირდაპირი მოლაპარაკებების შესაძლებლობა რიტორიკული სიბრტყიდან ოფიციალურ დოკუმენტში გადაიზარდა – ყოველ შემთხვევაში, სოხუმის მხრიდან.
2020 წლის ნოემბერში, პრეზიდენტმა საგარეო პოლიტიკის კონცეფცია დაამტკიცა და იქ არის საქართველოსთან ურთიერთობებისადმი მიძღვნილი პარაგრაფი:
„აფხაზეთის რესპუბლიკა უშვებს საქართველოსა და აფხაზეთს შორის დამატებითი, მრავალდონიანი მოლაპარაკებების ფორმატისთვის პირობების შექმნის შესაძლებლობას, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელი გახდება, ქართულ მხარესთან განვიხილოთ საკითხები, რომლებიც ორმხრივი ინტერესის საგანს წარმოადგენს და რომლის გადაწყვეტაც ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში შეუძლებელია“.
მიუხედავად სურვილის უკიდურესად ფრთხილი ფორმულირებისა, ახალი იმპულსი მიეცეს ფაქტობრივად ჩიხში შესული ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დარეგულირებას, ამას ოპოზიციის მკაცრი რეაქცია მოჰყვა. ოპოზიციური ორგანიზაცია „არუაას“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თემურ ნადარაიამ, რომელიც საქართველოსთან ომის ვეტერანებს აერთიანებს, განაცხადა, რომ „ჟენევის ფორმატის ფარგლებს მიღმა ნებისმიერი მოლაპარაკებები – საკუთარი პოზიციების დათმობაა“.
აფხაზეთის უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შამბა საქართველოსთან პირდაპირ დიალოგს აფხაზეთისთვის სახიფათოდ არ მიიჩნევს:
„საფრთხე მომდინარეობს არა თვითონ დიალოგიდან, არამედ მისი არარსებობიდან“.
„თავად დიპლომატია შეუძლებელია, რაიმე საფრთხეს შეიცავდეს. თუკი ვინმე შიშობს, რომ აფხაზურმა მხარემ პირდაპირ მოლაპარაკებებში შეიძლება თავისი პრინციპული პოზიციები დათმოს, მაშინ ამ კონცეფციაში მარტო ის წერია, რომ საქართველოსთან დიალოგი მხოლოდ ურთიერთაღიარებას შეიძლება ეფუძნებოდეს.
გასაგებია, რომ ჩვენი საბაზისო ინტერესებიდან უკან დახევას არ ვაპირებთ. ნათელია, რომ ისინიც არ გეგმავენ, უარი თქვან თავიანთ ძირითად ინტერესებზე. მაგრამ ამ ორ უკიდურესობას შორის არსებობს საკითხები, სადაც კომპრომისული გადაწყვეტილებების მიღწევა შეიძლება“, – ამბობს შამბა.
„სიტუაცია გაუმჯობესდება, თუკი თბილისი უარს იტყვის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ შეურაცხმყოფელ კანონზე“
საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ახიაცას“ ხელმძღვანელი, ახრა ბჟანია ამბობს, რომ თბილისის ეს პოლიტიკა არ იძლევა ქართულ-აფხაზური პირდაპირი მოლაპარაკებების იდეის რეალიზაციის შესაძლებლობას. საქართველოში არსებობს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, რომლის თანახმადაც, აფხაზეთი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, აფხაზეთის ხელისუფლება კი მარიონეტული რეჟიმია, რომელთან ლაპარაკიც არაფრის მომცემია.
„თუკი ქართველებს რეალურად სურთ ჩვენთან დალაპარაკება, პირველ რიგში, მათ ეს შეურაცხმყოფელი კანონი უნდა გააუქმონ. და ასევე, ჩვენ წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის პრინციპის დეკლარირება მოახდინონ. შესაძლოა, თბილისში, ეღიარებინათ აფხაზური დოკუმენტები, რათა ჩვენ მსოფლიოში გადაადგილების შესაძლებლობა მიგვეღო“, – ამბობს ახრა ბჟანია.
„კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ აფხაზეთში ცხოვრების ყველა სფეროზე აისახა, ეკონომიკიდან დაწყებული, სოციალური სფეროთი დასრულებული. მაგრამ, პირველ რიგში, რიგით ადამიანებს დაარტყა.
- ომისა და მშვიდობის ჰესი. ფილმი
- ვინ როგორ აპირებს კონფლიქტების მოგვარებას. პარტიების წინასაარჩევნო ხედვა
შეუძლებელია ან რთულია მოგზაურობა
კერძოდ, აფხაზეთის მცხოვრებლებს, ელემენტარული, მსოფლიოში თავისუფლად გადაადგილების უფლება არ აქვთ.
აფხაზური პასპორტით მხოლოდ რუსეთსა და იმ რამდენიმე ქვეყანაში შეიძლება მოხვედრა, რომლებმაც აფხაზეთი აღიარეს. ეს პრობლემა შეიძლება გადაჭრილიყო იმის წყალობით, რომ ადგილობრივთა უმრავლესობას რუსეთის მოქალაქეობაც აქვთ. თუმცა, თბილისის შუამდგომლობით, ევროკავშირი არ აღიარებს აფხაზეთის ტერიტორიაზე გაცემულ რუსულ პასპორტს. ევროპული სახელმწიფოების სავიზო სამსახურებში, ასეთ დოკუმენტებს არც კი განიხილავენ.
იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც გამონაკლისის სახით, ევროპაში, გარკვეული მუსიკალური ფესტივალის ან სპორტული ტურნირის ორგანიზატორები ახერხებენ შეთანხმებას აფხაზეთის მცხოვრებლებისთვის ვიზების გაცემაზე – საქმეში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ერთვება და შლაგბაუმი გარდაუვალია.
საფეხბურთო კლუბის, სოხუმის „დინამოს“ პრეზიდენტი, ასტამურ ადლეიბა იხსენებს, როგორც არ შეუშვეს აფხაზეთის ნაკრები 2015 წელს კონიფას (ფიფას მიერ არაღიარებული ფედერაციების გაერთიანებული კონფედერაცია) ეგიდით გამართულ ევროპის ჩემპიონატზე უნგრეთში.
„რუსეთში უნგრეთის გენერალურმა კონსულმა საბუთების მიღებაზეც კი უარი განაცხადა. თქვა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის ინსტრუქციას ასრულებს, რომელმაც მას პირადად დაურეკა და რომელსაც, თავის მხრივ, ეს ქართველმა კოლეგამ სთხოვა“.
უნგრელებისგან უარის მიღების შემდეგ, აფხაზები არ დანებდნენ და ვიზებზე შეთანხმებას სლოვაკეთის ხელისუფლებასთან მიაღწიეს.
„მაგრამ აქაც არაფერი გამოვიდა. უნგრეთის მთავრობამ კონიფას ხელმძღვანელობას განუცხადა, რომ აფხაზებისთვის სლოვაკეთის საზღვარს ჩაკეტავენ და თუკი ისინი, რაიმე შემოვლითი გზებით მაინც მოხვდებიან უნგრეთის ტერიტორიაზე, ბუდაპეშტი საერთოდ აკრძალავს ჩემპიონატის ჩატარებას. უნგრეთში ჩვენ მაინც არ შეგვიშვეს“, – ამბობს ადლეიბა.
იმისათვის, რომ აფხაზებმა მსოფლიოში გადაადგილება შეძლონ, თბილისი მათ ე.წ. ნეიტრალურ პასპორტებს სთავაზობს, რომელსაც თავად საქართველო გასცემს. თუმცა, ამ დოკუმენტის მოქმედების მთელი წლების განმავლობაში, ის მხოლოდ ერთეულებმა აიღეს, მაგრამ ასეთი პასპორტის თითოეული მფლობელი მის ქონას ნათესავებსაც კი უმალავს.
რა მთავარი პრობლემები არის შენარჩუნებული დაურეგულირებელი ქართულ-აფხაზური კონფლიქტის გამო? ამ კითხვაზე JAMnews-ს აფხაზეთის მცხოვრებლებმა უპასუხეს
რა მთავარი პრობლემები არის შენარჩუნებული დაურეგულირებელი ქართულ-აფხაზური კონფლიქტის გამო? ამ კითხვაზე JAMnews-ს აფხაზეთის მცხოვრებლებმა უპასუხეს
შეუძლებელია ან რთულია ბიზნესის წარმოება
ოკუპაციის შესახებ კანონი დიდ დარტყმას აყენებს აფხაზურ ეკონომიკასაც. იმდენად, რამდენადაც მას სრულად დაუჭირა მხარი ევროკავშირმა, ტაბუ დაედო აფხაზეთთან ნებისმიერი ბიზნესის წარმოებას.
აფხაზური მობილური კავშირგაბმულობის ოპერატორი „აკვაფონი“ დიდი ხნის განმავლობაში სარგებლობდა ფინური კომპანია NOKIA-ს აღჭურვილობით. თუმცა, სანქციების დაწესების შემდეგ, ფინელებმა ცალმხრივად გაწყვიტეს კონტრაქტი და შეწყვიტეს აფხაზეთისთვის ტექნიკის მიწოდება.
„შედეგად, ჩვენ მოგვიწია ჩინელებთან შეთანხმება და სრულად გადაიარაღება. ახლა, აღჭურვილობას გვაწვდის Huawei. ერთი მომწოდებლიდან მეორეზე გადასვლამ, რამდენიმე მილიონი ევროს ზარალი მოგვაყენა“, – ამბობს „აკვაფონის“ ერთ-ერთი მენეჯერი, დაურ ქუჩუბერია.
„აფხაზეთთან საბანკო ოპერაციების წარმოება „ტოქსიკურად“ მიიჩნევა
კომერციული ბანკის, „ამრა ბანკის“ ხელმძღვანელი, მიხაილ ჩალმაზი ამბობს, რომ თბილისიდან ევროპის დახმარებით, აფხაზურ ფინანსურ ინსტიტუტებს ფაქტობრივად ყველაფერი ჩაკეტილი აქვთ: „არა მხოლოდ კრედიტის მიღება – აფხაზური ბანკიდან ნებისმიერ ევროპულ ბანკში გადახდის ოპერაციის განხორციელებაც კი შეუძლებელია“.
საბანკო სფეროში ყველა ოპერაცია რუსულ ბანკებში გახსნილი საკორესპონდენტო ანგარიშებიდან ხორციელდება. მაგრამ იქაც არ არის ყველაფერი მარტივად.
„ევროპაში, ჩვენთან ოპერაციები „ტოქსიკურთა“ კატეგორიაში გადის. ყველა რუსულ ბანკს არ სურს ჩვენთან საქმის დაჭერა, რადგან მათ შეიძლება ევროპელ პარტნიორებთან შეექმნათ პრობლემა. ამიტომ, ძირითადად, ჩვენთან ის რუსული ბანკები თანამშრომლობენ, რომლებიც თვითონ არიან ევროკავშირის მხრიდან სანქცირებულები“, – ამბობს ჩალმაზი.
სანქციების არსებობა საგრძნობლად ანელებს აფხაზური საბანკო სისტემის განვითარებას. იმის გამო, რომ შეუძლებელია უცხოურ საფინანსო ინსტიტუტებში შეღავათიანი კრედიტების აღება, აფხაზური ბანკები ფულად დეფიციტს განიცდიან. თუკი ისინი მაინც აძლევენ სესხს ადგილობრივ ბიზნესს, საპროცენტო განაკვეთი 25%-სა და მეტს აღწევს. თავად სესხი კი მცირე დროით გაიცემა – არაუმეტეს ერთი წლის.
საქართველოს პოლიტიკაში აფხაზეთის მიმართ, კუპრის უზარმაზარ კასრში თაფლის ერთადერთ კოვზად იქცა საქართველოს მიერ განხორციელებული სამედიცინო პროგრამა. ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობისას, ქართულმა კლინიკებმა ეთნიკური აფხაზების უფასოდ მკურნალობა დაიწყეს.
თავდაპირველად, სამკურნალოდ ჩასვლის მსურველები ძალიან ცოტანი იყვნენ, მძიმე შემთხვევებშიც კი. ეს ორი ფაქტორით აიხსნებოდა:
უფასო სამედიცინო მომსახურების მიღების სანაცვლოდ, პაციენტი ვალდებული იყო, მიეღო საქართველოს მოქალაქეობა ან „ნეიტრალური პასპორტი“. გარდა ამისა, არსებობდა ეთიკური ბარიერიც – „არ შეიძლება მტერთან სამკურნალოდ გამგზავრება“. ადამიანები, რომლებიც ამ ბარიერს აბიჯებდნენ, ცდილობდნენ, თავიანთი ქართული ტურნეს აფიშირება არ მოეხდინათ.
თუმცა, როდესაც სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილმა შეცვალა, სამედიცინო პროგრამას ჩამოეცალა ღიად პოლიტიკური შემადგენელი. იმ დროიდან მოყოლებული, აფხაზებს სამკურნალოდ ჩასვლა ქართული ან ნეიტრალური პასპორტის მიღების გარეშეც შეუძლიათ. ამ გადაწყვეტილებამ საგრძნობლად გაზარდა იმ ადამიანთა რიცხვი,რომლებიც დახმარებისთვის ქართულ კლინიკებს მიმართავენ, მით უფრო, რომ საქართველოში სამედიცინო მომსახურების ხარისხი გაცილებით მაღალია, ვიდრე აფხაზეთში.
და უმეტესობა უკვე აღარ მალავს მოგზაურობის ფაქტს.
ენერგეტიკა – ქართულ იზოლაციის პოლიტიკას გადარჩენილი ერთადერთი სფერო აფხაზეთში
ალბათ, ერთადერთი არაპოლიტიკური სფერო, რომელზეც არანაირად არ აისახა აფხაზეთთან დაკავშირებით ქართული იზოლაციის პოლიტიკა – ენერგეტიკაა.
აფხაზური ენერგეტიკის ერთადერთი წყარო – სამხრეთ კავკასიაში არსებული უმსხვილესი ჰიდროელექტროსადგური ენგურჰესი, ორმხრივ, ქართულ-აფხაზურ მმართველობაშია. კაშხალი საქართველოს მხარესაა, თავად სადგური კი – აფხაზეთის ტერიტორიაზე.
ამ ასპექტმა ენერგეტიკაში თანამშრომლობა თავიდანვე უალტერნატივოდ აქცია, ის ქართულ-აფხაზური დაპირისპირების საერთო ჩარჩოდან ამოიღეს. ენერგეტიკოსების აქტიური თანამშრომლობა 1992-93 წლების ქართულ-აფხაზური ომის დასრულებისთანავე დაიწყო და მას შემდეგ არ შეჩერებულა.
ახრა ბჟანიას თქმით, რომელიც ქართველ ენერგეტიკოსებთან მოლაპარაკებებში აფხაზურ მხარეს წარმოადგენდა, ეს თანამშრომლობა გეოგრაფიული კაზუსის წყალობით არის შესაძლებელი.
„ეს საზღვარი საქართველოსთან, ორი კილომეტრით დასავლეთით რომ გადიოდეს, მთელი სადგურის კასკადი ქართულ მხარეს აღმოჩნდებოდა. და ამ შემთხვევაში, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მათ ენგურჰესის გამომუშავებული ელექტროენერგიის 40% ჩვენთვის მოეცათ, როგორც ეს ახლა ხდება“.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო