შეწყალებულთა სიაში არ მოხვდა მზია ამაღლობელი და არც ერთი სხვა სინდისის პატიმარი
პრეზიდენტის შეწყალება
მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღების დღესასწაულზე 159 პატიმარი შეიწყალა. მათ შორის არც ერთი პოლიტპატიმარი არ აღმოჩნდა.
19 იანვარს დილას, ჯერ კარგად გათენებულიც არ იყო, სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებასთან, იქ, სადაც პოლიტიკური პატიმრები იხდიან სასჯელს, ჟურნალისტები და პატიმრების ოჯახის წევრები რომ მოგროვდნენ.
მთელი დღის განმავლობაში თბილისში გადაურებლად თოვდა და ყინავდა. ამ ამინდის მიუხედავად, თბილისში, გლდანისა და რუსთავის ციხეებთან, შეწყალების მოლოდინში მთელი დღის განმავლობაში იცდიდნენ ჟურნალისტები, სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები და მათი ადვოკატები. იმ იმედით, რომ ამ სიაში სინდისის პატიმრებიც იქნებოდნენ.
ყველანი პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან ინფორმაციას ელოდნენ, თუმცა ისე დაღამდა, რომ არავითარი ცნობა არ გავრცელებულა.
ტრადიციულად, სხვადასხვა რელიგიურ დღესასწაულზე, საქართველოს პრეზიდენტი შეწყალების აქტს გამოსცემს და რამდენიმე ათეულ მსჯავრდებულს იწყალებს. იყო მოლოდინი, შეწყალებულებს შორის იქნებოდნენ პროევროპული პროტესტების დროს დაკავებული პოლიტპატიმრები, მათ შორის, ჟურნალისტი მზია ამაღლობელიც.
როგორც წესი, შეწყალების აქტი დღის პირველ ნახევარშივე გამოიცემა. თუმცა, ამჯერად, როცა მოლოდინი და საზოგადოებრივი ინტერესი განსაკუთრებით დიდი იყო, ასე არ მოხდა.
შეწყალების აქტი პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მხოლოდ გვიან, დაახლოებით 22:30 საათზე გამოსცა. დოკუმენტში მხოლოდ შეწყალებულთა რაოდენობა იყო მითითებული – 159, მათი ვინაობები დაკონკრეტებული არ ყოფილა (როგორც წესი, შეწყალებულთა სია საჯაროდ არ ქვეყნდება).
მოლოდინი კიდევ უფრო გამძაფრდა. მზიას კოლეგებმა, ოჯახის წევრებმა, ასევე სხვა სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა ღამე პენიტენციალურ დაწესებულებებთან, ყინვაში გაათენეს.
თუმცა, უკვე 20 იანვარს შუადსღისთვის ცხადი გახდა, რომ მოლოდინები არ გამართლდა.
მედიაში უკვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სიაში არც მზია ამაღლობელი იყო და არც სხვა რომელიმე პოლიტპატიმარი. რუსთავის ციხის მიმდებარე ტერიტორია დატოვეს მზიას კოლეგებმა და ოჯახის წევრებმა.
მთელი ღამე გაათენა რუსთავის ციხესთან მზია ამაღლობელის ძმამ, მალხაზ ამაღლობელმაც. გამოცემების “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი მზია ამაღლობელი რუსთავის ქალთა ციხეშია.
მალხაზ ამაღლობელს არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდა შეწყალებულთა შესახებ და მედიასთანაც ამბობდა, რომ არ ჰქონდა არანაირი იმედი შეწყალების, თუმცა, სახლში მაინც ვერ გაჩერდა. თქვა, რომ თუ არ გამოვიდოდა მზია, მაშინ დილით მასთან სანახავად შევიდოდა: “ჩავეხუტები და უკან დავბრუნდები”.

მზია ამაღლობელის ძმა მალხაზ ამაღლობელი რუსთავის ქალთა ციხესთან. 20 იანვრის დილა, 2026წელი. ფოტო: გიორგი მოსიაშვილი
დილას მალხაზ ამაღლობელი დის სანახავად მართლაც შეუშვეს. როგორც მან მზია ამაღლობელის მონახულების შემდეგ, ჟურნალისტებთან აღნიშნა, მზია ამაღლობელი თავს მხნედ გრძნობს და შემართებითაა:
“თქვა, რომ ერთ წელიწადში შევხვდებით, როცა გამოვალო, მანამდე არავითარი მოლოდინი არ მაქვსო”.
-
მზია ამაღლობელის საქმე. მოკლედ
მზია ამაღლობელი პირველი სინდისის პატიმარი ჟურნალისტი ქალია საქართველოში. იგი 2025 წლის 11-12 იანვრის ღამეს, ბათუმში, ორჯერ დააკავეს. თავდაპირველად მზია ამაღლობელი დააკავეს პოლიციის შენობაზე სტიკერის გაკვრისთვის, რომელზეც ეწერა – “იფიცება საქართველო”. ეს სტიკერი პოლიციელებმა რამდენიმე წუთში ააძრეს. ამ ფაქტიდან მალევე მზია ამაღლობელი კვლავ დააკავეს პოლიციის უფროსისთვის სილის გაწვნის ფაქტზე. ამას წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციულ ქმედებებს მოჰყვა.
დაკავების შემდეგ მზია ამაღლობელმა ციხეში შიმშილობა დაიწყო. მან 38 დღე იშიმშილა და შიმშილი მხოლოდ ჯანმრთელობის მკვეთრი გაუარესების ფონზე, ოჯახის წევრების თხოვნით შეწყვიტა. ის საავადმყოფოშიც მოხვდა.
მზია ამაღლობელს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა. 2025 წლის 6 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გადააკვალიფიცირა ბრალდების მუხლი და მზია ამაღლობელს 2 წლიანი სასჯელი მიუსაჯა – შედარებით მსუბუქი მუხლით, მუქარა ან ძალადობა საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის მიმართ.
მზია ამაღლობელის დაპატიმრებას დიდი რეზონანსი მოჰყვა საერთაშორისო მასშტაბით. მისი გათავისუფლების მოთხოვნა გამუდმებით ისმოდა მაღალი ტრიბუნებიდან. მისი გათავისუფლებისკენ “ქართულ ოცნებას” არაერთხელ მოუწოდა ევროკავშირმა.
მზია ამაღლობელმა არაერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო. მათ შორის, Free Media Award, ფორუმ 2000-ის საერთაშორისო ჯილდო “სიმამაცისთვის და პასუხისმგებლობისთვის”, მსოფლიო პრესის თავისუფლების გმირის ჯილდო (IPI-IMS World Press Freedom Hero Award) და ევროკავშირის უმაღლესი ჯილდო – სახაროვის პრემია.
კონკრეტულად რას ეფუძნებოდა და საიდან გაჩნდა მოლოდინი, რომ მზია ამაღლობელს შეიწყალებდნენ, უცნობია. მედიაში არ გავრცელებულა არავითარი ინფორმაცია, რომელიც ამაზე მიუთითებდა.
პირიქით, “ოცნების” წარმომადგენლები ხაზგასმით იმეორებდნენ, რომ პრეზიდენტმა შეიწყალოს მხოლოდ ისინი, ვინც მოინანიებს, ბოდიშს მოიხდის და შეწყალებას თავად ითხოვს.
არც მზია ამაღლობელს და არც სხვა სინდისის პატიმრებს ყაველაშვილისთვის შეწყალების თხოვნით არ მიუმართავთ.
შეწყალება როგორც პოლიტიკა – თარიღები, პრინციპები და დისკუსიები
საქართველოს კონსტიტუციით, შეწყალება არის პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლება, რომლის მიზანია ჰუმანური აქტის განხორციელება ინდივიდუალურად.
ეს უფლება პრეზიდენტს შეუძლია გამოიყენოს ნებისმიერ დროს, თუმცა, ტრადიციულად, შეწყალება მნიშვნელოვან რელიგიურ თარიღებს უკავშირდება.
შეწყალება პრეზიდენტს აძლევს უფლებას მსჯავრდებული:
- სრულად გაათავისუფლოს სასჯელისგან
- შეუმციროს სასჯელი
- მოუხსნას ნასამართლეობა.
შეწყალების ბოლო სტატისტიკა ასეთია:
- ნათლისღება (19 იანვარი): 2026-ში – 159 შეწყალებული; 2025-ში – 613 შეწყალებული
- გიორგობა (23 ნოემბერი): 2025-ში – 49 შეწყალებული
- სვეტიცხოვლობა (14 ოქტომბერი): 2025-ში – 70 შეწყალებული
- ახალი წელი, შობა, აღდგომა: ასევე გავრცელებული პერიოდია ამ ჰუმანური აქტისთვის.
შეწყალება არ უნდა აირიოს ამნისტიაში: შეწყალება ეს არის პრეზიდენტის ინდივიდუალური გადაწყვეტილება კონკრეტულ ადამიანებთან დაკავშირებით. ხოლო ამნისტია არის გარკვეული კატეგორიის მსჯავრდებულების მასობრივი გათავისუფლება და მას პარლამენტი იღებს.
2019 წელს, მე-5 პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით, მოხდა შეწყალების წესის რეფორმა: გაუქმდა შეწყალების კომისია, რომელიც წინა წლებში არსებობდა; შეწყალების საქმეებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესაბამისმა სამსახური ამზადებს; შეწყალებაზე უარის თქმის შემთხვევაში, მსჯავრდებულს განმეორებითი მოთხოვნა 6 თვეში შეუშლია; პრეზიდენტის განკარგულება პენიტენციურ სამსახურს ეგზავნება დაუყოვნებლივ, თუმცა აღსრულების ვადა კანონით არაა დადგენილი.
პრეზიდენტს გადაწყვეტილების მისაღებად შეუძლია კონსულტაციები გაიაროს შესაბამის უწყებებთან ან სპეციალისტებთან, თუმცა ეს არ არის სავალდებულო.
ყაველაშვილის შეწყალება
სინდისის პატიმრების და მათ შორის, მზია ამაღლობელის შეწყალების იმედი საზოგადოებაში მას შემდეგ გაჩნდა, რაც “ქართული ოცნების” პროპაგანდისტებმა ამ თემის წინ წამოწევა დაიწყეს.
მათ რიტორიკაში ხშირად ისმოდა სიტყვა “სინანული”, ამბობდნენ, რომ პატიმრებს უნდა მოენანიებინათ ჩადენილი და ეთხოვათ შეწყალება პრეზიდენტისთვის. ამ რიტორიკას პატიმრებმა ციხეებიდან უპასუხეს. მათ თქვეს, რომ როგორც უდანაშაულო ადამიანები არასოდეს სთხოვდნენ შეწყალებას მიხეილ ყაველაშვილს, “ქართული ოცნების” არალეგიტიმურ პრეზიდენტს.
-
მიხეილ ყაველაშვილი. მოკლედ
მიხეილ ყაველაშვილი – ყოფილი ფეხბურთელი, ულტრამემარჯვენე „ხალხის ძალის“ დამფუძნებელი და 2023 წლის „უცხოეთის აგენტების“ კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი – პრეზიდენტად 2024 წლის დეკემბერში იქნა არჩეული უმეტესად “ქართული ოცნების” წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული კოლეგიის მიერ. ეს იყო პირველი არაპირდაპირი არჩევნები, რომელშიც ოპოზიციამ მონაწილეობაზე უარი თქვა. ყაველაშვილის კანდიდატურა პირადად წარადგინა მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა. კოლეგიის 225 წევრიდან მას 224-მა მისცა ხმა. მისი ლეგიტიმურობა საჯაროდ არ აღიარეს მე-5 პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა,ოპოზიციურმა პარტიებმა, სამოქალაქო სექტორის მნიშვნელოვანმა ნაწილმა, ასევე, კითხვები დასვეს დასავლურმა დიპლომატიურმა წრეებმც.
ყაველაშვილმა ჯერ კიდევ დეკემბერში დაანონსა, რომ ნათლისღებას მსჯავრდებულებს შეიწყალებდა. 14 დეკემბერს ჟურნალისტებმა მას ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს მიერ პოლიტპატიმრების შეწყალების გადაწყვეტილება მოუყვანეს მაგალითად და ჰკითხეს, შეეხებოდა თუ არა შეწყალება სინდისის პატიმრებს. ყაველაშვილმა უპასუხა:
“ადამიანებს, ვისაც სინდისის პატიმრებს ეძახით, დანაშაული აქვთ ჩადენილი. აღიარონ შეცდომები, დავაკვირდებით მოვლენებს, დღეს ვერ და არ გაგცემთ პასუხს, რომ ვინმეს შევიწყალებ”.
დანაშაულის მონანიებაზე აკეთებენ აქცენტს “ქართული ოცნების” წარმომადგენლებიც, მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობაში მსგავსი პირობა არ არსებობს – შეწყალების აქტის გამოსაცემად არ არის აუცილებელი მსჯავრდებულმა შეწყალების თხოვნით მიმართოს პრეზიდენტს. მაგალითად, 2023 წელს იმჟამინდელმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია “მთავარის” დამფუძნებელი ნიკა გვარამია ისე შეიწყალა, რომ გვარამიას მისთვის შეწყალების თხოვნით არ მიუმართავს.
19 იანვრის შეწყალება. კომენტარები
ლევან სანიკიძე, “ნაციონალური მოძროაბის” ერთ-ერთი ლიდერი: „ქართული ოცნება“ ცდილობს აჩვენოს, რომ სამარცხვინო კანდიდატს, რომელიც გამოცხადებული ჰყავთ ე.წ. პრეზიდენტად, ძალაუფლება აქვს – უნდა ეხვეწო, შეწყალებას უნდა დაელოდო… ეს ხალხი ვერ ასხივებს ლეგიტიმაციას, საზოგადოების მხარდაჭერას, მაგრამ ცდილობენ აჩვენონ: „ძალა გვაქვს ხალხო, არ გვაინტერესებს ლეგიტიმურები ვართ თუ არა, აი, ამ დღეში ჩაგყრით!“
ნინო წილოსანი, “ქართული ოცნების” დეპუტატი: კიდევ ერთი აბსურდი გუშინდელ აგორებულ კამპანიაში ის არის, რომ შეწყალებას ითხოვდნენ პრეზიდენტისგან, რომელსაც, მათივე თქმით, არ აღიარებენ… აქციების დროს დაკავებული მოქალაქეები არიან ადამიანები, რომლებიც არცერთ ჯერზე არ აღიარებენ ბრალს და საზოგადოება არ არის დაზღვეული, რომ მათი გამოსვლის შემდგომაც ნაკლებად „რადიკალურები“ გახდებიან.
მარიზი კობახიძე, პოლიტპატიმარ თორნიკე გოშაძის დედა: სადღაც გულის კუნჭულში გვქონდა იმედი იმიტომ, რომ იცი, რომ უდანაშაულოები არიან, მაგრამ გამოიჩინა მარიონეტმა ხელისუფლებამ ის, რომ ალბათ იტყვიან, რომ შეწყალება არ გვთხოვეს, თავი არ დაიმცირეს ვაჟკაცმა ბიჭებმა. ჩვენი პატიმრები ირაკლი ღარიბაშვილს არ ჰგვანან და არც ვიღაც გომელაურებს და ვიღაცებს, ესენი არიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც უკანონოდ სხედან ციხეში. დრო აუცილებლად დადგება, თვითონ აგებენ ყველაფერზე ამაზე პასუხს იმიტომ, რომ არ არსებობს ქვეყანაში რომ არ დამთავრდეს ეს მდგომარეობა იმიტომ, რომ ესენი არ არიან პოლიტიკოსები, ეს არ არის ხელისუფლება, ესენი არიან ძალად დასმული, გაუნათლებელი სპორტსმენები.
რეზო კიკნაძე, პარლამენტთან მიმდინარე აქციების დროს დაკავებული, ჯგუფურ მოქმედებაში მსჯავრდებული: ვუყურებ ქვეყანაში სიტუაციას, დათა თუთაშხიადან არქიფო სეთურის ნახირი მახსენდება და იმას შევადარებდი, ვინც კიდევ მთავრობას უჭერს მხარს… რა უნდა მოვინანიო, ისევ ისე ავიმაღლებ ხმას უსამართლობაზე.
პრეზიდენტის შეწყალება