"პოლონეთში ჩამოვარდნილი რაკეტა რუსული იყო, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის რუსეთისგან იყოს გასროლილი" - რას წერს მსოფლიო პრესა
პოლონეთის რაკეტა არ იყო რუსეთიდან
„რაკეტა, რომელიც 15 ნოემბერს აღმოსავლეთ პოლონეთს ჩამოვარდა და ორი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, დიდი ალბათობით, რუსეთიდან არ იყო გაშვებული“, – თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გვიან ღამით, ბალიში G20-ის სამიტის ფარგლებში მსოფლიო ლიდერების საგანგებო შეხვედრის შემდეგ. შეხვედრას, სხვა ლიდერებთან ერთად, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთის, კანადის, ევროკავშირის, ესპანეთისა და იაპონიის ლიდერები ესწრებიან.
„სპეციალისტები კვლავ აგრძელებენ მომხდარის გარემოებების გამოძიებას, მაგრამ მე მაქვს წინასწარი ინფორმაცია, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს ვარაუდს, რომ რაკეტა რუსმა სამხედროებმა გაუშვეს“, – თქვა მან.
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ განაცხადეს, რომ “რაკეტა, რომელიც უკრაინის საზღვარზე სოფელ პრჟევოდოვში ჩამოვარდა, სავარაუდოდ, რუსული წარმოების იყო”.
„არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ პოლონეთის ტერიტორიაზე დარტყმები შეიძლება განმეორდეს. მაგრამ ნატო მზადყოფნაშია – ჩვენ გავზარდეთ პოლონეთის შეიარაღებული ძალების, მათ შორის საჰაერო თავდაცვის მზადყოფნა. ჩვენი საჰაერო ძალები მხარს დაუჭერენ მოკავშირეებს. ჩვენ მშვიდად და წინდახედულად ვმოქმედებთ“, – განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.
მომხდარზე გამოძიება დაწყებულია. შეერთებულმა შტატებმა უკვე გამოთქვა მზადყოფნა მასში მონაწილეობის მისაღებად. პოლონეთმა სხვა ქვეყნების წარმომადგენლებიც მოიწვია.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა განაცხადა, რომ მთავრობა მუშაობს ინციდენტის ყველა გარემოების დადგენაზე ნატოს პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით.
ამის შესახებ ამერიკელმა სამმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა რომ წინასწარი შეფასებები მიუთითებს იმაზე, რომ რაკეტა, რომელიც პოლონეთში ჩამოვარდა, უკრაინულმა ძალებმა გაუშვეს რუსული რაკეტების ჩამოსაგდებად – იტყობინება AP.
მსოფლიო ლიდერები განსაზღვრავენ შემდგომ ნაბიჯებს მას შემდეგ, რაც გაირკვევა, რა მოხდა ზუსტად.
- გამარჯვება ხერსონში. რა ელის უკაინას და დაკარგავს თუ არა რუსეთი ყირიმს?
- კვლევა: ევროკავშირმა სამჯერ მეტი დახარჯა რუსულ ნავთობსა და გაზზე, ვიდრე უკრაინის დახმარებაზე
- რატომ გახდა ირანული დრონები უკრაინისთვის პრობლემა
რას ნიშნავს “რუსული წარმოების რაკეტა”?
Bellingcat-ის თანამშრომელი ერიკ ტოლერი აღიარებს, რომ საბჭოთა ეპოქის დროს დამზადებული რაკეტებიც შეიძლება მოერგოს ამ განმარტებას. პოლონელმა ექსპერტმა იაროსლავ ვოლსკიმ ტვიტერზე გამოაქვეყნა რაკეტის ნამსხვრევების ფოტო.
OSINT-პროექტის თანახმად, ეს იყო სსრკ-ში შემუშავებული S-300 სისტემის 5V55 სერიის რაკეტის ძრავის ნაწილები.
უკრაინის განცხადებები
ინციდენტის შემდეგ, უკრაინისა და პოლონეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ამ საუბრის კომენტირებისას ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა: ”მე გამოვხატე ჩემი მწუხარება რუსული სარაკეტო დარტყმის შემდეგ პოლონეთის მოქალაქეების დაღუპვის გამო. ჩვენ ასევე განვიხილეთ არსებული ინფორმაცია და გავარკვიეთ ყველა ფაქტი. უკრაინა, პოლონეთი, მთელი ევროპა და მსოფლიო სრულად უნდა იყოს დაცული ტერორისტული სახელმწიფოსგან“.