პოლიტოლოგი პოლიტიკოსი არ არის
ალექსანდრ ისკანდარიანი პოლიტოლოგი, “კავკასიის ინსტიტუტის” დირექტორი
პოლიტიკურ მოღვაწესა და პოლიტოლოგს შორის ისეთივე სხვაობაა, როგორიც ბაყაყსა და ბიოლოგს შორის. პოლიტიკოსი პოლიტიკურ ბრძოლაში მონაწილეობს, რომელიმე პარტიას უჭერს მხარს და პოლიტიკური წარმატებების მიღწევას ცდილობს. მე არ ვარ დაკავებული იმით, რაც ზემოთ ვახსენე. პოლიტიკოსისგან არასდროს გამოვა კარგი პოლიტოლოგი; მაშინაც კი, თუკი ის პოლიტიკიდან წავა.
მიხარია, რომ იმ პროფესიით ვარ დაკავებული, რომელიც ახლოსაა ჩემს ბუნებასთან. თუკი ადამიანს მისი პროფესია ბედნიერებას არ ანიჭებს, მაშინ ეს ადამიანი უბედურია. ეს განსაზღვრება განსაკუთრებით აქტუალურია, როდესაც საუბარი მამაკაცებს ეხებათ. ჩვენთვის პროფესია ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. თუკი ქალს შეუძლია, რომ პირად ცხოვრებაში, ოჯახში, შვილებთან ურთიერთობაში ნახოს ბედნიერება და სამსახურზე მაინცდამაინც არ იღელვოს, მამაკაცების შემთხვევაში ყველაფერი სხვაგვარადაა.
არ ვიძლევი ინტერვიუს ჩემი პირადი ცხოვრების შესახებ. ცხადია, მყავს ცოლი და შვილები და ამ მხრივ, ღვთის წყალობით, ყველაფერი კარგადაა, მაგრამ მირჩევნია, ამ საკითხზე საჯაროდ არ ვისაუბრო. მხოლოდ ჩემს ცოლს ვეუბნები, თუ როგორ მიყვარს. თვითმფრინავებზე მიხატულ გულებს და საჯაროდ გამოხატული სიყვარულის ამგვარ გამოვლინებებს იუმორით ვუყურებ.
ათობით წიგნს ერთდროულად ვკითხულობ. უკვე დიდი ხანია, დროის სიმცირის გამო, ვეღარ ვკითხულობ მხატვრულ ლიტერატურას. ამ მხრივ, პოლიტოლოგის ცხოვრება არც ისე მარტივია. ბოლო 30 წელია, უქმეები აღარ მაქვს და ყოველ დღე 5-6 საათის განმავლობაში ახალ ამბებს ვეცნობი.
ჩემი ცოლი ამბობს, რომ მუშაობასა და დასვენებას ერთდროულად ვახერხებ. ჩემთვის დასვენება მეორეხარისხოვანია. ბიზნესმენიც ხომ 24 საათის განმავლობაში თავისი საქმით არის დაკავებული?
დიდ სიამოვნებას მანიჭებს ეთნიკური მუსიკა. ეთნიკური მუსიკის ფირფიტების საკმაოდ დიდი კოლექცია მაქვს. ეს დისკები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოვიტანე. საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. ზოგჯერ ფული მენანებოდა. ახლა ამის ყიდვაც აღარ არის საჭირო – ინტერნეტი სავსეა ასეთი მუსიკით.
პოსტსაბჭოთა თაობა საბჭოთა ხელოვნების ღირებულებას ვერ აცნობიერებს. ბოლო წლებია, ვაგროვებ საბჭოთა კერამიკას… და არამხოლოდ… საბჭოთა კავშირის სიმბოლოებს… არც ისე ძვირ ნივთებს.. რამდენიმე დოლარად ფაიფურის ისეთი ქანდაკების შეძენა შეიძლება, რომელსაც ძალიან მალე დიდი ფასი დაედება. ძველებურ ნივთებში სილამაზე ჩანს. თუმცა, ნუ იფიქრებთ, რომ საბჭოთა პერიოდის ნივთებს იმიტომ ვყიდულობ, რომ შემდეგ ციხე-სიმაგრე ავიშენო. არა.
თუკი ყველა მაკრიტიკებს და გამყიდველს მეძახის, სიამოვნებას ვიღებ. ანუ, გამოდის, რომ ობიექტური და ნეიტრალური ვარ. ექიმი, რომელსაც ფილტვების ანთების მკურნალობა უყვარს, მაგრამ კუჭის წყლულის მკურნალობას ერიდება, ექიმი არ არის. ან რა ფიზიკოსია, რომელსაც პროტონები უყვარს და ნეიტრონები არა. მე პოლიტოლოგი ვარ. ჩემი პროფესია მიყვარს, და არა რომელიმე მხარე, პარტია, ხელისუფლება, ან ოპოზიცია.