პირველი თოვლი თბილისში: პარალიზებული მოძრაობა და თოვლში ჩარჩენილი მანქანები
გზების პარალიზება და სხვადასხვა სახის ინციდენტები მოჰყვა პირველ თოვლს თბილისში.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ამ დროისთვის გამოძახებების უმრავლესობა მოტეხილ ხის ტოტებსა და თოვლში ჩარჩენილ ავტომობილებს ეხება.
სულ, დიდთოვლობის გამო, 112-ში ამ დროისთვის 140-ზე მეტი შეტყობინებაა შესული.
მათივე ინფორმაციით, ამ შემთხვევების შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა დაზიანდა 26 ავტომობილი და დაფიქსირდა შემთხვევები, როცა მოტეხილმა ხის ტოტებმა დააზიანა ელექტროსადენები.
“დიდთოვლობამ ავტობუსის გაჩერების, მოქალაქეთა მოსაცდელი წააქცია წყნეთში. შედეგად დაზიანება მიიღო არასრულწლოვანმა, თუმცა ის კონტაქტურ მდგომარეობაში შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს“, – აცხადებენ უწყებაში.
თვითმხილველები ყვებიან, რომ საცობების გამო, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დროულად მისვლა ვერ მოახერხა და ბავშვი კლინიკაში კერძო მანქანით გადაიყვანეს.
კახა კალაძე: თუ ზამთრის საბურავები არ გიყენიათ, თავი შეიკავეთ მოძრაობისგან
განცხადება გააკეთა დედაქალის მერმა კახა კალაძემაც. მან მოქალაქეებს მოუწოდა, ზამთრის საბურავების გარეშე, თავი შეიკავონ მანქანით გადაადგილებისგან:
“გვაქვს კონკრეტული ლოკაციები, სადაც საცობები შეიქმნა. იმ ავტომობილების გამო, რომელთაც ზამთრის საბურავები არ უყენიათ, გზა ჩაიხერგა“.
მისივე თქმით, ქალაქში ტექნიკური მარილის დაყრა და გზის გაწმენდის სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.
“გამგეობები ჩაერთვებიან შიდასაუბნო გზების გაწმენდის პროცესში. სამუშაოები მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება, სანამ პრობლემა არ მოგვარდება”, – თქვა კალაძემ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 თებერვლამდე საქართველოში ცივი და ნალექიანი ამინდები შენარჩუნდება.