საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო ხდება.
12 ივნისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 837 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 3213 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 303 პირი. კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 697 გამოჯანმრთელდა და 13 გარდაიცვალა.
კანონის მიხედვით, დახურულ საჯარო სივრცეში ყოფნისას პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო ფიზიკური პირი 20, დახურული საჯარო სივრცის მფლობელი იურიდიული პირი კი 500 ლარით დაჯარიმდება.
საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მეტროთი და ტაქსით გადაადგილებისას პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის მგზავრიც და მძღოლიც 20 ლარით დაჯარიმდებიან.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მთავრობის რეგულაციით იკრძალება ქორწილის, დაბადებისდღის, ქელეხის და სხვა მსგავსი “სოციალური ღონისძიებების” გამართვა.
ქელეხის, ქორწილის, დაბადების დღის ან სხვა ხალხმრავალი წვეულების (10 კაცზე მეტი) ყველა მონაწილე 2000 ლარით დაჯარიმდება, ის რესტორანი და დაწესებულება კი, სადაც ეს ღონისძიება გაიმართება, 10 000 ლარით.
კვლავ ძალაში რჩება 10-ზე მეტი ადამიანის შეკრების აკრძალვა.
კანონპროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს გადაეგზავნება და ძალაში მხოლოდ მისი ხელმოწერის შემდეგ შევა.
კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. კორონავირუსის პანდემიის შესაჩერებლად 21 მარტიდან 23 მაისამდე საქართველოში საგანგებო მდგომარეობა იყო გამოცხადებული.
კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნის პირველი ეტაპი საქართველოში 27 აპრილიდან ამოქმედდა.15 ივნისიდან საქართველო შიდა ტურიზმის განახლებას გეგმავს, 1 ივლისიდან კი საზღვრების გახსნას და უცხოელი ტურისტების მიღებას.