პაველ ჰერჩინსკი: საქართველომ შესაძლოა ევროკავშირში ინტეგრაციის ისტორიული შანსი დაკარგოს
პაველ ჰერჩინსკის კომენტარი
საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის თქმით, საქართველომ შესაძლოა ევროკავშირში ინტეგრაციის ისტორიული შანსი დაკარგოს. ასევე, ელჩი გამოეხმაურა დონალდ ტუსკის განცხადებას ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებასთან დაკავშირებით და განმარტა, რომ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა უმრავლესობა საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების წინააღმდეგია.
პოლონეთის პრემიერმინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ მისი მთავრობა მუშაობს ევროკავშირის ქვეყნებთან ერთად, რათა შეიზღუდოს ან გაუქმდეს საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი. ეს განცხადება ტუსკმა პოლონეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
“ვცდილობთ შევქმნათ საჭირო უმრავლესობა იმისთვის, რომ შევზღუდოთ ან შევაჩეროთ უვიზო მიმოსვლა საქართველოსთან და სხვა ქვეყნების შემთხვევაშიც. კი, ეს ჩემი განზრახვაც არის. თანაც იმ აზრით, რომ მესმის — ქართველების მესამედი ნამდვილად იზიარებს ჩვენს ღირებულებებს, მაგრამ ვიცით, რა არის პრობლემა.
ბოდიშს ვუხდი ქართველებს, თუ ეს განცხადება შეურაცხმყოფელია, მაგრამ ზოგადად, ვუჭერ მხარს უვიზო მიმოსვლის შეზღუდვას იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც, როგორც საქართველოს შემთხვევაში, აღარ სცემენ პატივს დემოკრატიას; ან საიდანაც მიგრაცია ქმნის საფრთხეს კანონისთვის როგორც პოლონეთში, ასევე ევროპაში.“ – თქვა პოლონეთის პრემიერმა.
რას ამბობს ევროკავშირის ელჩი
“ცხადია, იბადება კითხვა, დამსახურებულია თუ არა ეს განსაკუთრებული ურთიერთობა, რომლითაც საქართველო სარგებლობს. წევრი სახელმწიფოები მსჯელობენ, თუ რა შეიძლება გაკეთდეს და ერთ-ერთ იდეად სწორედ უვიზო რეჟიმის შეჩერება ისახება. ეს წევრ სახელმწიფოებზეა დამოკიდებული და მათმა ორმა-მესამედმა უნდა გადაწყვიტოს. აღნიშნული განხილვა უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. ამ ეტაპზე იმას ვიტყოდი, რომ წევრი სახელმწიფოების უმრავლესობა ამას ეწინააღმდეგება. ძალიან მარტივი მიზეზის გამო – ჩვენ არ გვსურს, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილებების საფასური რიგითმა ადამიანებმა გადაიხადონ.
სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ამ ეტაპზე უვიზო რეჟიმი დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის შეგვეჩერებინა და არა ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის. თუმცა, დისკუსია გრძელდება – ყველაფერი წევრ სახელმწიფოებზეა დამოკიდებული. მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, რომ ამ ეტაპზე, საქართველოს მოქალაქეებს კვლავ შეუძლიათ ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლით სარგებლობა.
ჩემი საქმე არ არის, ვუთხრა რომელიმე პარტიას რა გააკეთოს ან რა არა. მე მსურს ქართველებს შორის დიალოგი ვიხილო. იმედს ვიტოვებ, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია გაიმარჯვებს – ყველა პოლიტიკური ძალა, რომელიც მხარს უჭერს ევროკავშირში ინტეგრაციის, ამას ეროვნულ პრიორიტეტად აღიქვამს, ხოლო განსხვავებები, რომლებიც ნორმალურია ნებისმიერი დემოკრატიისთვის, დაძლეული იქნება და საქართველო დაუბრუნდა ევროინტეგრაციის გზას.
გაფართოება წინ მიიწევს, რაც ევროკომისიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენ სწრაფად მივდივართ წინ უკრაინასთან და მოლდოვასთან მიმართებაში, ხოლო საქართველოსთან, ეს პროცესი ჩიხშია, რაც უკიდურესად სამწუხაროა და ვშიშობ, რომ საქართველომ შეიძლება დაკარგოს ეს ისტორიული შანსი.”
კომენტარი
“ქართული ოცნების” პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე დონალდ ტუსკის გამოსვლას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს იყო შანტაჟი. იგი ამტკიცებს, რომ საქართველოს ამჟამინდელი კურსი მისი მოქალაქეების არჩევანია და მას ყველამ პატივი უნდა სცეს.
“რა თქმა უნდა, ეს ძალიან სამწუხარო და დასანანია. გუშინ ჩვენ პოლონეთის პარლამენტში მოვისმინეთ მუქარა ქართველი ხალხის მიმართ, რაც ბუნებრივია საქართველოში ევროპული ბიუროკრატიის იმიჯზე დადებითად არ აისახება. იმედი მაქვს, რომ მომავალში დამოკიდებულება შეიცვლება. არ შეიძლება ასე ემუქრებოდნენ ქართველ ხალხს იმის გამო, რომ ვიღაცებს არ მოსწონთ ქართველი ხალხის არჩევანი. ქართველმა ხალხმა გააკეთა თავისი არჩევანი. შარშან, მან მხარი დაუჭირა ქვეყნის განვითარებას, მშვიდობას ქვეყანაში, საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას. ვინმეს მოსწონს თუ არა ეს არჩევანი, ყველამ მას პატივი უნდა სცეს. აბსოლუტურად უადგილოა მუქარები ქართველი ხალხის მიმართ.
ვფიქრობ, ეს არის შანტაჟი, რომელიც არის გათვლილი იმაზე, რომ შეიძლება პროცესები სხვა მიმართულებით განვითარდეს ქვეყანაში. თუმცა რეალურად ყველა ხედავს, რომ ასეთი შანტაჟი, რომელიც მრავალი წელია გრძელდება, არ მოქმედებს ქართველ ხალხზე. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ზოგადად შანტაჟი შანტაჟად დარჩება, თუმცა ასეც და ისეც ეს მუქარები არის ძალიან დასანანი და სამწუხარო.” – თქვა კობახიძემ.