PACE-ს ანგარიში: დამკვირვებლების მანქანას საარჩევნო უბანთან საბურავი გაუხვრიტეს და მანქანა დააჯახეს
PACE-ს ანგარიში არჩევნებზე
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE-ს) ანგარიშის მიხედვით, საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დღეს მისი სადამკვირვებლო მისიის წევრების ავტომობილს საბურავები გაუხვრიტეს და მანქანა დააჯახეს.
PACE-ის მიერ 28 ნოემბერს შედგენილ ანგარიშს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა 2025 წლის 27 იანვარს სტრასბურგში, ზამთრის სესიაზე განიხილავს.
ანგარიშის თანახმად, ინციდენტი, რომელსაც PACE “მიუღებელს“ უწოდებს, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბეში მოხდა.
“დაახლოებით 40-მა არამეგობრულად განწყობილმა, დაკუნთულმა პირმა საარჩევნო უბნის გარეთ [PACE-ს სადამკვირვებლო] გუნდის ავტომობილი მიზანმიმართულად დააზიანა – ავტომობილს საბურავი გაუხვრიტეს, რის შემდეგაც დამნაშავეებმა სცადეს, მოეხდინათ ავტოსაგზაო შემთხვევის ინსცენირება, რისთვისაც უკვე დაზიანებულ მანქანას შეაჯახეს ძველი ავტომობილი“, – ვკითხულობთ ანგარიშში.
გარდა ამისა, ანგარიშში ხაზგასმულია სხვადასხვა ტიპის დარღვევები, რომლებმაც, PACE-ს შეფასებით, “მნიშვნელოვნად გამოუთხარა ძირი საარჩევნო პროცესის სამართლიანობას და მისი შედეგების ლეგიტიმაცია ეჭვქვეშ დააყენა”.
ანგარიშის მთავარი მიგნებები
- ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, რაც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმა საარჩევნო უბნების მეოთხედზე დააფიქსირეს; ამ პრობლემამ, PACE-ს თანახმად, “არჩევნების მთლიანობას ძირი გამოუთხარა“;
- სახელმწიფო ინსტიტუტების პოლიტიზება; ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება, ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციების დარეგისტრირება “გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტად”; ასევე, კითხვის ნიშნები ცესკოს მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით;
- “არათანაბარი სათამაშო პირობები“ პარტიებს შორის და “ქართული ოცნების“ მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება; ასევე, არათანაბარი წვდომა მედიაზე და მედიის პოლარიზაცია;
- დაშინებისა და ზეწოლის ფართოდ გავრცელებული კლიმატი, რომელიც მიზანში იღებდა ამომრჩევლებსა და აქტივისტებს; “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი“;
- კონტროლირებული გარემო: ატმოსფერო, სადაც „დიდი ძმა გიყურებს“, რაც შექმნა „ქართული ოცნების“ მიერ საარჩევნო უბნებზე ვიდეოკამერების დამონტაჟებამ, რამაც გააჩინა თვალთვალის ფართოდ გავრცელებული შეგრძნება.
- დემოკრატიული უკუსვლა.
● 20 დეკემბერს ეუთო/ოდირმა საქართველოს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე საბოლოო დასკვნა გამოაქვეყნა, რომელშიც ვკითხულობთ, რომ არჩევნები შემაშფოთებელ ფონზე მიმდინარეობდა.
● დასკვნაში საუბარია ხმის ფარულობის დარღვევისა და ამომრჩეველზე ზეწოლაზე. მათივე ცნობით, არჩევნები OSCE/ODIHR-ის მიერ გაცემული რეკომენდაციებით და სტანდარტებით არ ჩატარებულა.
● ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ბოლო პერიოდში მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა ნეგატიური გავლენა მოახდინა ძირითად თავისუფლებებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე, შეამცირა საარჩევნო პროცესში ჩართული ინსტიტუტების დამოუკიდებლობა და გაზარდა ამომრჩეველზე ზეწოლა.
● მათი განმარტებით, ეს საკითხები, არჩევნების დღეს დაფიქსირებულ დარღვევებთან ერთად, გავლენას ახდენდა ამომრჩეველთა ნაწილზე, რომელთაც შეეშინდათ, რომ ხმის მიცემისას რეპრესიების მსხვერპლი გახდებოდნენ.
● ამასთან, საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიში 24 დეკემბერს გამოაქვეყნა, რომელშიც ვკითხულობთ, რომ ეს არჩევნები ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფების და ადამიანის ფუნდამენტური თავისუფლებების გაუარესების გამო საზოგადოების მზარდი უკმაყოფილებს ფონზე ჩატარდა.
ანგარიშში ნათქვამია, რომ მისიამ არჩევნების პროცესში მნიშვნელოვანი დარღვევები დააფიქსირა და ოთხი ძირითადი გამოწვევა გამოყო. ესენია: არათანაბარი პირობები და სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენება, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციური პარტიების შევიწროება და ამომრჩეველთა სისტემატური დაშინება, საარჩევნო და სასამართლო ინსტიტუტების სახელმწიფოს მიერ მიტაცება და არჩევნების შედეგების საზოგადოებრივი უარყოფა.