პაატა ზაქარეიშვილი: ირაკლი ღარიბაშვილმა მიანიშნა, რომ ჩვენ გვინდა მშვიდობა რუსეთთან
პაატა ზაქარეიშვილი ირაკლი ღარიბაშვილზე
პოლიტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა გადაცემა „360 გრადუსში“ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის საგარეო ვიზიტების დროს გაკეთებული განცხადებები შეაფასა. მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილმა მიანიშნა, რომ “ჩვენ გვინდა” მშვიდობა რუსეთთან და საქართველოს ხელისუფლებას აღარ სჭირდება დასავლეთი. ზაქარეიშვილის თქმით, პრემიერმინისტრმა კატარის ეკონომიკურ ფორუმზე ბევრი თვალშისაცემი ტყუილი თქვა.
„ძალიან არაკეთილსინდისიერ განცხადებებს აკეთებს ღარიბაშვილი, უფრო და უფრო ხშირად. სამწუხაროდ, რაც მეორედ დაინიშნა პრემიერ-მინისტრად, მისი განცხადებები არის უაღრესად ხისტი, არაკეთილსინდისიერი, არ შეესაბამება რეალობას, არაადეკვატური რეალობასთან მიმართებაში.
ბოლო დროს წამოვიდა პირდაპირ მამალი ტყუილები. მაგალითად ერთ-ერთი შემაშფოთებელი ტყუილი იყო, რომ მთელი მსოფლიო მუშაობდაო ჰიტლერთან მშვიდობის დასამყარებლად. მთელი მსოფლიო მუშაობდა ჰიტლერის გასანადგურებლად და არავინ არ ეძებდა ჰიტლერთან საერთო ენას და არ ფიქრობდა, რომ მშვიდობა დამყარდებოდა. ამით რუსეთზე მიანიშნა, რომ ჩვენ გვინდა მშვიდობა რუსეთთან. ასეთი ტყუილები არის უამრავი.
კატარში რაც თქვა, ძალიან თვალშისაცემი ტყუილია. ჯერ ერთი 1 მილიარდიანი სავაჭრო ურთიერთობა არ გვაქვს რუსეთთან, 2 მილიარდზე მეტი გვაქვს. ევროკავშირს ჰქონდა 27 მილიარდი. ის მანიპულირებს აბსოლუტური ციფრებით და არა პროცენტებით. ევროკავშირის რუსეთთან ვაჭრობა შემცირდა 27-დან 7 მილიარდამდე, ევროკავშირი ამცირებს, ხოლო ამ დროს საქართველო რუსეთთან ვაჭრობას ზრდის და ზრდის. 2-3-ჯერ გაიზარდა საქართველო-რუსეთის ვაჭრობა“, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
პოლიტოლოგის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს:
„საქართველო ყველანაირად ცდილობს, რომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. საქართველოს ხელისუფლებას უნდა, რომ შეინარჩუნოს ძალაუფლება, ხოლო კანდიდატის სტატუსი, დემოკრატიზაცია, დამოუკიდებელი სასამართლო ეს მიიყვანს ძალაუფლების დაკარგვამდე, ამიტომ, მას აღარ სჭირდება დასავლეთი და ყველა მიზეზს ეძებს, რათა უარი მიიღოს ამ მიმართულებით.“
● TI-ს კვლევა: ღარიბაშვილი რუსეთთან ფრენების გასამართლებლად სხვადასხვა ფაქტებით მანიპულირებს
● რუსული თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში დაეშვა. რა გამოხმაურება მოჰყვა ამ ფაქტს
● ღარიბაშვილი: კეთილი ინებონ მეგობრებმა და გაგებით მოეკიდონ – რუსეთთან ვაჭრობა ჩვენს ინტერესშია. კიდევ რა თქვა პრემიერმა
საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კატარის ეკონომიკური ფორუმის პანელურ დისკუსიაზე გამოსვლისას კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ 20% უკრაინის ტერიტორიისა უკვე არის რუსეთის მიერ ოკუპირებული და “არავინ იცის როდის” დამთავრდება ეს ომი. მისივე თქმით, ყველას უკვირს, რომ უკრაინამ “ამდენი ხანი” გაძლო.
პრემიერი ასევე შეეხო რუსეთთან ფრენების აღდგენას და განაცხადა, რომ ეს “ჩვეულებრივი” ამბავია. ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ გაიმეორა პროპაგანდისტული გზავნილები და თქვა, რომ ამ კრიზისის განმავლობაში ჩინეთს ძალიან ჭკვიანური მიდგომა აქვს – მედიაციას ცდილობს უკრაინასა და რუსეთს შორის.