ექვსმა ოპოზიციურმა პარტიამ ერთიანობის დეკლარაციას მოაწერა ხელი. რას ნიშნავს ეს?
ოპოზიციის გაერთიანება
ექვსმა ოპოზიციურმა პარტიამ ხელი მოაწერა „ქართული ოპოზიციის ერთიანობის დეკლარაციას“, რომელიც გულისხმობს გაერთიანებას როგორც არჩევნებამდე, ასევე, არჩევნების მერე.
პარტიები ამბობენ, რომ ერთიანდებიან „ქართული ქარტიის“ და ქარტიის მიზნების გარშემო, როგორც ის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა წარადგინა.
- ოპოზიციურმა პარტიებმა “ქართულ ქარტიას” ხელი მოაწერეს. პრეზიდენტის ინიციატივას “საქართველოსთვის” და “გირჩი” არ შეუერთდა
- რა შემთხვევაში დამარცხდება “ქართული ოცნება” არჩევნებში? ვახუშტი მენაბდის მოსაზრება
ეს ოპოზიციური პარტიები არიან: : „ნაციონალური მოძრაობა“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „ახალი“, „ლელო“, „დროა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“.
პარტიებმა დოკუმენტს ხელი ბრიუსელში მოაწერეს და შეთანხმდნენ, რომ:
- გაათავისუფლებენ ბიძინა ივანიშვილის მიერ მიტაცებულ სახელმწიფოს ოლიგარქიისა და მის მონობაში მყოფი პარტია „ქართული ოცნების“ მმართველობისგან;
- დააბრუნებენ საქართველოს ევროკავშირში სწრაფი ინტეგრაციის გზაზე;
- გააკეთებენ ყველაფერს, რათა გაერთიანდნენ და დამაჯერებლად გაიმარჯვონ არჩევნებში.
პარტიები დებენ პირობას, რომ დაიცავენ თითოეული ამომრჩევლის ხმას და გააკეთებენ ყველაფერს, რომ 5%-იანი ბარიერის გადალახვა არ გახდეს პრობლემა.
ასევე, აცხადებენ, რომ:
- არაუგვიანეს 2024 წლის 8 ივლისამდე, მონახავენ ერთიანობის ყველაზე ეფექტიან კონფიგურაციას;
- მოერიდებიან ერთმანეთზე თავდასხმებს;
- შეთანხმდებიან არჩევნების შემდეგ ერთიანი მმართველი კოალიციის ჩამოყალიბებაზე;
- აიღებენ ვალდებულებას, რომ ახალ პარლამენტში არ მისცენ ხმა ისეთი მთავრობის ფორმირებას, რომელშიც “ქართული ოცნება” მიიღებს მონაწილეობას;
- საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს დაუჭერენ ერთიან საპრეზიდენტო კანდიდატს;
დეკლარაციის ხელმომწერები აცხადებენ, რომ ისინი სთხოვენ დასავლელ პარტნიორებს, გამოიყენონ ყველა არსებული საშუალება, რათა დაიცვან საქართველოს მოქალაქეების უფლება, მონაწილეობა მიიღონ სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებში: “რადგან ამის შესაძლებლობა შეიძლება გამიზნულად შეიზღუდოს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ“.
დეკლარაციის ხელმომწერი პარტიები მოუწოდებენ OSCE/ODIHR-ს, ევროპარლამენტს, ევროპის საბჭოსა და სხვა უწყებებს, უზრუნველყონ საპარლამენტო არჩევნებზე გრძელვადიანი დაკვირვება.
ოპოზიციის გაერთიანება