ოპოზიცია თბილისში საერთო მაჟორიტარებზე შეთანხმდა
გაერთიანებული ოპოზიცია, სადაც 31 პოლიტიკური პარტია შედის, თბილისში მაჟორიტარების საერთო კანდიდატებზე შეთანხმდა.
თბილისში სულ 8 ოლქია.
გაერთიანებული ოპოზიციის შეთანხმებით:
ვაკეში კენჭს ელენე ხოშტარია (ევროპული საქართველო) იყრის
მთაწმინდაზე – შალვა შავგულიძე (თავისუფალი დემოკრატები)
ისანში – გიორგი ვაშაძე ( თავისუფალი საქართველო)
ნაძალადევში – შალვა ნათელაშვილი (ლეიბორისტული პარტია)
გლდანში – ნიკა მელია (ნაციონალური მოძრაობა)
სამგორში – ლევან ხაბეიშვილი ( ნაციონალური მოძრაობა)
თბილისის ორ ოლქში, დიდუბესა და საბურთალოზე, ოპოზიციას საერთო კანდიდატები, ჯერჯერობით, არ დაუსახელებია.
- რაზე შეთანხმდნენ 8 მარტს ოპოზიცია და ხელისუფლება. რას ნიშნავს მოდელი 120/30?
- საქართველოში პოლიტიკა ბრუნდება. ისტორიული საარჩევნო შეთანხმება შეიძლება ჩაიშალოს
“ევროპული საქართველოს” თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის განცხადებით, ამ ორ ოლქში წარსადგენ კანდიდატებზე კონსულტაციები ისევ გრძელდება და გაერთიანებულ ოპოზიციას სურს, რომ თბილისის მაჟორიტარობისთვის ბრძოლაში სხვა პოლიტიკური პარტიები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც ჩაერთონ.
საუბარია საქართველოს მეოთხე პრეზიდენტზე, გიორგი მარგველაშვილზე. როგორც გაერთიანებულ ოპოზიციაში აცხადებენ, თუკი მარგველაშვილი მაჟორიტარობის სურვილს გამოთქვამს, ოპოზიცია მას მხარს დაუჭერს.
2020 წლის 8 მარტს, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები 120/30 მოდელით ჩატარდება: ამომრჩეველი 120 დეპუტატს პროპორციული წესით აირჩევეს, ხოლო 30-ს – მაჟორიტარულ ოლქებში.
საქართველოში არსებული 30 ოლქიდან 8 თბილისზე მოდის.