ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების სამკურნალოდ, უცხოეთის წამყვან კლინიკებში, სახელმწიფო დაფინანსების მისაღებად, განცხადებების მიღება დაიწყო.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, პროგრამის პარტნიორი კლინიკებია:
თურქეთის ანადოლუს სამედიცინო ცენტრი;
ესპანეთის ქირონ სალუდის სამედიცინო ცენტრი;
ისრაელის იხილოვის სამედიცინო ცენტრი.
პროგრამაში მონაწილეობისთვის, მშობელმა ან ოჯახის წარმომადგენელმა უნდა მიმართოს ჯანდაცვის სამინისტროს მიმღებს და ადგილზე გააკეთოს განაცხადი, რისთვისაც საჭიროა:
შეივსოს განაცხადის ფორმა (ფორმას, შესავსებად და ხელმოსაწერად, განმცხადებელი, ჯანდაცვის სამინისტროში მიიღებს);
ბენეფიციარის და განაცხადის წარმდგენის პირადობის (დაბადების მოწმობა/პასპორტი) დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბენეფიციარის ჯანმრთელობის ცნობა;
არსებული დიაგნოსტიკური კვლევების პასუხები (მორფოლოგია, CT. და ა.შ) (ნათარგმნი ინგლისურ ენაზე, ნოტარიულად დამოწმებული).
პაკეტი მოიცავს დიაგნოსტიკასა და სტანდარტული მკურნალობის კურსს: ქიმიოთერაპიას, სხივურ თერაპიას, ოპერაციულ ჩარევას, ასევე პროტონოთერაპიას, პაციენტის საჭიროებებიდან გამომდინარე.
პროგრამის ბენეფიციარი შეიძლება იყოს 18 წლამდე, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე (დაავადებების საერთაშორისო კლასიფიკაციის (ICD) კოდით).
“პაციენტების განაწილება კლინიკებში მოხდება მათი ინდივიდუალური საჭიროებების, კლინიკის შესაძლებლობებისა და პაციენტის ოჯახის არჩევანის გათვალისწინებით. პროგრამის შესახებ, დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 15 05”. – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
2023 წლის 11 ივლისს ცნობილი გახდა, რომ საქართველოში თანამედროვე სტანდარტების ონკოლოგიური ცენტრის გახსნამდე, ყველა ბავშვი საზღვარგარეთ სრულყოფილ მკურნალობას სახელმწიფო დაფინანსებით მიიღებს.
როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, სერვისის მიმწოდებლად, შერჩეულია თანამედროვე სტანდარტების, საერთაშორისო აკრედიტაციის მაღალტექნოლოგიური კლინიკები, სადაც ერთ სივრცეში გაერთიანებულია მომსახურების სრული სპექტრი.
“პროექტის ფარგლებში, პაციენტებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ მაღალხარისხიანი, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო სერვისები, მათ შორის, პროტონოთერაპია, რომელიც, გარკვეული ტიპის სოლიდური სიმსივნის სამკურნალოდ, უკანასკნელი სიტყვაა თანამედროვე მედიცინაში.
მკურნალობის დაფინანსებისთვის წლიური ბიუჯეტი დაახლოებით 30 მლნ ლარს შეადგენს.” – წერია განცხადებაში.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, მოდელი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს როგორც გამოსავლებს, ასევე მიმდინარე პერიოდში სამედიცინო მომსახურეების ხარისხსაც.
“საუბარია წელიწადში დაახლოებით 300 ბავშვზე. ეს არის 150 ახალი შემთხვევა და ის ბავშვები, ვისაც უკვე დიაგნოსტირებული აქვთ ონკოლოგიური დაავადებები.
აქვე იქნება მუშაობა საქართველოში ონკოლოგიური სერვისების განვითარებაზე და ის პარტნიორი კლინიკები, რომლებიც შეირჩნენ პროგრამაში მონაწილეობისთვის გარკვეული კრიტერიუმების საფუძველზე, დაგვეხმარებიან ადგილზე, ქართველი ექიმების მომზადებაში და სამომავლოდ სერვისის გაძლიერებაში.“ – ამბობს გაბუნია.