„ოკუპაცია მძიმე მემკვიდრეობაა, მაგრამ უნდა აღვადგინოთ ტერიტორიული მთლიანობა“ - ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს შინდისთან გმირულად დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგო. მან განაცხადა, რომ ოკუპაცია მძიმე მემკვიდრეობაა, მაგრამ უნდა მოვახერხოთ და აღვადგინოთ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა.
„მათ სამშობლოს, ყველაზე ძვირფასს საკუთარი სიცოცხლე შესწირეს და უდიდესი გმირობისა და თავგანწირვის მაგალითი დაგვიტოვეს. ამით ჩვენი მომავალი თაობა უნდა გაიზარდოს. მინდა, ჩვენი მთავრობის სახელით მათ ოჯახებს ასეთი გმირების გაზრდისთვის მადლობა გადავუხადო, მათი ნათელი სულის წინაშე კიდევ ერთხელ ქედს იხრის. იცით, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მოწინააღმდეგე მხარეს ეგონა თითქოს აქედან მთელი დივიზიონი ებრძოდა, არადა, მხოლოდ 17 ადამიანი იყო. ეს არის სიმამაცისა და ჩვენი ქვეყნის სიყვარულის მაგალითი“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
- ომის დაწყების ორი თარიღი – როგორ გამოეხმაურნენ აგვისტოს ომის წილისთავს საქართველოს პირველი პირები
- “შიდა მტრების დესტრუქციული ქმედებები საფრთხეა ქვეყნისთვის” – რა თქვა პრემიერმა პარლამენტში
- საქართველო და ჩინეთი – რა წერია სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დოკუმენტში
საქართველოს პრემიერის თქმით, მაშინ, როდესაც შინდისში ჩვენი გმირები იბრძოდნენ, საქართველოს პრეზიდენტი მთელმა მსოფლიომ მიწაზე გართხმული იხილა.
„ეს მიუთითებს იმაზე, რომ მაშინ, როდესაც ლომების არმია თავგანწირვით იბრძოდა, მაშინ მათ სათავეში გამყიდველი, მოღალატე, შემარცხვენელი და მხდალი კაცი იდგა. საბედნიეროდ, ქართველმა ხალხმა სწორი განაჩენი გამოიტანა. რა თქმა უნდა, ოკუპაცია მძიმე მემკვიდრეობაა, მაგრამ ჩვენ ჩვენი ჭკუითა და გონიერებით, თანმიმდევრული ნაბიჯებით უნდა მოვახერხოთ და აღვადგინოთ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა“, – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.