გაეროს სპეციალური მომხსენებელი "ოცნების" ხელისუფლების რეპრესიულ კანონმდებლობაზე საუბრობს
“ოცნების” რეპრესიული კანონები
გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა ადამიანის უფლებათა საკითხებში მერი ლოლორმა განაცხადა, რომ საქართველოში ხელისუფლების მიერ მიღებული ახალი კანონები და პოლიტიკური კურსი სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიისა და უფლებადამცველების წინააღმდეგ მიმართულ სისტემურ ზეწოლად იქცა.
მისი შეფასებით, ბოლო წლებში “ქართული ოცნების“ მიერ გატარებულმა პოლიტიკამ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის სივრცე საგრძნობლად შეავიწროვა და დემოკრატიული პროცესები საფრთხის ქვეშ დააყენა.
ლოლორმა განცხადება გაავრცელა საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარებისა და იმ კანონების ფონზე, რომლებიც, მისი თქმით, რეპრესიულ ხასიათს ატარებს. იგი იხსენებს საკუთარ ვიზიტებს საქართველოში და აღნიშნავს, რომ ჯერ კიდევ 2023 წელს დააფიქსირა სამოქალაქო საზოგადოების, კრიტიკული ჟურნალისტებისა და დამოუკიდებელი უფლებადამცველების წინააღმდეგ მიმართული მთავრობის ზეწოლა.
მისი თქმით, 2021 წელს ადამიანის უფლებათა საყოველთაო პერიოდული მიმოხილვის (UPR) შემდეგ მისმა მანდატმა ჟენევიდან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობას რვა ოფიციალური მიმართვა გაუგზავნა, თუმცა არცერთზე პასუხი არ მიუღიათ. მოგვიანებით, ლოლორი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა 2023 წლის ოქტომბერ-ნოემბერში, ხოლო 2024 წლის მარტში ანგარიში წარადგინა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წინაშე.
ვიზიტების დროს, როგორც ლოლორი წერს, აშკარა გახდა ადამიანის უფლებათა დაცვის სივრცის “სერიოზული შევიწროება“, რაც გამოიხატება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, კრიტიკული მედიისა და დამოუკიდებელი უფლებადამცველების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიებში, დაშინებასა და ფიზიკურ თავდასხმებში.
მომხსენებელმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ე.წ. “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს. ლოლორის განცხადებით, 2023 წლიდან ის უფლებადამცველები, რომლებიც კანონს საჯაროდ აკრიტიკებდნენ, მუქარისა და ძალადობის სამიზნეები გახდნენ.
მისი თქმით, 2025 წლის მაისიდან ძალაში შესული ნორმები არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებენ, ავალდებულებს დარეგისტრირდნენ “უცხოური ინტერესების გამტარებელ“ სუბიექტებად და წარადგინონ დეტალური ფინანსური დეკლარაციები.
ლოლორი ასევე იხსენებს 2024 წლის ნოემბრის მოვლენებს, როდესაც პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერება გამოაცხადა. ამას მასობრივი პროტესტი მოჰყვა, რომლის დროსაც, მისი თქმით, გავრცელდა ინფორმაცია ძალის გადამეტებული გამოყენების, დაკავებისას წამებისა და უფლებების ფართომასშტაბიანი დარღვევების შესახებ.
ამავე პერიოდში პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო ცვლილებები შეკრებების, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კანონმდებლობაში, რაც, ლოლორის შეფასებით, სერიოზულად ზღუდავს პროტესტისა და უფლებადაცვითი საქმიანობის შესაძლებლობას.
ამასთან, გაეროს მომხსენებელი სამოქალაქო საზოგადოებისათვის დამატებით საფრთხედ ასახელებს ახალ ინიციატივებს, მათ შორის “უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ აქტს“ (FARA) და ცვლილებებს “გრანტების შესახებ“ კანონში, რომლებიც ორგანიზაციებს მთავრობის თანხმობის გარეშე დაფინანსების მიღებას უზღუდავს.
ლოლორის განცხადებით, ამ კანონების პარალელურად უფლებადამცველები აწყდებიან დისკრედიტაციის კამპანიებსა და სისხლის სამართლის საქმეებს, მათ შორის “საბოტაჟის“ ბრალდებით.
მოხსენებაში განსაკუთრებულად მოწყვლად ჯგუფად დასახელებულნი არიან LGBTIQ+ აქტივისტები, რომელთა წინააღმდეგაც, ლოლორის თქმით, გამოიყენება ე.წ. “ლგბტ პროპაგანდის კანონი“.
ლოლორი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს:
- გააუქმოს “უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ აქტი“ და ბოლო ცვლილებები “გრანტების შესახებ“ კანონში;
- გააუქმოს ბოლო ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონსა და სისხლის სამართლის კოდექსში;
- გააუქმოს კანონი “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“;
- გადახედოს ანტიკორუფციული ბიუროს ფუნქციონირებას და უზრუნველყოს დამოუკიდებელი სასამართლო კონტროლი იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც უფლებადამცველი ორგანიზაციების საბანკო ანგარიშების გაყინვას ეხება;
- იმუშაოს ჩემი ქვეყნის ვიზიტის ანგარიშში მოცემული რეკომენდაციების შესრულებაზე;
- სრულად უზრუნველყოს მშვიდობიანი შეკრების უფლება და თავი შეიკავოს მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის გადამეტებული გამოყენებისგან;
- შეწყვიტოს დისკრედიტაციის კამპანია უფლებადამცველი ორგანიზაციების, უფლებადამცველებისა და ადვოკატების წინააღმდეგ, მათ შორის მაღალი რანგის პოლიტიკოსებისა და სამთავრობო მედიასაშუალებების მხრიდან.
26 იანვარს ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მექანიზმის ფარგლებში საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს ეროვნული ანგარიში (2021-2025) განიხილეს.
ანგარიში “ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ წარადგინა. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში ასევე იყვნენ ბრიტანეთის მიერ სანქცირებული შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე და პარლამენტის წევრი რატი იონათამიშვილი, ასევე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ქეთი ცინცაძე.
ხათუნა თოთლაძემ თავის მოხსენებაში თქვა, რომ მიუხედავად უსაფრთხოების კუთხით არსებული მნიშვნელოვანი გამოწვევებისა, საქართველო რეგიონში ლიდერია მრავალი მიმართულებით. კერძოდ, თოთლაძის მტკიცებით, საქართველოს ხელისუფლებამ გააძლიერა კანონის უზენაესობა და დაამყარა ადამიანის უფლებების დაცვის უმაღლესი სტანდარტი. “ოცნების“ მაღალჩინოსნის თქმით, ეს მრავალ საერთაშორისო რეიტინგშია ასახული.