როგორ ეძებდა საქმროს ჩვენი ბლოგერი
ვიდრე საქმროს ეძებდა, JAMnews-ის ბლოგერმა ნინო ნატროშვილმა გაიგო, რომ თურმე გათხოვება ეროვნული საქმე ყოფილა.
წაიკითხეთ მისი ისტორია.
______________
მხოლოდ ოჯახის შექმნის მიზნით
ერთ დილას Facebook-ის მეხსიერებამ ჩემი ერთი წლის წინათ გადაღებული ფოტო შემახსენა: ბანკომატზე პატარა სარეკლამო განცხადებაა გაკრული. “გთავაზობთ, იპოვოთ ცხოვრების თანამგზავრი და აღმოაჩინოთ ბედნიერება”.
ტელეფონი მოვიმარჯვე და მითითებული ნომერი ავკრიფე.
– გამარჯობა,
– გამარჯობა, – მიპასუხა კაცის ხმამ.
– გაცნობა-დაოჯახების ცენტრია, ხომ?
– დიახ,
– იცით რა, თქვენი დახმარება მჭირდება და როგორ უნდა მოვიქცე?
– თქვენი სახელი?
– ნინო.
– ასაკი?
– მალე 33-ის ვხდები.
– არ არის პრობლემა. რეგისტრაციის გასავლელად დავით ბაქრაძის ქუჩაზე უნდა მობრძანდეთ. პირადობის მოწმობა და 1 ფოტოსურათი არ დაგავიწყდეთ.
– ფოტო როგორი უნდა იყოს?
– როგორიც გინდათ, მაგრამ სასურველია, დიდი ფოტო მოიტანოთ: 9X13 ან 10X15.
– და თანხა?
– 12-თვიანი რეგისტრაცია 70 ლარი ღირს.
– და შემიძლია დარწმუნებული ვიყო, რომ კანდიდატს აუცილებლად შემირჩევთ?
– საკმაოდ დიდი ბაზა გვაქვს. ანკეტებს, ფოტოებს განახებთ და ვინც მოგეწონებათ, გადაარჩევთ. მერე იმ ადამიანს ჩვენ დავურეკავთ, თქვენთან დაკავშირებით დაველაპარაკებით, და თუ ისიც თანახმა იქნება, ერთმანეთს გაიცნობთ.
– თანხა ახლავე უნდა გადავიხადო?
– როცა ოჯახს ქმნი და სიყვარულს ეძებ, იქ თანხაზე არ საუბრობენ. რეგისტრაციიდან 10 დღეში ბანკში უნდა გადაიხადოთ.
– გასაგებია.
– სხვათა შორის, თუ არ მუშაობთ და სოციალურად დაუცველი ხართ, შეღავათსაც გაგიკეთებთ.
– არა, მადლობა, ნახვამდის.
გადავწყვიტე, ექსპერიმენტი ბოლომდე მიმეყვანა. მეორე დღეს უკვე ბაქრაძის ქუჩას მივუყვები. გასული საუკუნის 80-იანებში აშენებულ, საბჭოთა სტილის, კონდიციონერებით დახუნძლულ შენობას შორიდანვე ვხედავ. ლიფტიდან გამოსული ნახევრად ბნელ დერეფანში გავდივარ, ერთ-ერთ კართან ნაცნობ სარეკლამო ფოტოს ვამჩნევ. ფრთხილად ვაკაკუნებ.
ოთახში ახალგაზრდა ქალი ზის, ღიმილით მხვდება. სანამ სალომე ანკეტას ამზადებს, ოთახის დათვალიერებასაც ვასწრებ.
აქაურობა სულ სხვანაირი წარმომედგინა – ისეთი, როგორიც ჰოლივუდის ფილმებშია. თუმცა, წითელი გულებისა და ფუმფულა კუპიდონების ნაცვლად, კედლებზე დროშები და ყოფილი პრემიერის ფოტოებია გაკრული. ერთ მხარეს ჟურნალ “კრისტალის” ყდების გამოფენაა. ერთ-ერთ ყდას აწერია – “მიტოვებულ ასულთა ინსტრუქციები.”
მზერა კედლის იმ მხარეს გადამაქვს, სადაც ბევრი ფოტოა ჩამწკრივებული: ფოტოებიდან წყვილები მიღიმიან.
“ეს ადამიანები თქვენი ცენტრის დახმარებით დაუკავშირდნენ ერთმანეთს?”- ვეკითხები სალომეს და ვცდილობ, რაც შეიძლება აღფრთოვანებული და იმედიანი ხმა მქონდეს.
“დიახ, მთელ კედელზე გვქონდა გაკრული, მაგრამ აღარ ეტეოდა და რაღაც ნაწილი ჩამოვხსენით,” – ამაყად მპასუხობს ის და აქვე პირველ საანკეტო შეკითხვასაც აყოლებს: თქვენი სიმაღლე და წონა?
შემდეგ სტანდარტული კითხვების სერია იწყება: ჩემი ზოდიაქო, ვარ თუ არა ქორწინებაში ნამყოფი, მყავს თუ არა შვილები, მშობლები, და ან ძმა, პროფესია, განათლება, სამუშაო ადგილი, მაქვს თუ არა ბინა და ავტომობილი, ვსვამ თუ არა სპირტიან სასმელებს და ვეწევი თუ არა სიგარეტს.
ცოტა მომწყინდა და ვფიქრობ, რომ აქაურობა ჩემი ბავშვობისდროინდელ მოგონებას ჰგავს – საბჭოთა ყაიდის საქსტატის შენობას, სადაც დედაჩემს სამსახურში დავყავდი ხოლმე.
“რამდენიდან რამდენ წლამდე ადამიანის გაცნობას ისურვებდით?” – მაფხიზლებს სალომე.
“ჰმ… არასდროს მიფიქრია ამაზე. იყოს 40 წლამდე,” – ვპასუხობ მე.
მერე ცოტა უფრო საინტერესო ნაწილი მოდის. უნდა ჩამოვთვალო, რა ღირსებებით უნდა იყოს შემკული ჩემი მომავალი მეუღლე.
– უმაღლესი განათლება აუცილებელია, ხომ?
– ალბათ, დასაქმება და საკუთარი ბინაც, არა?
ყველაფერზე თავს ვუქნევ. კომპრომისზე არ მივდივარ.
– შეიძლება, რომ განქორწინებული იყოს?
– ალკოჰოლის მოხმარებასთან როგორი დამოკიდებულება გაქვთ? – შეკითხვას შეკითხვაზე მისვამს სალომე.
იდეალური მამაკაცის პორტრეტი რომ დაიხატა, სალომე ფურცელზე დაწერილ საბანკო ანგარიშს მაწვდის. როგორც კი 70 ლარს გადავიხდი, გაცნობა-დაოჯახების ცენტრი ჩემთვის საქმროს ძიებას შეუდგება. სალომე მაიმედებს, რომ 1 კვირიდან 2 თვემდე ვადაში ბედნიერება კარზე მომიკაკუნებს, უფრო სწორად – ჯერ მობილურზე დამირეკავს.
გათხოვება ეროვნული საქმეა
რამდენიმე დღეში ისევ ბაქრაძის ქუჩაზე ვარ. არა, ჩემი საბედო არ გამოჩენილა. ამჯერად საპატარძლოს ნიღაბი მოვიხსენი და აქ როგორც ჟურნალისტი ისე მოვედი.
უკვე 16 წელია, თბილისში გაცნობა-დაოჯახების ცენტრი ფუნქციონირებს. იგი საქართველოს დემოგრაფიული განვითარების ფონდის დაქვემდებარებაშია. ფონდის პრეზიდენტი დავით ხიზანიშვილი ამბობს, რომ ფონდი ეროვნულ საქმეს ემსახურება – მიზნად ერის გამრავლებას ისახავს.
“ეს არის საქმე, რომელიც ხალხსაც გამოადგება და ქვეყანასაც. საქართველოში ბევრი დასაოჯახებელი ადამიანია, რომლებსაც მართლაც სჭირდებათ დახმარება და ხელშეწყობა. ერი რამენაირად ხომ უნდა გამრავლდეს,” – ემოციურად მიყვება დავით ხიზანიშვილი.
ჩვენი ინტერვიუს დროს მისი ტელეფონი თითქმის არ ჩერდება. დავითვალე, 30 წუთის განმავლობაში 8 ადამიანმა დაურეკა. ამბობს, რომ დღეში 50-ზე მეტ ასეთ ზარს პასუხობს. თუმცა, მათ შორის, ცხადია, უბრალო ცნობისმოყვარეებიც არიან. დავით ხიზანიშვილი მათ გამოცნობაში უკვე გაწაფულია: პირველივე წინადადებიდან ხვდება, ადამიანს მართლაც დაოჯახება სურს, თუ უბრალოდ ინტერესი ამოძრავებს.
“და ოჯახის შექმნა აუცილებელია? მეგობრის, პარტნიორის მოძებნა არ შეიძლება?”- ვკითხულობ მე და პასუხად კატეგორიულ უარს ვიღებ:
“ცენტრს მხოლოდ ოჯახის შექმნის მიზნით უნდა მოაკითხო. ჩვენ ეროვნულ საქმეს ვემსახურებით,” – ისევ მიმეორებს ბატონი დავითი.
“და შვილი თუ არ უნდათ ან არ გაუჩნდებათ?”- არ ვნებდები მე.
“ალბათ, ასეთებიც ხდება, ჩვენ ჯანმრთელობის ცნობას არავის ვთხოვთ,”- მპასუხობს დემოგრაფიული ცენტრის პრეზიდენტი.
სტანდარტული პროცედურა ასეთია: მსურველი პირადობის მოწმობითა და ფოტოსურათით მიდის ცენტრში და ავსებს ანკეტას, რომელიც მეც შევავსე. შემდეგ რეგისტრაციისთვის იხდის ფულს ბანკში და 1 კვირიდან 2 თვის ვადაში კონსულტანტები, ცენტრში არსებული ანკეტების საფუძველზე, სასურველ კანდიდატს ურჩევენ. თუ ის კანდიდატსაც მოეწონება, შეხვედრა შედგება.
ცენტრის ბაზაში ანკეტის ერთწლიანი განთავსება 70 ლარი ღირს. სოციალურად დაუცველებსა და უმუშევარ ადამიანებს უფასოდ ემსახურებიან.
ჰო მართლა, ცენტრი მხოლოდ საქართველოში მცხოვრებ მოქალაქეებს ემსახურება. დავით ხიზანიშვილი ამბობს, რომ ეს საქართველოს დემოგრაფიული განვითარების ფონდია და, პირველ რიგში, მის მოქალაქეებზე ზრუნავს.
სტატისტიკას გაცნობა-დაოჯახების ცენტრში ან არ აწარმოებენ, ან არ ასაჯაროებენ. ყოველ შემთხვევაში, მე ამ ინფორმაციაზე უარი მითხრეს.
2015 წელს საქართველოში 29470 ქორწინება დარეგისტრირდა, 2014 წელს კი – 30 044, თუმცა მათგან რამდენი წყვილი დაქორწინდა გაცნობა-დაოჯახების ცენტრის დახმარებით, უცნობია.
ცენტრის სერვისებით სარგებლობა შეუძლია 20 წელს მიღწეულ საქართველოს მოქალაქეს, თუმცა, როგორც დავით ხიზანიშვილი აღნიშნავს, აქ ძირითადად 30-40 წლის ადამიანები, მეტწილად კაცები მოდიან.
ამჟამადაც ცენტრში არსებულ ანკეტებს შორის კაცი კანდიდატები ჭარბობენ. ისინი, როგორც წესი, სიმპათიურ, პატიოსან, განათლებულ, მეოჯახე, თბილ და მოსიყვარულე, სერიოზულ ქალებს ეძებენ. სწორედ ეს სიტყვები ჭარბობს მამაკაცების მიერ შევსებულ ანკეტებში.
ქალების მიერ შევსებული ანკეტებიდან კი, ვგებულობთ, რომ ისინი ყველაზე მეტად გაურბიან არასერიოზულ, ალკოჰოლური სასმელების მოყვარულ და უმუშევარ კაცებს.
გაცნობა-დაოჯახების ეს ცენტრი ერთადერთია საქართველოში. თუმცა, დღესაც, ინტერნეტის ეპოქაში, სხვადასხვა გაზეთსა და ჟურნალში ხშირად შეხვდებით რუბრიკას სათაურით “პაემანი”, სადაც ადამიანები “ოშმ”, ანუ ოჯახის შექმნის მიზნით, ერთმანეთს ეძებენ.
ბოლო წლებია, გაცნობის პროცესში ცენტრს სერიოზულ კონკურენციას უწევენ სოციალური ქსელები. თუმცა, დავით ხიზანიშვილი გვაფრთხილებს, რომ სოციალური ქსელები ამ მხრივ არც ისე საიმედოა.
“ჩვენთან მოდიან ადამიანები, რომლებმაც Facebook-ზე მომავალი მეუღლის პოვნა უკვე სცადეს, მაგრამ უშედეგოდ. ან შეიძლება არასერიოზულ ადამიანს გადაეყარო, რომელიც მოგატყუებს.”
თუმცა, მიუხედავად ამისა, ბატონი დავითის სამომავლო გეგმები სწორედ ინტერნეტს უკავშირდება.
გაცნობა-დაოჯახების ცენტრი ქართული ონლაინსივრცის დეტალურად შესწავლას და დასაოჯახებელი ადამიანების ერთიანი მონაცემთა ბაზის შექმნას აპირებს.
“საქართველოში არ უნდა დარჩეს დაუოჯახებელი წყვილი. ამის ფუფუნება არ გვაქვს,” – ამბობს დავით ხიზანიშვილი.
___________
ტაქსიში ვჯდები და ვურეკავ მეგობარს, რომელიც ჩემს ექსპერიმენტს გულშემატკივრობდა. მოყოლას რომ მოვრჩი და ტაქსიდან გადმოსვლა დავაპირე, მძღოლმა სრული სერიოზულობით მირჩია: “გოგოჯან, ჯანმრთელობის ცნობა მაინც გამოართვი იმ შენს საქმროს, რა იცი, რა ხდება.”
გამოქვეყნებულია: 22.08.2016