ნიკო კვარაცხელიას ოჯახმა ბათუმში დაღუპული არასრულწლოვნების ძმებს სტიპენდია დაუნიშნა
გაზიარება
გაზიარება
თბილისში მოკლული Feeds–ის დამფუძნებლის, ნიკო კვარაცხელიას ოჯახი ბათუმში, კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპული არასრულწლოვნების ძმებს “ნიკოს სტიპენდიას” დაუნიშნავს. ამის შესახებ ინფორმაციას BM.ge ავრცელებს.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, კორპუსის სადარბაზო 8 ოქტომბერს, მოულოდნელად ჩამოინგრა. მომხდარის შედეგად ცხრა ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის დედა და ორი შვილი.
პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით 11 ოქტომბერი ქვეყანაში გლოვის დღედ ცხადდება.
შსს-მ ბათუმში კორპუსის ნგრევის საქმეზე პირველი სართულის ბინის მეპატრონე და 2 მუშა დააკავა.
“ყველაზე კარგად ჩვენს ოჯახს ესმის, რას გრძნობთ ახლა, რა ტკივილი გაქვთ და როგორ დათმობდით ყველაფერს, რომ თქვენი ცოლი და შვილები გადაგერჩინათ. დარწმუნებული ვართ, თქვენ, ისევე როგორც ჩვენ, დიდ იმედებს ამყარებდით თქვენს შვილებზე. ოცნებობდით, რომ ისინი მაინც იცხოვრებდნენ განსხვავებულ საქართველოში და საკუთარ თავზე არ გამოსცდიდნენ იმ ცხოვრებისეულ სიმძიმეებს, რაც ჩვენმა თაობამ გამოსცადა. ვერაფრით განუგეშებთ, რადგან ეს ტკივილი არის განუკურნებელი.
ერთადერთი, რითაც ჩვენს ოჯახს შეუძლია გამოხატოს თქვენდამი თანადგომა, “ნიკოს სტიპენდიაა”. ჩვენი გადაწყვეტილებით, თქვენი შვილები ყოველთვიურად მიიღებენ “ნიკოს სტიპენდიას”, რომლითაც, იმედი გვაქვს, შეძლებისდაგვარად უზრუნველვყოფთ მათთვის უკეთესი განათლების მიცემის შესაძლებლობას. გვჯერა, რომ მხოლოდ განათლებულ, პასუხისმგებლობის მქონე პროფესიონალ ადამიანებს შეუძლიათ იმ უკეთესი საქართველოს მშენებლობა, რომელშიც ასე გვინდოდა, რომ ჩვენს შვილებს ეცხოვრათ”, – აღნიშნულია ნიკო კვარაცხელიას ოჯახის წერილში.
ონლაინ-პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელი, 22 წლის ნიკო კვარაცხელია 16 სექტემბერს მოკლეს. მკვლელობა ვერაზე, ანჯაფარიძის ქუჩაზე, კვარაცხელიას ნაქირავებ სახლთან მოხდა. ახალგაზრდას რვა ტყვია ჰქონდა მოხვედრილი გულმკერდის, ზურგისა და ბარძაყის არეში. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაბა წყნეთში კვარაცხელიას მკვლელები 7 ოქტომბერს დააკავა. უწყების განცხადებით, მკვლელობის საქმეზე შესაძლოა, ბრალდებულთა წრე კიდევ გაფართოვდეს, თუმცა დანაშაულის მოტივი ამ დრომდე უცნობია.
Feedc-ი უკვე 250 000-ზე მეტ აქტიურ მომხმარებელს აერთიანებს. Alexa.com-ის მონაცემებით, ის ვებზე ე.წ „ტრაფიკის“ მიხედვით, საქართველოს მასშტაბით, ყველა საიტთან (მათ შორის Facebook, Google) მიმართებაში, მე-20 ადგილზეა.