"ჩვენი პარტია არის ახალი, ჩვენ ვართ ერთად" - ნიკა მელია და ნიკა გვარამია საარჩევნოდ ერთიანდებიან
ნიკა მელია და ნიკა გვარამია ერთიანდებიან
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია და ტელეკომპანია “მთავარის” დამფუძნებელი, ყოფილი პოლიტპატიმარი ნიკა გვარამია საარჩევნოდ ერთიანდებიან – ამის შესახებ მათ 11 მარტის შემაჯამებელ შეხვედრაზე განაცხადეს.
პოლიტიკურ გაერთიანებას “ახალი” ერქმევა, მათი საარჩევნო ნომერი კი 4 იქნება.
“ჩვენი პარტია არის ახალი, ჩვენ ვართ ერთად, ჩვენ ვიბრძვით საქართველოში ახალი გზებით ცვლილებებისთვის, ჩვენ შევცვლით, იმიტომ რომ ვიცით ბრძოლა, ვიცით რა ფასი აქვს მოუსყიდაობას, ვიცით რა ფასი აქვს სამშობლოს მსახურებას, ვიცით, როგორ დავძლიოთ სირთულეები და როგორ ვუპასუხოთ გამოწვევებს, ჩვენ ეს ვიცით, ჩვენ შევცვლით, მაგრამ ვიცით ასევე, როგორ ვმართოთ და ჩვენ გავაგრძელებთ ამ ქვეყნის ისტორიას წარმატებული ხელისუფლებით, წარმატებული ნაბიჯებით და ევროინტეგრაციით.
ეს არ არის პარტიის პრეზენტაცია, ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება, რომ დავიწყოთ ერთად, დავიწყოთ სიახლით, დავიწყოთ შემდგომი გაერთიანებების სურვილით და მე გულმხურვალე მომხრე ვარ დიდი გაერთიანებების, მე ნებისმიერი დათმობისთვის ვარ თანახმა გამარჯვების სანაცვლოდ, მაგრამ ეს ვერ იქნება მხოლოდ ჩვენი ინიციატივა. ჩვენ არ მოგიწოდებთ არავის, რომ შემოგვიერთდეთ, გთავაზობთ, რომ გავერთიანდეთ. არ ვარ შემოერთებისთვის, გაერთიანებისტი ვარ და ამას გთავაზობთ”. – თქვა ნიკა გვარამიამ პოლიტიკური გაერთიანების წარდგენისას.
ნიკა მელიამ აღნიშნა, რომ ცოტა ხანში გაიმართება პოლიტიკური გაერთიანების სადამფუძნებლო პარტიული ყრილობა. მელია დარწმუნებულია, რომ “ეს ერთობა მოიტანს ნიჰილიზმის დამარცხებას” და “გამარჯვების ბაცილის შეტანას” ყველას ოჯახში, ქალაქსა და დაბაში:
“რთული იყო ეს გზა და ვინც ჩართული იყო პროცესში, ის ტყუილის თქმის შესაძლებლობას არ მომცემს. სამი თვის განმავლობაში გრძელდებოდა ეს პროცესი, ვყოფილიყავით ერთი საარჩევნო სუბიექტი, ვყოფილიყავით ერთი გუნდი, გარდა მეგობრებისა, ვყოფილიყავით ერთი საარჩევნო ელექტორალური სუბიექტი, თუ არა და რით ვიხელმძღვანელეთ. ვიხელმძღვანელეთ პირველ რიგში ორი გუნდის ინტერესით, ვიხელმძღვანელეთ ათობით ათასი აქტიური ამომრჩევლის ინტერესით.”
● ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა (CPJ) ნიკა გვარამიას პრესის თავისუფლების საერთაშორისო ჯილდო მიანიჭა
● ბოდიში პრეზიდენტს და სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა. ნიკა გვარამიას განცხადებები საპატიმროს დატოვების შემდეგ
● “სააკაშვილი დაღმავალი ფიგურაა ქართულ პოლიტიკაში”. რას ფიქრობენ ექსპერტები “ნაციონალური მოძრაობის” დაშლაზე
ვინ არის ნიკა გვარამია
ნიკა გვარამია წინა ხელისუფლების დროს იყო იუსტიციისა და განათლების მინისტრი, ასევე გენერალური პროკურორის მოადგილე. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ნიკა გვარამია იმჟამად ოპოზიციური ტელევიზიის, “რუსთავის 2”-ის დირექტორად დაინიშნა. ამ პოსტზე გვარამიამ “რუსთავი 2”-ის სასამართლოს დასრულებამდე იმუშავა, რომლის შემდეგაც ტელეკომპანია მოქმედი ხელისუფლების მხარდამჭერს, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს გადაეცა. ამის შემდეგ გვარამიამ ახალი ტელეკომპანია, “მთავარი არხი” შექმნა.
ნიკა გვარამია 2022 წლის 16 მაისს, სასამართლო დარბაზში დააპატიმრეს. კრიტიკული მედიის ხელმძღვანელს სამი წლით და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ეპიზოდზე, რომელშიც მას სამსახურებრივი მანქანის ოჯახის საჭიროებებისთვის გამოყენებას ედავებოდნენ.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამიას შეწყალების აქტს ხელი 2023 წლის 22 ივნისს მოაწერა. პრეზიდენტის თქმით, ის არ აპირებს, გადაწყვეტილების თაობაზე ახსნა-განმარტების გაკეთებას, რადგან შეწყალება მისი დისკრეციული უფლებაა.
“მთავარი არხის” დამფუძნებლის საქმე მოხვდა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშშიც. დოკუმენტის ქვეთავებში, რომლებიც პოლიტიკურ პატიმრებსა და გამოხატვის თავისუფლებას ეხება, საუბარია “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავების შესახებ.
თეთრი სახლი Amnesty International-ზე დაყრდნობით წერს, რომ გვარამიას საქმემ გამოავლინა “მთავრობის მზარდი გავლენა სასამართლოებზე რიგ საქმეებში”, რომლებიც მიზნად ისახავს მათი კრიტიკოსებისა და ოპონენტების დათრგუნვას.
ვინ არის ნიკა მელია
ნიკა მელია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარეა. გვარამიას მსგავსად, ისიც ყოფილი პოლიტპატიმარია, რომელსაც ბრალად 2019 წლის 20 ივნისს, პარლამენტზე შტურმი ედებოდა. მელია საპატიმროდან გირაოს თანხის გადახდის შემდეგ გათავისუფლდა, რომელიც მას ევროკავშირმა გადაუხადა.
2023 წლის 30 იანვარს ახალი თავმჯდომარის გამოსავლენად “ერთიანმა ნაციონალური მოძრაობამ” შიდაპარტიული არჩევნები ჩაატარა. ახალი თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა, რომელმაც ხმების 52.58 პროცენტი მიიღო. პარტიის იმჟამინდელი მოქმედი თავმჯდომარე, ნიკა მელია კი მეორე ადგილზე გავიდა.
მელიამ დამარცხების მიუხედავად პარტია არ დატოვა და ხაბეიშვილს გამარჯვება მიულოცა. თუმცა, დაპირისპირება ამ ორ ლიდერს შორის მომდევნო თვეებშიც გაგრძელდა და კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა. პარტია გაიყო ორ ნაწილად – მელიას და ხაბეიშვილის მომხრეებად.
პარტიის დამფუძნებელს, მიხეილს სააკაშვილს ღიად რომელიმე კანდიდატის მხარდასაჭერი განცხადება არ გაუკეთებია. თუმცა, ნიკა მელიას გუნდში ამბობენ, რომ ეს არჩევნები იყო გადატრიალება პარტიაში ორი ადამიანის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილისა და შსს-ს ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მიერ მოწყობილი.
დავით კეზერაშვილი, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” მთავარი დამფინანსებელია, ამჟამად საზღვარგარეთ ცხოვრობს, რადგან ივანიშვილის ხელისუფლებას მის წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე აქვს აღძრული.
მელიას მომხრეები აცხადებენ, რომ კეზერაშვილმა ხისტი მელიას ნაცვლად, ფსონი დამყოლ და უკეთესად სამართავ ხაბეიშვილზე გააკეთა. დაპირისპირების მიუხედავად, ორივე გუნდში აღიარებენ მიხეილ სააკაშვილის ავტორიტეტს და მას უკანონო პატიმრად მიიჩნევენ.