NATO-საქართველოს შორის განახლებული პაკეტი შეთანხმდა
ნატომ და საქართველომ დაამტკიცეს განახლებული, არსებითი პაკეტი, რომელიც აფართოებს პოლიტიკურ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ – ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებთან გამართული ონლაინ შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
- თვალსაზრისი: საქართველო-ნატო, ათი წელი მოჯადოებულ წრეზე
- მოსაზრება: რა უნდა გააკეთონ უკრაინამ, საქართველომ და მოლდოვამ დასავლური ინტეგრაციის გასაგრძელებლად კრიზისის პირობებში
- ანალიზი: გაზი ხმელთაშუა ზღვაში, როგორც საფრთხე ნატოს სტაბილურობისთვის
- ნატო-ს გენერალური მდივანი: საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, ჩარევის უფლება არავის აქვს
- ნატო-ს საბრძოლო ხომალდები საქართველოშია
“საქართველო და უკრაინა არიან ნატოს ღირებული პარტნიორები. მათ მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ჩვენს მისიებში. დღეს ჩვენ ხელახლა განვაცხადეთ ჩვენი მხარდაჭერის შესახებ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობასა და სუვერენიტეტზე”. – აღნიშნა სტოლტენბერგმა.
განახლებულ პაკეტზე საუბრისას, მან თქვა, რომ ის ფაქტი, რომ მხარეებს ჰქონდათ ეს შეხვედრა მინისტერიალის დონეზე აგზავნის ძალიან მკაფიო გზავნილს NATO-ს ყველა მოკავშირისგან საქართველოსთვის, მისი სუვერენიტეტისთვის და ტერიტორიული მთლიანობისთვის:
“ჩვენ ვუზრუნველყოფთ ორივეს – როგორც პოლიტიკურ მხარდაჭერას, ასევე პრაქტიკულს და ჩვენ ამას ვაკეთებთ პაკეტის გაძლიერებით”.
სტოლტენბერგმა ისაუბრა რუსული ოკუპაციის შესახებაც. მისი თქმით, რუსეთი აგრძელებს შავი ზღვის რეგიონში ძალების განლაგებას და გაძლიერებას, NATO კი პასუხობს გაძლიერებით ხმელეთზე, ზღვაში და ჰაერში, რის მაგალითად მან დაასახელა გასული კვირას ჩატარებული წვრთნა აშშ-ს საზღვაო გამანადგურებელთან ერთად შავ ზღვაში.
მან ასევე აღნიშნა, რომ გაფართოების შესახებ გადაწყვეტილება არის ის, რასაც ყველა მოკავშირის მხარდაჭერა სჭირდება.
შეთანხმებას ტვიტერზე გამოეხმაურა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი.
მისი თქმით, რადგან რუსეთი განაგრძობს აგრესიულ პოლიტიკას, მნიშვნელოვანია უკრაინასა და საქართველოსთან თანამშრომლობის გაძლიერება.
“ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა განიხილეს შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხი უკრაინასა და საქართველოსთან ერთად. რადგან რუსეთი განაგრძობს აგრესიულ პოლიტიკას, მნიშვნელოვანია უკრაინასა და საქართველოსთან თანამშრომლობის გაძლიერება და ნატოს კარის ღიად შენარჩუნება”, — წერს ლინკევიჩუსი.