ნაღმზე აფეთქების შედეგად ორი აზერბაიჯანელი ჟურნალისტი დაიღუპა
4 ივნისს, დილის საათებში, ქალბაჯარის რაიონის ტერიტორიაზე, რომელიც ყარაბაღის მეორე ომის შედეგად აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ გადავიდა, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ავტომობილი ნაღმზე აფეთქდა. მომხდარის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორი ჟურნალისტი, რომლებიც მანქანაში იმყოფებოდნენ.
- რას განიხილავენ და რისი განხილვა შეწყვიტეს ერევანმა, ბაქომ და მოსკოვმა
- მოსაზრება: ჰაბიბი, აფხაზეთი და სანქციების ომები
- საქართველო სახმელეთო საზღვრებს ხსნის. დეტალური გიდი უცხოელი ვიზიტორებისთვის
დაღუპული ჟურნალისტები – სახელმწიფო მედიის თანამშრომლები იყვნენ და აშუქებდნენ ბოლოდროინდელ მოვლენებს იმ ტერიტორიებზე, რომლებიც ცოტა ხნის წინ გადავიდა აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ. ესენი არის სახელმწიფო ტელევიზია AzTV-ის 32 წლის ოპერატორი სირაჯ აბიშოვი და საინფორმაციო სააგენტო „აზერტაჯის“ თანამშრომელი მაჰერამ იბრაჰიმოვი.
„მომხდარი – სომხური ვანდალიზმისა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მტრის დანაშაულის კიდევ ერთი მაგალითია“, – ასეთი კომენტარი გააკეთა ჟურნალისტების დაღუპვასთან დაკავშირებით „ცხელ კვალზე“ AzTV-ის ხელმძღვანელმა, როვშან მამედოვმა.

დაახლოებით, 120 დაღუპული და დაჭრილი ომისშემდგომ პერიოდში
მხოლოდ 2021 წლის მაისის ბოლო კვირაში, ტერტერის, აღდამის, ფიზულის, შუშის, გუბადლის, ჯებრაილისა და ზანგილანის რაიონებში 90 ქვეითსაწინააღმეგო და 14 ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი, ასევე, 75 აუფეთქებელი საბრძოლო მასალა აღმოაჩინეს. ეს არის აზერბაიჯანის ტერიტორიების განაღმვის სახელმწიფო სააგენტოს (ANAMA) მონაცემები.
აზერბაიჯანის ხელისუფლების მონაცემებით, 2020 წლის 10 ნოემბრიდან, საბრძოლო მოქმედებების შესახებ სამმხრივ განცხადებაზე ხელმოწერის მომენტიდან, აზერბაიჯანის 22 მოქალაქე, მათ შორის 14 სამოქალაქო პირი დაიღუპა, 87-მა პიროვნებამ კი, მათ შორის 16-მა სამოქალაქო პირმა მიიღო სერიოზული დაზიანება გათავისუფლებულ ტერიტორიებზე ნაღმების აფეთქების შედეგად.
დანაღმული მინდვრების რუკების პრობლემა
ყარაბაღსა და მიმდებარე რაიონებში დეესკალაციის დაწყებიდან მოყოლებული, აზერბაიჯანი სომხური მხარისგან დანაღმული მინდვრების რუკის მიწოდებას ითხოვს.
„მთელი კონფლიქტის განმავლობაში, აზერბაიჯანის ოკუპირებული ტერიტორიების დიდი ნაწილი, სასაფლაოების, ისტორიული ადგილებისა და სხვა სამოქალაქო ობიექტების ჩათვლით, საგულდაგულოდ დაინაღმა სომხეთის მიერ.
ის უარს ამბობს გათავისუფლებულ რაიონებში დანაღმული მონაკვეთების შესახებ ინფორმაციის წარმოდგენაზე, რითაც განზრახ საფრთხის ქვეშ აყენებს ადამიანების სიცოცხლეს და ცდილობს ხელი შეუშალოს კონფლიქტის შემდგომ აღდგენას, რეკონსტრუქციასა და ჰუმანიტარულ ღონისძიებებს გათავისუფლებულ ტერიტორიებზე, ასევე, იძულებით გადაადგილებული პირების უსაფრთხო დაბრუნებას საკუთარ სახლებში“, – განაცხადა აზერბაიჯანის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში, იაშარ ალიევმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, განაღმვის საკითხზე სიტყვით გამოსვლისას.
განაღმვა რამდენიმე წელს გაგრძელდება
ყოფილი საბრძოლო მოქმედებების ზონაში დასახლებული პუნქტების განაღმვა, სულ მცირე, სამ წელს მაინც წაიღებს, აცხადებს ANAMA-ს ერთ-ერთი პასუხისმგებელი პირი, ოკუპაციისგან გათავისუფლებული მთელი ტერიტორიების განაღმვა კი, შესაძლოა, ხუთი-ათი წელიც გაგრძელდეს.
აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტრო და სპეცსამსახურები, რამდენჯერმე გამოვიდნენ გაფრთხილებით იმასთან დაკავშირებით, რომ გათავისუფლებულ ტერიტორიებზე სამოქალაქო პირების მოგზაურობა საფრთხეს შეიცავს.