მსოფლიო ბანკი საქართველოს ვაქცინაციისთვის 34.5 მილიონს გამოუყოფს
მსოფლიო ბანკი საქართველოს ვაქცინაციის პროგრამისთვის 34.5 მილიონ აშშ დოლარს გამოუყოფს, რომელიც 2020 წლის მარტში გამოყოფილ 80 მილიონს დაემატება – ეს თანხა მსოფლიო ბანკმა პანდემიის ზემოქმედების შერბილების მიზნით გამოყო.
დამატებითი დაფინანსების ძირითადი ამოცანებია კორონავირუსის ვაქცინების თანასწორი ხელმისაწვდომობა, საქართველოს ვაქცინაციის სისტემის გაძლიერება და ასევე, კორონავირუსზე საპასუხო ღონისძიებების განმტკიცება.
“ამ მხარდაჭერის მეშვეობით, მსოფლიო ბანკს წვლილი შეაქვს საქართველოს მთავრობის გეგმის განხორციელებაში, რაც 2021 წელს მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაციას გულისხმობს.
დამატებითი დაფინანსება COVID-19-ზე რეაგირების ძირითადი პროექტის ფარგლებში, ხელს შეუწყობს პანდემიის საპასუხო ღონისძიებების გაფართოებისთვის საჭირო ხარჯების დაფარვას. მისი საშუალებით მოხდება COVID-19-ის ვაქცინების, მათ შორის, შპრიცების და სხვა მარაგების შეძენის და გამოყენების მხარდაჭერა, ვაქცინის ლოგისტიკის და განაწილების, დაგეგმვისა და მართვის, ვაქცინასთან დაკავშირებული კომუნიკაციისა და საინფორმაციო კამპანიის, ტრენინგისა და ზოგადად ჯანდაცვის სისტემის გაძლიერების ჩათვლით”. – წერია მსოფლიო ბანკის განცხადებაში.
_______________________________
● ვაქცინაცია საქართველოში: ვინ რითი იცრება
● NDI: საქართველოში გამოკითხულთა 53 პროცენტი კორონავირუსის აცრას არ გაიკეთებდა
● როგორ მიმდინარეობს სომხეთში ვაქცინაციის პროცესი
● აფხაზეთში საყოველთაო ვაქცინაცია დაიწყო
● დღეიდან კომენდანტის საათი 23:00 საათზე დაიწყება
_________________________________
რამდენიმე დღის წინ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ წლის მესამე კვარტალში საქართველო ფაიზერის, ნოვავაქსისა და ჯონსონი&ჯონსონის ათასობით დოზას ელოდება
დღეის მდგომარეობით, საქართველოში ჩატარებულია 173 345 აცრა. ხოლო სრულად (ორჯერ) ვაქცინირებულია 47 749 ადამიანი.
მიუხედავად ამისა, ქვეყანაში კოვიდვითარება ისევ მძიმეა. საქართველოში ყოველდღიურად ათასამდე ინფიცირებული და 30-მდე გარდაცვლილია. თუმცა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ვითარება ნელ-ნელა დასტაბილურდება. საქართველოში შემსუბუქდა კომენდანტის საათიც – გადაადგილებაზე შეზღუდვა 21:00 საათის ნაცვლად, 23:00 საათიდან ამოქმედდა და დილის 04 საათამდე გრძელდება.
ამასთან ერთად, ნელა მიმდინარეობს ვაქცინაციის პროცესი. საქართველოში ვაქცინაციის პროცესის სერიოზულ დამაბრკოლებელ ფაქტორად იქცა პრეპარატების მიმართ უნდობლობა და ასევე ვაქცინაციის პროცესის მენეჯმენტი – ადამიანებს რამდენიმე ასეული კილომეტრის გავლა უწევთ იმისთვის, რომ აიცრან და ეს მაშინ, როდესაც ქვეყანაში რამდენიმე ათასი აუთვისებელი დოზა ვაქცინაა.
ქვეყანაში ამ დრომდე ოთხი ვაქცინაა შემოტანილი – გერმანულ-ამერიკული “ფაიზერი”, ბრიტანული “ასტრაზენეკა”, ჩინური “სინოფარმი” (პეკინი) და ჩინური “სინოვაკი”.
აქედან მხოლოდ სამს – “ფაიზერს”, “ასტრაზენეკას” და “სინოფარმს” ჰქონდა გავლილი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ავტორიზაცია, ხოლო “სინოვაკს” ჯანმომ ავტორიზაცია 31 მაისს მიანიჭა.