მოსკოვი-სოხუმის მატარებლის მოძრაობა რკინიგზაზე აფეთქების გამო შეფერხდა. ამ რეისის გარდა შეფერხდა 20-ზე მეტი მატარებლის გადაადგილება. დაზიანება სარკინიგზო ქსელში ვორონეჟის ოლქის სამხრეთ ნაწილში მოხდა. რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურში (ФСБ) აცხადებენ, რომ დაზიანება აფეთქებამ გამოიწვია.
თავდაპირველად ოლქის გუბერნატორი, ალექსანდრ გუსევი ამბობდა, რომ რკინიგზა “უმნიშვნელოდ დაზიანდა”. მისი თქმით არავინ დაშავებულა და ოპერატიული სამსახურების წარმომადგენლები დაზიანების მიზეზის დადგენას ცდილობდნენ.
ინფორმაცია აფეთქების შესახებ თავდაპირველად ტელეგრამ არხ BAZA-ზე გავრცელდა. ინფორმაციაში აღნიშნული იყო, რომ დაზიანება ერთ-ერთი მატარებლის მემანქანემ შენიშნა. ამავე ინფორმაციას ადასტურებდა ვორონეჟის გუბერნატორი. კიდევ ერთი ტელეგრამ არხი SHOT-ი ირწმუნება, რომ დაზიანებული მონაკვეთის გასწვრივ აღმოაჩინეს ასაფეთქებელი მოწყობილობები.
ოკუპირებულ აფხაზეთის რკინიგზის ცნობით, მატარებელი N304, რომელიც მოსკოვიდან სოხუმში მიდიოდა, ვორონეჟის ოლქში შეფერხდა.
1 ივნისის გამთენიისას ბრიანსკისა და კურსკის ოლქებში რკინიგზაზე მატარებლები დაზიანდა. რუსეთის ხელისუფლების მტკიცებით, შემთხვევები სარკინიგზო ხაზზე უკრაინელების მიერ მოწყობილი აფეთქებების გამო მოხდა. მოსკოვის ოფიციალური მონაცემებით, შემთხვევების შედეგად დაიღუპა შვიდი და დაშავდე ასზე მეტი ადამიანი. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა მომხდარს ტერაქტი უწოდა. უკრაინას აფეთქებებსა და მათი მოწყობის ბრალდებებზე კომენტარი არ გაუკეთებია.