მოსკოვი აღმოსავლეთ უკრაინის მცხოვრებლებს რუსეთის მოქალაქეობას სთავაზობს: რა დგას ამის უკან?
დონბასის (აღმოსავლეთი უკრაინა, სადაც რამდენიმე წელია შეიარაღებული დაპირისპირება მიმდინარეობს ლუგანსკისა და დონეცკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებთან დაკავშირებით) 3 მილიონამდე მცხოვრებს ამიერიდან რუსეთის მოქალაქეობის მიღება შეუძლია, თანაც, როგორც BBC წერს, განცხადების გაკეთებიდან სულ რაღაც სამი თვის განმავლობაში.
პასპორტის მიღება შესაძლებელი იქნება გაუსვლელად, პირდაპირ საცხოვრებელ ადგილას, სადაც საბუთების ჩაბარებისა და პასპორტების გასაცემად სპეციალური პუნქტები მოეწყობა.
რითი ხსნიან ამ ნაბიჯს და რას ამბობენ ამის შესახებ მოსკოვსა და კიევში?
• ვითარება ყირიმში: პროპაგანდა რეალობის წინააღმდეგ
რუსეთის არგუმენტები
რუსეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ისინი ჰუმანიტარული მოსაზრებებით ხელმძღვანელობენ. ახლა, ამ ტერიტორიაზე მცხოვრები დაახლოებით 500 ათასი ადამიანი იღებს უკრაინულ პენსიას. მაგრამ ამისათვის აუცილებელია, მინიმუმ 2 თვეში ერთხელ მაინც, უკრაინის საზღვრის გადაკვეთა.
დანარჩენები – საუბარია, რამდენიმე ათეულ ათას ადამიანზე, არანაირ პენსიასა და შემწეობას არ იღებენ.
• აღმოსავლეთი უკრაინა: ხალხი ფრონტის ხაზზე, პენსიის რიგებში იხოცება
უკრაინის მოსაზრებები
უკრაინაში დომინირებს მოსაზრება, რომ რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივებული პროცედურები კიდევ ერთი ნაბიჯია დონბასის ოკუპაციისაკენ.
იქ დიდი რაოდენობით რუსული პასპორტის მქონე ადამიანების ყოფნის შემთხვევაში, რუსეთს ეძლევა წინაპირობა, რომ აუცილებლობისას სამხედრო ძალა გამოიყენოს – თითქოს, საკუთარი მოქალაქეების დასაცავად.
პრეზიდენტების პოზიციები
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, საკუთარი გადაწყვეტილების ახსნისას, განაცხადა, რომ ის არ არის მიმართული უკრაინის ახალი პრეზიდენტის, ზელენსკის წინააღმდეგ, რომელთანაც მზადაა განიხილოს დონბასის კონფლიქტის დარეგულირების გზები.
ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ზელენსკიმ საპასუხოდ განაცხადა, რომ რუსული პასპორტების გაცემა უკრაინის მოქალაქეებს ხელს არ უწყობს, მოლაპარაკებებისთვის კი მზად არის.
ამასთან, ზელენსკიმ დასძინა, რომ ნათლად უნდა იქნას გაგებული: ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების სრულფასოვანი დარეგულირება შესაძლებელია მხოლოდ დონბასიდან და ყირიმიდან რუსეთის გასვლის შემთხვევაში.
• რის გაკეთებას შეძლებს უკრაინის ახალი პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი?
ექსპერტების შეფასებები
ავტორიტეტული რუსი ეკონომისტი, ევგენი გონტმახერი ამბობს, რომ მისი შეფასებით, დონბასის მცხოვრებლებისთვის რუსეთის მოქალაქეობის მინიჭების გამარტივებული პროცედურები რუსეთის ბიუჯეტს დაახლოებით 150 მილიონი დოლარი დაუჯდება.