მოსაზრება ცხინვალიდან: ნიშნავს თუ არა რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივება სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთებას?
სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების შესახებ
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ახალი ბრძანებულების თანახმად, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, რუსეთის მოქალაქეობა გამარტივებული წესით მიიღონ.
ახალი წესი ითვალისწინებს ისეთი მოთხოვნების გაუქმებას, როგორიცაა რუსეთში ხუთწლიანი მუდმივი ცხოვრება, რუსული ენის, ისტორიისა და კანონმდებლობის ცოდნა – რაც აქამდე აუცილებელი პირობა იყო რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის შესახებ კანონით.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ გამარტივებული პროცედურით სარგებლობა შეეძლება ყველა სრულწლოვან მოქალაქეს, რომელიც 2008 წლის 26 აგვისტომდე აფხაზეთის ან სამხრეთ ოსეთის მოქალაქედ ითვლებოდა.
მათთვის, ვისაც პასპორტის აღება სურს, აღარ არის აუცილებელი რუსეთის ტერიტორიაზე ჩასვლა – პროცედურები ადგილზევე განხორციელდება.
თუმცა, რჩება მთავარი კითხვა: ნიშნავს თუ არა ეს გადაწყვეტილება, რომ მოსკოვი მზადაა ერთ-ერთ ყველაზე სენსიტიურ საკითხზე გადადგას ნაბიჯი და სამხრეთ ოსეთი, როგორც ამას ამ რეგიონის მრავალი მცხოვრები წლებია იმედოვნებს, რუსეთთან შეერთდეს – კონკრეტულად კი, ჩრდილოეთ ოსეთთან ერთად?
ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის მცხოვრებთათვის რუსეთის მოქალაქეობის მიღება გამარტივდა
აფხაზეთს, ცხინვალს, დნესტრისპირეთს და დონბასს რუსეთის მიერ ანექსიისთვის ამზადებენ?
სამხრეთ ოსეთი (ისევე როგორც აფხაზეთი) არის ნაწილობრივ აღიარებული რესპუბლიკა – მის დამოუკიდებლობას ხუთი ქვეყანა აღიარებს, მათ შორის რუსეთი. თუმცა, საერთაშორისო თანამეგობრობის უდიდესი ნაწილი აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სამხრეთ ოსეთს საქართველოს ნაწილად მიიჩნევს.
ამიტომ, სამხრეთ ოსეთის პასპორტს საერთაშორისო დონეზე აღიარება არ გააჩნია, რაც რუსეთის პასპორტს ადგილობრივი მოსახლეობისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. ეს მათთვის “რეალური“ დოკუმენტის ფლობის შესაძლებლობაა, რაც საზღვარგარეთ გადაადგილების უფლებას იძლევა. ამას გარდა, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია – ის საშუალებას აძლევს მათ, მიიღონ რუსული პენსიები და სხვა სოციალური შეღავათები.
თუმცა რუსეთის ახალი გადაწყვეტილება ბევრმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზეზის გამო მიიჩნია განსაკუთრებულად მნიშვნელოვან ნაბიჯად.
სამხრეთ ოსეთში აქტუალურია ოსური ერის გაერთიანების თემა რუსეთის შემადგენლობაში – სადაც უკვე შედის ჩრდილოეთ ოსეთი – ალანია.
ცხინვალში რამდენჯერმე იყო მცდელობა ამ საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებისა, თუმცა არც ერთი მათგანი ბოლომდე არ განხორციელდა. ზოგი ექსპერტი ფიქრობს, რომ ამის მთავარი დაბრკოლება სწორედ მოსკოვიდან მოდიოდა.
ამჟამინდელ პრეზიდენტს, ალან გაგლოევს, სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის საკითხის მიმართ განსაკუთრებული აქტიურობა არ გამოუჩენია. 2022 წლის მაისში, ინაუგურაციის შემდეგ, გაგლოევმა საჯაროდ გააკრიტიკა თავისი წინამორბედის, ანატოლი ბიბილოვის ბრძანება – ჩატარდეს რეფერენდუმი სამხრეთ ოსეთის რუსეთში შესვლაზე.
რაკი მას არ ჰქონდა ამ ბრძანების გაუქმების უფლება, მან უბრალოდ “შეაჩერა“ მისი მოქმედება. ამჟამად ეს თემა ფაქტობრივად ტაბუდადებულია – საჯარო სივრცეში მასზე თითქმის არ საუბრობენ.
“მხოლოდ ცხოვრების გამარტივება – და მეტი არაფერი?“
თუმცა, მას შემდეგ რაც ამოქმედდა რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივებული რეჟიმი, ზოგიერთმა ეს ნაბიჯი სამხრეთ ოსეთის რუსეთში შესაძლო ინტეგრაციისკენ გადადგმულ პირველ ნაბიჯად შეაფასა.
მიუხედავად ამისა, სამხრეთ ოსეთში ყველას არ მიუღია პუტინის ახალი ბრძანებულება, როგორც შემოერთების ნიშნანი.
“უბრალოდ კავშირების გამარტივება მოკავშირეებთან“
ერთ-ერთი ადგილობრივი ექსპერტის თქმით, რომელმაც ანონიმურობის პირობით გაგვიზიარა საკუთარი მოსაზრება, მოსკოვის ეს გადაწყვეტილება არ მიუთითებს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის შეერთების გეგმაზე. მისი შეფასებით, საუბარია იურიდიულ ინსტრუმენტებზე, რომლებიც მოკავშირეებთან ურთიერთობას ეხება:
“ორივე რესპუბლიკას აქვს საზღვარი რუსეთთან, მათი მოსახლეობა რეგულარულად გადაადგილდება რუსეთში, და რატომ არ უნდა გაუმარტივონ მათ რუსეთის პასპორტის მიღება? ცხინვალიც და სოხუმიც მოსკოვის გავლენის არეალში რჩებიან, ხალხები კი ერთმანეთისადმი მეგობრულად არიან განწყობილნი, ამიტომ რუსეთი ამას საფრთხედ არ აღიქვამს“.
JAMnews-ის წყაროს თქმით, რომელიც სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის გარემოცვაში იმყოფება, ამ ეტაპზე დღის წესრიგში არ დგას რუსეთის შემადგენლობაში შესვლის საკითხი და საერთოდ არ განიხილება მსგავსი პერსპექტივა.
აფხაზეთში კი, სამხრეთ ოსეთისგან განსხვავებით, რუსეთის შემადგენლობაში შესვლის თემა (ან საერთოდ, რომელიმე სახელმწიფოსთან შეერთება) დღის წესრიგში არასდროს დამდგარა. იქ მსგავსი პერსპექტივა – თუნდაც მხოლოდ თეორიულ დონეზე – უკიდურესად უარყოფით რეაქციას იწვევს.
სტატია მომზადებულია ცხინვალის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად.ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო