მოსაზრება: მოსკოვი ცდილობს ოპერაცია "ივანიშვილი-2“-ის განხორციელებას სომხეთში
სამველ კარაპეტიანის დაპატიმრება
სომხეთში აქტიურად განიხილავენ რუსულ-სომხური წარმოშობის ბიზნესმენის, სამველ კარაპეტიანის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს. გასულ კვირას ერევნის სასამართლომ მისი ორთვიანი წინასწარი პატიმრობა დააკმაყოფილა. საქმეში ფიგურირებს კარაპეტიანის ინტერვიუ ადგილობრივ მედიასთან, რომელშიც ის საჯაროდ აკრიტიკებდა ხელისუფლებას და მოუწოდებდა მისი ჩამოგდებისკენ. სამართალდამცავები ამას ხელისუფლების ძალადობრივ შეცვლაზე წაქეზებად მიიჩნევენ.
მოსკოვი უკვე არაერთხელ გამოეხმაურა კარაპეტიანის დაკავებას. ოფიციალურ განცხადებებში აღნიშნულია, რომ კრემლი “ყურადღებით ადევნებს თვალს” რუსი მოქალაქის მიმართ მიმდინარე სამართლებრივ პროცესს.
სომხეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის შეფასებით, შესაძლებელია, რომ რუსეთში არსებობდეს ჯგუფები, რომლებიც კარაპეტიანის საქმის უკან დგანან. მისი თქმით, საქმე შესაძლოა “ჰიბრიდულ ქმედებებსა და ომთან” გვქონდეს.
პოლიტოლოგი რობერტ გევონდიანი რუსული გავლენის სტრატეგიებზე ამახვილებს ყურადღებას და პარალელს ავლებს საქართველოსთან. კერძოდ, ის სამველ კარაპეტიანს ადარებს ბიძინა ივანიშვილს, რომელსაც საქართველოს არაფორმალურ მმართველად მიიჩნევს.
„შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მოსკოვში რეგიონის კოორდინაციაზე პასუხისმგებელმა ახალმა ძალებმა გადაწყვიტეს, აღარ გამოეგონებინათ ახალი ველოსიპედი და ისევ იმ გზით ევლოთ – ე.წ. “ივანიშვილი 2-ის ოპერაცია“, ამჯერად უკვე სომხეთში,“ – განაცხადა გევონდიანმა.
სამართლებრივი პროცესის საფუძველი გახდა კარაპეტიანის ინტერვიუ, რომელშიც ის გაღრმავებულ დაპირისპირებაზე საუბრობდა ხელისუფლებასა და სომხეთის სამოციქულო ეკლესიას შორის. მილიარდერმა აღნიშნა: „თუ პოლიტიკურ ძალებს ამ სიტუაციასთან გამკლავება არ გამოუვათ, ჩვენ მოგვიწევს ჩავერთოთ ეკლესიის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაში საკუთარი ძალებით.“
ოფიციალური წრეები არ გამორიცხავენ, რომ “საკუთარი გზა“ ძალადობრივ სცენარს, მათ შორის შეიარაღებულ გამოსვლას გულისხმობდეს.
თუმცა, კარაპეტიანის ადვოკატები აღნიშნავენ, რომ ბიზნესმენი ძალადობისკენ არ მოუწოდებდა და მისი მიზანი ხელისუფლებისა და ეკლესიის შერიგება იყო. ისინი საუბრობენ “პოლიტიკურ დევნაზე“ და სასამართლოს გადაწყვეტილებას უკანონოდ მიიჩნევენ.
სამველ კარაპეტიანის სახელი უკავშირდება კომპანია “ელექტრონული ქსელები სომხეთის“ (ЭСА) წილები. მისი კომპანია, “ტაშირ კაპიტალი“, 2016 წელს ამ საწარმოს ერთ-ერთ აქციონერად ჩამოყალიბდა.
პრემიერმინისტრი ფაშინიანი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ კარაპეტიანის აქტიურობა იმ პერიოდში დაიწყო, როცა მთავრობამ დაიწყო ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა ЭСА-სგან და ასევე, ამ კომპანიის ნაციონალიზაციაზე საუბარი. ფაშინიანის თქმით, ეს დამთხვევა არ არის.
“რას მიაღწია ხელისუფლებამ?“ — კარაპეტიანის პოსტები სოციალურ ქსელებში
სამველ კარაპეტიანის დაკავების დღეს ფეისბუკში გაჩნდა გვერდი სახელწოდებით – “სამველ კარაპეტიანის დაცვის საბჭო“. მისი შემქმნელების თქმით, გვერდი მიზნად ისახავს “ბრძოლას უკანონო დევნის წინააღმდეგ“. ბოლო დღეებში კარაპეტიანის ადვოკატები აქ აქვეყნებენ ბიზნესმენის განცხადებებს მისი დაკავებისა და შექმნილი ვითარების შეფასებაზე.
ბოლო პოსტებში ქარაპეტიანი აცხადებს, რომ „სასამართლო მალე გახდება დამოუკიდებელი და სამართლიანობა აღდგება“. მისი თქმით, ის დააკავეს “მეზობელი ქვეყნის [აზერბაიჯანის] პრეზიდენტის მოთხოვნით“, სადაც მასზე ზუსტად ოთხი წლის წინ, 18 ივნისს, საერთაშორისო ძებნა გამოუცხადეს.
ბიზნესმენი ასევე ამტკიცებს, რომ სომხეთის მოქმედმა ხელისუფლებამ:
- “სრულად გაანადგურა სახელმწიფოს საგარეო უსაფრთხოების სისტემა“,
- “სრულიად დაანგრია ურთიერთობა მთავარ მოკავშირესთან“ [იგულისხმება რუსეთი],
- “გააფუჭა კავშირები ყველა სამხედრო პარტნიორთან“ [სავარაუდოდ გულისხმობს რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედ სამხედრო ბლოკს, ОДКБ-ს],
- და “ხალხს მირაჟად დაუხატა პროგრამა “მშვიდობის გზაჯვარედინების“ სახით“.
კარაპეტიანმა ასევე აღნიშნა:
“შედეგად, ჩვენი ქვეყნის თავზე რამდენიმე “დამოკლეს მახვილი“ ჰკიდია: თურქეთი, აზერბაიჯანი და უკვე – პაკისტანიც. დავკარგეთ არცახი – სომხური არცახი, რომელსაც უნიკალური ისტორიული მნიშვნელობა ჰქონდა და სისხლით იყო დაცული. შემდეგ, იაფფასიანი და ცრუ მშვიდობის დაპირებების ფონზე, დაიწყო სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიების ეტაპობრივი ჩაბარება. მათ გაანადგურეს შეიარაღებული ძალები. ამ ყველაფრის შემდეგ ქვეყნის საზღვრების დაცვის ერთადერთ ინსტრუმენტად დარჩა ბინოკლები – გაუგებარი ადამიანების ხელში“. [აქ იგულისხმება ევროკავშირის სამოქალაქო სადამკვირვებლო მისია].
ბიზნესმენი ამბობს, რომ მალე აღდგება ქვეყნის საგარეო უსაფრთხოება და სომხეთი ღირსებით სვლას დაბრუნდება.“ თუმცა კარაპეტიანი კონკრეტულად არ მიუთითებს, როგორ ან ვისი დახმარებით აპირებს ამას.
მოსკოვის რეაქცია: “ჩვენ თვალს ვადევნებთ”
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა, დაადასტურა, რომ კრემლი კარაპეტიანის საქმეს აკვირდება:
„რა თქმა უნდა, ვაკვირდებით. ის ჩვენი მოქალაქეა. არ გვსურს სომხეთის შიდა საქმეებში ჩარევა, მაგრამ რუსეთის მოქალაქესთან დაკავშირებულ პროცესებს განსაკუთრებული ყურადღებით ვადევნებთ თვალს.“
მანამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ კარაპეტიანს დახმარება გაეწევა, თუ ის ან მისი ადვოკატები რუსეთის საელჩოს ოფიციალურად მიმართავენ.
“ეს ეროვნული სირცხვილია“ – რობერტ ქოჩარიანი
სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი სამველ ქარაპეტიანის დაკავებას ეროვნულ სირცხვილად მიიჩნევს. მისი შეფასებით, ხელისუფლებამ უსაფუძვლოდ დააპატიმრა ადამიანი, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს როგორც სომხეთში, ისე დიასპორაში, და რომლის წინააღმდეგობის მიზეზიც სომხეთის სამოციქულო ეკლესიის დაცვა იყო.
ქოჩარიანის აზრით, ეს საქმე კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სასამართლო სისტემა სრულად კონტროლდება მმართველი ძალის მიერ. ის ფიქრობს, რომ არსებული ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალი ხელისუფლების ცვლილებაა, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანა ტოტალური დიქტატურისკენ მიექანება, რაც სახელმწიფოებრიობისთვის სერიოზულ საფრთხეს ქმნის.
ოპოზიციური ფრაქცია “პატივი მაქვს“-ს წარმომადგენელი ტიგრან აბრამიანი მიიჩნევს, რომ კარაპეტიანის დაკავება საზოგადოების ეკლესიის გარშემო გაერთიანების პრევენციის მცდელობაა. მისი თქმით, ეს ნაბიჯი, ისევე როგორც ხელისუფლების მიერ ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული რიტორიკა და ქმედებები, თავად ხელისუფლებისთვის არაფრისმომცემი იქნება.
აბრამიანის შეფასებით, ხელისუფლება ცდილობს პოლიტიკური მოწინააღმდეგეების განეიტრალებას, რათა საკუთარი პოზიციები შიდა პოლიტიკაში კიდევ უფრო გაამყაროს.
პოლიტოლოგის კომენტარი
სომეხი პოლიტოლოგი რობერტ გევონდიანი მიიჩნევს, რომ სომხეთი ცდილობს მინიმალური ზიანით გადალახოს რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკური ცვლილებები. მთიანი ყარაბაღის დაკარგვისა და აზერბაიჯანის მხრიდან განხორციელებული პროვოკაციების შემდეგ ქვეყანაში გამოიკვეთა საფრთხე უსაფრთხოების არსებული არქიტექტურის სისუსტეზე – გლობალური წესრიგის ცვალებად კონტექსტში ის სანდო არ აღმოჩნდა. ამის გამო სომხეთმა გადაწყვიტა ახალი პარტნიორების ძიება და უსაფრთხოების ალტერნატიული მექანიზმების განვითარება.
გევონდიანის შეფასებით, მიმდინარე მოვლენებმა მნიშვნელოვნად შეცვალა ძალთა ბალანსი რეგიონში. რუსეთმა დაკარგა დომინანტური პოზიცია გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რაც მისთვის მიუღებელია.
“ვითარებით ისარგებლეს სხვა რეგიონულმა და გლობალურმა მოთამაშეებმა, რომლებმაც საკუთარი გავლენის გაფართოებაზე განაცხადი გააკეთეს. ეს ტენდენცია ეწინააღმდეგება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს და მის ტრადიციულ წარმოდგენებს რეგიონზე.” – ამბობს პოლიტოლოგი.
გევონდიანი პარალელს ავლებს საქართველოსა და სომხეთის პოლიტიკურ დინამიკას შორის. მისი თქმით, წარსულში, როდესაც საქართველომ დასავლური კურსი აირჩია, მოსკოვმა სცადა ამ პროცესის შეფერხება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემოყვანით. როგორც ის ამბობს, რუსული წარმოშობის ოლიგარქმა, დემოკრატიული პროცესების ფარგლებში, შეძლო ქვეყანაში გავლენის “საკონტროლო პაკეტის” მოპოვება და მოგვიანებით რუსეთთან დაახლოების პოლიტიკის გატარება.
“მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილის მაგალითს მოსკოვში სრულ წარმატებად არ მიიჩნევენ, კრემლმა ეს სქემა საკმაოდ ეფექტურად დანერგა, რათა მსგავსი სცენა სომხეთშიც განეხორციელებინა. ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ სამველ კარაპეტიანის, რუსეთში მოღვაწე ოლიგარქის, სომხეთში გააქტიურება. კარაპეტიანმა თავი განსაკუთრებით მაშინ გამოიჩინა, როდესაც სომხეთის ხელისუფლებასა და სამოციქულო ეკლესიის მაღალ იერარქებს შორის დაპირისპირება გამწვავდა. ბიზნესმენის საჯარო განცხადებებს მალევე მოჰყვა მისი დაკავება, რასაც რუსეთთან დაახლოებული საზოგადოებრივი და პოლიტიკური წრეებისგან მხარდაჭერის ტალღა მოჰყვა — მათ შორის მოწოდებები ხელისუფლების წინააღმდეგ და კარაპეტიანის მხარდასაჭერი გამოსვლები.” – ამბობს გევონდიანი.
გევონდიანის აზრით, თუ ამ მოვლენებს შევადარებთ ივანიშვილის სცენართან საქართველოში, მსგავსებები იმდენად აშკარაა, რომ მიმდინარე პროცესების დამთხვევად აღქმა რთულია:
“საბოლოოდ, მოახერხებს თუ არა რუსეთი სომხეთის სუვერენიტეტის აღდგენის პროცესის შეჩერებას, დამოკიდებული იქნება როგორც საზოგადოების წინააღმდეგობის ძალაზე, ისე ხელისუფლების სიმტკიცეზე. ეს პროცესი სომხეთისთვის მორიგი რთული გამოცდაა — კიდევ ერთი სერიოზული ეტაპი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში.”