„მომიტინგეების მხრიდან ადგილი ჰქონდა ბრუტალურ ძალადობას, მეორე მხარეს კი იყო ინციდენტები“, - ირაკლი კობახიძე
გაზიარება
გაზიარება
ირაკლი კობახიძის შეფასება
30 ნოემბრის დილით მომიტინგეთა მიმართ განხორციელებული ძალადობის შემდეგ „ქართული ოცნების“ მიერ არჩეულმა პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ განცხადებები გააკეთა. მან თქვა, რომ 29-30 ნოემბერს „პრაქტიკულად აქციაც არ გამართულა“. მისი თქმით, ეს არ იყო კლასიკური გაგებით აქცია და იყო ძალადობა პოლიციის წინააღმდეგ.
„პირდაპირ მივიდნენ და როგორც კი შეგროვდნენ ძალადობრივი დაჯგუფებები, მაშინვე დაიწყეს ძალადობა პოლიციის წინააღმდეგ“, – თქვა კობახიძემ.
მან განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია მომხდარის გამოძიება ორივე მიმართულებით. კობახიძის თქმით, “მომიტინგეების მხრიდან ადგილი ჰქონდა ბრუტალურ ძალადობას პოლიციელების წინააღმდეგ, მეორე მხარეს კი ძალოვანების მხრიდან იყო ინციდენტები, უკიდურესად შემაშფოთებელი, მაგრამ ცალკეული ინციდენტები”.
მისი შეფასებით, აქციის მონაწილეების მხრიდან პოლიციელების წინააღმდეგ „მოლოტოვის კოქტეილები“, პიროტექნიკა და სხვადასხვა სახის მძიმე საგნები გამოიყენებოდა, რამაც 50-მდე პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობა დააზიანა, 20-ს კი ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.
ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა ვახტანგ გომელაურს და შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ პოლიციელს. კობახიძის თქმით, ისინი საქართველოს კონსტიტუციურ წყობილებაზე თავდასხმას იგერიებდნენ.
„არც კი მინდა წარმოვიდგინო იმ მასშტაბური ძალადობის ფონზე, რომელიც გუშინ ძალადობრივი დაჯგუფებებისგან ვიხილეთ, რით დასრულდებოდა ეს მიტინგი, გუშინ შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი ან გიორგი გახარია რომ ყოფილიყო. რამდენიმე ადამიანის მკვლელობა ან რამდენიმე ადამიანისთვის თვალების დათხრა იქნებოდა ის მინიმალური შედეგი, რითაც ამგვარი მიტინგი დასრულდებოდა“, – დასძინა კობახიძემ.
მან მიმდინარე საპროტესტო აქციებზე პასუხისმგებლობა დააკისრა ევროპელ პოლიტიკოსებსა და ბიუროკრატებს, ასევე 4 ოპოზიციურ პარტიას, რომელთაც „ადგილობრივი აგენტურა, მეხუთე კოლონა“ უწოდა.
„უკვე მესამე წელია, კონკრეტული ევროპელი პოლიტიკოსები და ბიუროკრატები, რომლებმაც საქართველოს უკრაინიზაციას ვერაფრით მიაღწიეს, გამუდმებით ცდილობენ კანდიდატის სტატუსი და მოლაპარაკებების გახსნის საკითხი ქვეყნის დასასუსტებლად, საქართველოში ე.წ. პოლარიზაციის გასაღვივებლად და საზოგადოების ხელოვნურად გასახლეჩად გამოიყენონ. შეგახსენებთ, რომ ამ 3 წლის განმავლობაში, ჯერ კანდიდატის სტატუსი და შემდეგ, მოლაპარაკებების გახსნის თემა გამოიყენებოდა მთავარ ინსტრუმენტად ქვეყნის იმიჯის შესალახად და საზოგადოების გასახლეჩად“, – განაცხადა კობახიძემ და ევროკავშირის ელჩი სიცრუესა და ორპირობაში დაადანაშაულა.
„ევროკავშირის ელჩი, რომელიც გუშინ ამტკიცებდა, რომ ევროინტეგრაციის პროცესი ევროკავშირმა შეაჩერა, დღეს ამტკიცებს, რომ ევროინტეგრაციის პროცესი საქართველოს შეუჩერებია“, – თქვა „ქართული ოცნების“ მიერ არჩეულმა პრემიერმინისტრმა. მისი თქმით, საქართველოს არათუ არ შეუჩერებია ევროინტეგრაციის პროცესი, ქვეყანა განაგრძობს ყველა ვალდებულების შესრულებას, რაც ევროინტეგრაციასთან არის დაკავშირებული.