"მმართველი პარტია ევროკავშირისგან ისე შორსაა, როგორც არასდროს" - ევროპარლამენტარების გამოხმაურება
ევროპარლამენტარ ვიონა ფონ კრამონის თქმით, საქართველოს მმართველი პარტია ისე შორს არის ევროკავშირში რეალური გაწევრიანებისკენ, როგორც არასდროს. მისივე განმარტებით, საჭიროა ფინანსური რეაგირება, რადგან “არ შეიძლება დავუშვათ, რომ ფული მიდიოდეს ქვეყანაში, რომელიც მზად არ არის დემოკრატიული რეფორმების თაობაზე ვალდებულების შესასრულებლად.” ამის შესახებ ფონ კრამონმა ვებინარზე განაცხადა, რომლის მონაწილეებმაც 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების საქართველო – ევროკავშირის ურთიერთობებზე ზეგავლენა შეაფასეს.
“ჩვენ მმართველ პარტიასთან უნდა ვიმუშაოთ, რადგან ერთი მხრივ, ისინი ჩვენი პარტნიორები არიან პარლამენტში, მაგრამ რიტორიკის, სიძულვილის ენის, დაშინების, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების წინააღმდეგ ჩვენი განცხადებები უნდა იყოს ძალიან გასაგები და ასევე ჩვენი მოქმედება შედეგებთან დაკავშირებით”, – ამბობს კრამონი.
● სააკაშვილი შიმშილობს. რა ელის და რა ვიცით მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე
კიდევ ერთმა ევროდეპუტატმა, ანა ფოტიგამ განაცხადა, რომ ევროკავშირი შეშფოთებულია სააკაშვილის შიმშილობით, ასევე, შეშფოთებულები არიან მისი ევროპელი მეგობრებიც, რომლებიც ბევრი არიან:
„რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, მე ვიზიარებ აზრს, რომ მისი მმართველობა არ იყო სრულყოფილი. მე ვაკვირდებოდი 2012 წლის არჩევნებს, როდესაც ძალაუფლების გადაცემა ძალიან მშვიდობიანი გზით მოხდა. როდესაც ეგზიტპოლის შედეგები ცნობილი გახდა მან ოპონენტის გამარჯვება აღიარა და ძალიან მშვიდად იქცეოდა. და რა მოხდა საქართველოში მისი დაბრუნების შემდეგ? ფაქტობრივად მას პატიმრობა სასამართლოს გარეშე მიუსაჯეს. მას ჰქონდა ყველანაირი უფლება, რომ თავის ქვეყანაში ჩამოსულიყო. მე იმედი მაქვს ნამდვილი, ღია და გამჭვირვალე სასამართლოსი. ჩვენ შეშფოთებულები ვართ მისი შიმშილობით.”
ანა ფოტიგას თქმით, ახლა რაც ხდება მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, არ არის სწორი.
“გთხოვთ დარჩით მტკიცედ. გთხოვთ გამონახოთ გამოსავალი. ეს თქვენი როლია და არა ჩვენი. ჩვენ შეგვიძლია გიშუამდგომლოთ, თუმცა გადაწყვეტილება თქვენ უნდა მიიღოთ. ევროკავშირის, შარლ მიშელისა და ელჩ ჰარცელის როლი ამ პროცესში ძალიან პოზიტიურია“, – აცხადებს ფოტიგა.
● “სანამ სტრასბურგი სააკაშვილის საქმეს განიხილავს, ის უნდა გათავისუფლდეს” – ევროპარლამენტარების წერილი
ესტონელი ევროდეპუტატის, მარინა კალიურანდის თქმით კი, არჩევნები მთლიანობაში შეფასდა, როგორც კარგად ორგანიზებული, “მაგრამ ისმის კითხვა: არის ეს საკმარისი? არის ეს საკმარისი ქვეყნისთვის, რომელსაც აქვს ევროპული მისწრაფებები?”
მისი თქმით, თუ საქართველოში ოპოზიცია გრძნობს, რომ მათ არ აქვთ საკმარისი ხმა ან ისინი არ არიან საკმარისად ძლიერები, მათ უნდა სჯეროდეთ, რომ ევროპარლამენტარები საქართველოს დემოკრატიის მხარეს არიან, რაც, კალიურანდის განმარტებით, ნიშნავს იმას, რომ ევროდეპუტატები აქტიურად ადევნებენ თვალს იმას თუ რა ხდება პარლამენტში და ასევე ნებისმიერ დროს იქნებიან ოპოზიციის ხმა თუ ეს საჭირო გახდება.
“არჩევნები დასრულებულია და ვიმედოვნებ, რომ პოლიტიკური პოლარიზაცია და უკანასკნელი წლის განმავლობაში არსებული პოლიტიკური არეულობა უნდა იყოს დაძლეული. ახლა დროა, რომ ქართველი პოლიტიკოსები დაუბრუნდნენ ნორმალურ სამუშაო რუტინას”, – ამბობს კალიულანდი.
● რატომ ჩამოვიდა სააკაშვილი და იქნება თუ არა ქართული მაიდანი – გია ნოდიას თვალსაზრისი
რაც შეეხება ევროკავშირის ელჩს საქართველოში – რომლის მონაწილეობითაც იმართებოდა ვებინარი – კარლ ჰარცელმა აღნიშნა, რომ პირველი ტურის შემდეგ ევროკავშირმა განაცხადა, რომ არსებული არასწორი პრაქტიკა არ უნდა იქცეს საარჩევნო ნორმად, მაგრამ მეორე ტურისთვის ცოტა რამ გაკეთდა მსგავსი პრაქტიკის აღმოსაფხვრელად.
მისივე განმარტებით, ამ არჩევნებს არ შეიძლება სხვა შეფასება მიეცეს გარდა იმისა, რომ ეს იყო კიდევ ერთი ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა, არჩევნებთან დაკავშირებული თამასის არსებითად ასაწევად.
“დავინახეთ მნიშვნელოვანი ნაკლოვანებები, მათ შორის, კანდიდატებისა და ამომრჩევლების დაშინება, ზეწოლა ამომრჩეველზე, ამომრჩეველთა მოსყიდვა, ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება და მკვეთრი უთანასწორობა რესურსებს შორის, რამაც შექმნა არათანაბარი ნიადაგი არჩევნებში მონაწილეთათვის”, – განაცხადა ჰარცელმა.
სააკაშვილზე საუბრისას ევროკავშირის ელჩმა თქვა, რომ მისი უფლებების დაცვა და სამართლებრივი პროცესების შესრულება საკვანძოა და არის ხელისუფლების სრული პასუხისმგებლობა.
“ეს უფლებები მოიცავს გამჭვირვალე, სამართლიანი სასამართლოს უფლებას და შესაბამის სამედიცინო მომსახურებას, ისევე როგორც მისი პატივისა და ღირსების დაცვას სასჯელაღსულების დაწესებულაბაში მისი ყოფნის დროს. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რათა მისი ეს უფლებები სრულად დაიცვას“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.
● მეუფე ნიკოლოზი: სააკაშვილის ღვაწლი დემეტრე თავდადებულის და დავით აღმაშენებლის მსგავსია
● ტრუსკავეციდან “უმაღლესი დონის” სპეცოპერაციამდე. მიხეილ სააკაშვილი ციხეშია – რა იქნება შემდეგ?
მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხეში 8 ნოემბერს, საღამოს გადაიყვანეს.
სააკაშვილის გადაყვანის შესახებ უწყებას წინასწარ ინფორმაცია არ გაუვრცელებია. ამის შესახებ წინასწარ ინფორმაცია არც პრეზიდენტის ოჯახს ჰქონდა.
სად და როგორ გადაიყვანეს პატიმარი ექს-პრეზიდენტი, რომელსაც 40-დღიანი შიმშილობის შემდეგ მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვს, რამდენიმე საათის განმავლობაში იყო უცნობი.
ამ პროცესების პარალელურად, 8 ნოემბრიდან ოპოზიციამ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით, ფართომასშტაბიანი, უწყვეტი საპროტესტო აქციები დაიწყო.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა, რომ „პროტესტი იქნება მტკიცე, ხალხმრავალი, უწყვეტი და მშვიდობიანი“ და ის გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ოპოზიცია საბოლოო გამარჯვებას არ მიაღწევს.