სამოქალაქო საზოგადოების მიმართვა ევროკომისიის პრეზიდენტს: ევროპა საქართველოს ისტორიული არჩევანია
მიმართვა ევროკომისიის პრეზიდენტს
სამოქალაქო საზოგადოება ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს მიმართავს და იმედს გამოთქვამს, რომ კომისია საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას გასცემს. ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ საქართველოს ეს იქნება ისტორიული არჩევანის აღსრულებაში კიდევ ერთი ეტაპი.
მათივე განმარტებით, დადებითი გადაწყვეტილება შეასრულებს კატალიზატორის როლს დემოკრატიული რეფორმების გაგრძელებასა და ინსტიტუტების გაძლიერებაში, ამასთან, განამტკიცებს როგორც საქართველოს, ასევე ევროპის უსაფრთხოებას.
როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, “ევროპას ქართველი ხალხის გულსა და მისწრაფებებში საუკუნეების” განმავლობაში განსაკუთრებული ადგილი ეკავა. ის წარმოადგენს საქართველოს, როგორც ისტორიულ არჩევანს, ისე საგარეო პოლიტიკის უმთავრეს პრიორიტეტს. ხელმომწერი ორგანიზაციების თქმით, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საქართველო ევროპული ინტეგრაციისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, რისი საბოლოო მიზანიც ევროპის კავშირში (ევროკავშირში) გაწევრიანებაა:
“ამ გზაზე ერთ-ერთი მთავარი მიღწევა იყო ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა, რომელიც ასევე მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას. 2022 წელს, რუსეთის მიერ უკრაინაში არაპროვოცირებული და გაუმართლებელი ომის დაწყების შემდეგ, საქართველომ ევროკავშირის წევრობის განაცხადი გააკეთა.”
განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ევროკომისიის შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ სხვადასხვა მიმართულებით გარკვეულ პროგრესს მიაღწია. თუმცა, “როგორც ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში/ევროპული კომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯოზეფ ბორელმა აღნიშნა”, მნიშვნელოვანი სამუშაო რჩება შესასრულებელი.
“ევროკომისიის გაფართოების ანგარიშის მოახლოებასთან ერთად 12 პრიორიტეტის შესრულებისთვის ძალისხმევის გაძლიერება უაღრესად მნიშვნელოვანია. ამ პროცესმა, ევროკავშირში გაწევრიანების ეროვნული მიზნის მიღწევის გზაზე უმნიშვნელოვანეს მომენტში, ყველა დაინტერესებული მხარე უნდა გააერთიანოს.
ევროინტეგრაციის გზაზე დემოკრატიული რეფორმები კომპლექსური პროცესია, რომელიც მუდმივ ძალისხმევას მოითხოვს. საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციის გაწევით, ევროკავშირს შეუძლია მხარი დაუჭიროს და ხელი შეუწყოს საქართველოს ევროპული რეფორმების დღის წესრიგს და მნიშვნელოვნად გააძლიეროს საქართველოს ერთგულება მიზნისადმი, თანხვედრაში მოვიდეს ევროკავშირის კრიტერიუმებით განსაზღვრულ სტანდარტებთან.” – ვკითხულობთ განცხადებაში.
წერილში ასევე აღნიშნულია, რომ მოცემულ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში საქართველოს წინაშე სერიოზული უსაფრთხოების გამოწვევებია. ამ დროს კანდიდატის სტატუსის მინიჭება საქართველოს უსაფრთხოების განმტკიცებაში მნიშვნელოვანი წვლილი იქნება, რაც საქართველოს მისცემს შესაძლებლობას, მეტი ძალისხმევა გასწიოს დემოკრატიული რეფორმების განსახორციელებლად.
მიმართვას ხელს აწერენ:
- საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS);
- საქართველოს დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI);
- კავშირი საფარი;
- ღია საზოგადოების ფონდი საქართველო (OSGF);
- საქართველოს სასამართლოს გუშაგი;
- საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო კვლევების ფონდი (GFSIS)
● ევროკომისიის პრეზიდენტი: უკრაინის, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების, მოლდოვის და, პერსპექტივაში, საქართველოს ადგილი ევროკავშირშია
● შარლ მიშელი: ევროკავშირი და წევრობის მსურველები 2030 წლისთვის მზად უნდა იყვნენ გაფართოებისთვის
● ანალენა ბერბოკი: ჩვენ გვინდა, ვნახოთ საქართველო ევროკავშირში
ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი საქართველომ 2022 წლის 3 მარტს წარადგინა, რის შემდეგაც მთავრობამ ევროკომისიისგან მიიღო კითხვარი. შევსებული კითხვარი ბრიუსელს “ქართულმა ოცნებამ” მაისში გადასცა.
საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე ევროკომისიამ დასკვნა 2022 წლის 17 ივნისს მოამზადა. შედეგად, უკრაინამ და მოლდოვამ მიიღეს ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსი და დაეკისრათ გარკვეული ვალდებულებების შესრულება, ხოლო საქართველოს ჯერ 12 პუნქტიანი გეგმის და პირობების შესრულება დაევალა, შემდეგ კი კანდიდატობის სტატუსის მიღების შანსი ექნება.
2023 წლის 22 ივნისს კი ცნობილი გახდა, რომ საქართველომ სრულად შეასრულა თორმეტიდან სამი რეკომენდაცია, ნათქვამია შუალედურ მოხსენებაში, რომელიც აფასებს, რამდენად შეასრულა საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად განსაზღვრული 12 პრიორიტეტი.
რაც შეეხება მოლდოვას და უკრაინას, რომელთა პროგრესიც ასევე საქართველოსთან ერთად იქნა შეფასებული – მოლდოვას ცხრა პრიორიტეტი ჰქონდა შესასრულებელი და სრულად შეასრულა სამი (დემოკრატიულ რეფორმები, სამოქალაქო საზოგადოებასთან დიალოგი და ადამიანის უფლებების დაცვა).
ხოლო უკრაინამ ამ დრომდე სრულად შეასრულა შვიდიდან ორი რეკომენდაცია, რომლებიც სასამართლო რეფორმას და მედიის შესახებ კანონმდებლობას ეხება. შუალედური ზეპირი ანგარიში მნიშვნელოვანი სიგნალი ქვეყნებისთვის და მიანიშნებს იმაზე, თუ რომელ სფეროებს უნდა მიაქციოს ქვეყანამ განსაკუთრებული ყურადღება, ვიდრე ოქტომბერში ევროკომისია გაფართოების პაკეტს და რეკომენდაციებს წარადგენს.