მიხეილ სააკაშვილი ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართავს, რომ "სამოქალაქო ტყვეების“ სიაში შეიყვანონ
მიხეილ სააკაშვილი ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართავს
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართავს, რომ როგორც უკრაინის მოქალაქე, ოდესის ყოფილი გუბერნატორი და რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელი, ომის სამოქალაქო ტყვეების სიაში შეიყვანოს.
შესაბამის განცხადებას სააკაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
“ვცდილობ, არ შეგაწუხოთ ჩემი კითხვებით, რადგან თქვენ ამდენი სამუშაო გაქვთ, და მადლობელი ვარ თქვენი მხარდაჭერისთვის და იმის გამო, რომ მუდმივ ყურადღებას ვგრძნობ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან, უმაღლესი რადასგან, თქვენი ადმინისტრაციისგან, ასევე ადამიანის უფლებათა კომისრისგან.
მაგრამ ახლა იძულებული ვარ მოგმართოთ, რადგან გუშინ ციხის საავადმყოფოდან, სადაც მძიმე მოწამვლის გამო ვმკურნალობდი, დამაბრუნეს იმ პერსონალთან, ვინც მომწამლა. ჩემი მოწამვლა 2022 წლის მარტში, ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან მალევე მოხდა. მოწამვლის ფაქტი დადგენილი იქნა ამერიკული და გერმანული ლაბორატორიების მიერ. პუტინი თავიდანვე ითხოვდა ჩემთან დაკავშირებულ დავებს, ხოლო მედვედევი და ლავროვი არაერთხელ ტრაბახობდნენ ჩემი დაპატიმრებით.
თავდაპირველად დამაპატიმრეს აბსოლუტურად ფიქტიურ საქმეზე, და საქართველოს იმდროინდელმა პრემიერ-მინისტრმა პირდაპირ განაცხადა, რომ ეს საქმე ჩემს საქმიანობას უკავშირდებოდა უკრაინაში. ახალ სისხლის სამართლის საქმეში, რომელიც ცოტა ხნის წინ აღიძრა ჩემ წინააღმდეგ, მე, სხვებთან ერთად, ბრალდებული ვარ საბოტაჟისთვის უცხო მტრული სახელმწიფოს სასარგებლოდ. ამ საქმის მასალები შეიცავს თქვენს განცხადებებს, ისევე როგორც მიხაილო პოდოლიაკის კომენტარებს. ესე იგი, უკანონო ქართული ხელისუფლება პირდაპირ აცხადებს უკრაინას მტრულ უცხო სახელმწიფოდ. და ეს გასაკვირი არ არის, რადგან ამ დიდი ომის დაწყებისთანავე რუსმა ოლიგარქმა ივანიშვილმა და მისმა მინიონებმა ღიად დაიკავეს რუსეთის მხარე.
ამ კონტექსტში აბსოლუტურად აშკარაა, რომ ჩემი დევნა და ჩემი ბედი ომს უკავშირდება. მე ვარ უკრაინის მოქალაქე და რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე, სადაც პატივი მქონდა, მემუშავა თქვენი ხელმძღვანელობით. მინდა გთხოვოთ, ისევე როგორც 2019 წელს, როდესაც თქვენ დამიბრუნეთ ჩემი უკანონოდ წართმეული მოქალაქეობა, გთხოვთ, შემიყვანოთ მე, როგორც ოდესის რეგიონული სახელმწიფო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე, რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე, რომელიც უკანონოდ არის დაკავებული საქართველოს პრორუსული რეჟიმის მიერ, ამ ომის სამოქალაქო ტყვეების სიაში, შესაბამისი სამართლებრივი შედეგებით.
ვიცი, რომ უკრაინელები თავიანთ ხალხს არ ტოვებენ და თქვენს იმედზე ვარ.” – წერს სააკაშვილი.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კლინიკა “ვივამედიდან” N12 პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნეს, სადაც საერთო წესით გააგრძელებს სასჯელის მოხდას. ამის შესახებ სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა 12 ნოემბერს განაცხადა.
უწყება განმარტავს, რომ ვინაიდან, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი და მას აღარ ესაჭიროება სტაციონარული მკურნალობა, გამოწერეს კლინიკიდან.
მიხეილ სააკაშვილი 2021 წლის 1 ოქტომბერს დააკავეს. მას რამდენიმე საქმეზე აქვს თავისუფლების აღკვეთა მისჯილი, მათ შორის, შეკრებითობის პრინციპითაც – ჯამში 12 წლითა და 6 თვით.
სააკაშვილს ასევე, სასჯელის მოხდის შემდეგ, 3 წლის ვადით ჩამორთმეული აქვს სახელმწიფო სამსახურში დანიშნული თანამდებობის დაკავების უფლება.
ამასთან, პროდასავლური ოპოზიციის ლიდერების – მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ ახალი სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარე წლის 7 ნოემბერს დაიწყო.
პროკურატურის განცხადებით, დევნა დაიწყეს საბოტაჟის, უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ, სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების საქმეებზე.
ამ საქმეზე სააკაშვილს 2-დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.