მიხეილ სააკაშვილი: მივესალმები ყაზახი ხალხის თავისუფლებისთვის ბრძოლას
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან ეხმაურება ყაზახეთში მიმდინარე მოვლენებს და მხარდაჭერას უცხადებს ყაზახ ხალხს.
“ეს არის ნათელი მაგალითი, რომ რაც არ უნდა რეპრესიები განახორციელოს რეჟიმმა, რამდენი ხალხიც არ უნდა დაიჭიროს, რა სპეცრაზმებიც არ უნდა მიუქსიოს, მთავარი ძალა თავისუფლებისმოყვარე ხალხშია”, – ამბობს სააკაშვილი.
მისივე განმარტებით, ხალხი არ მოითმენს კორუფციას, სოციალურ უსამართლობასა და არაფორმალურ მმართველობას:
“ჩემთან კიევში, შარშან, სექტემბერში ჩამოსული იყო ყაზახ ოპოზიციონერთა დიდი ჯგუფი და უკვე მათთან საუბრით მივხვდი, რომ სამოქალაქო საზოგადოება მზად იყო ცვლილებებისთვის.”
სააკაშვილის თქმით, ნაზარბაევს, ივანიშვილისგან განსხვავებით საკმაოდ ბევრი ჰქონდა გაკეთებული ყაზახეთისთვის, მაგრამ ეს არ აძლევს მას უფლებას, პირად საკუთრებად ექცია ქვეყანა და არაფორმალურად მართოს ფუფუნების პირობებში ჩრდილიდან.
● პოლიტიკური კრიზისი და პრორუსული განწყობები. საქართველოში არსებული სიტუაცია უკრაინელი ჟურნალისტების თვალით
● არის თუ არა სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარი? რას ამბობენ იურისტები და უფლებადამცველები
● სააკაშვილის საქმეები. რისთვის ზის ციხეში ყოფილი პრეზიდენტი
ცნობილია, რომ პროტესტი, რომელმაც ყაზახეთის რამდენიმე დიდი ქალაქი მოიცვა, გაზის გაძვირების გამო დაიწყო. მაგრამ ფასის დაწევაზე ხელისუფლების თანხმობამ და მთავრობის გადადგომამ სიტუაცია ვერ განმუხტა. აქციის მონაწილეებს და ძალოვნებს შორის შეტაკებები გრძელდება. პარალელურად, მნიშვნელოვანი ცვლილებები ხდება ქვეყნის მმართველობაში.
ალმათის კომენდანტის თქმით, 5 იანვრის ღამეს ქალაქში დაიწვა 120 მანქანა, მათ შორის პოლიციის და სასწრაფო დახმარების მანქანები, განადგურდა 120 მაღაზია და ჯიხური და 180 კვების ობიექტი, დაშავდა 500 მშვიდობიანი მოქალაქე. ინტერნეტში მოქალაქეების მიერ პოლიციელებისა და ჯარისკაცების განიარაღების ვიდეოები გამოჩნდა.
ქალაქ ალმათის კომენდატურისგან დღეს გახდა ცნობილი, რომ ყაზახეთის ხელისუფლება ქალაქში “ანტიტერორისტულ სპეცოპერაციას” ატარებს.
ცოტა ხნის წინ, ყაზახური მედიის ინფორმაციით, პრეზიდენტმა ტოყაევმა “ტერორისტული თავდასხმის საფრთხისგან დასაცავად” დახმარების თხოვნით კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციას ОДКБ-ს მიმართა, რომლის შემადგენლობაში შედიან რუსეთი, ყაზახეთი, ბელარუსი, ტაჯიკეთი, ყირგიზეთი და სომხეთი.