მიხეილ სააკაშვილი კლინიკიდან პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნეს
გაზიარება
გაზიარება
მიხეილ სააკაშვილი ციხეში დააბრუნეს
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კლინიკა “ვივამედიდან” N12 პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნეს, სადაც საერთო წესით გააგრძელებს სასჯელის მოხდას. ამის შესახებ სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა განაცხადა.
უწყება განმარტავს, რომ ვინაიდან, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი და მას აღარ ესაჭიროება სტაციონარული მკურნალობა, გამოწერეს კლინიკიდან.
“როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი, სტაციონარული სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით, 2022 წლის 12 მაისს გადაყვანილ იქნა კლინიკა ვივამედში, სადაც ის ამ დრომდე იმყოფებოდა და მიეწოდებოდა შესაბამისი სამედიცინო მომსახურება.
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოდან პაციენტის პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნება ხორციელდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით მკურნალი ექიმის გადაწყვეტილების საფუძველზე.
ვინაიდან, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი და მას აღარ ესაჭიროება სტაციონარული მკურნალობა, ის გამოწერილ იქნა სამოქალაქო სექტორის კლინიკიდან და დაბრუნდა N12 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც საერთო წესით გააგრძელებს სასჯელის მოხდას.” – ნათქვამია განცხადებაში.
მიხეილ სააკაშვილი 2021 წლის 1 ოქტომბერს დააკავეს. მას რამდენიმე საქმეზე აქვს თავისუფლების აღკვეთა მისჯილი, მათ შორის, შეკრებითობის პრინციპითაც – ჯამში 12 წლითა და 6 თვით.
სააკაშვილს ასევე, სასჯელის მოხდის შემდეგ, 3 წლის ვადით ჩამორთმეული აქვს სახელმწიფო სამსახურში დანიშნული თანამდებობის დაკავების უფლება.
ამასთან, პროდასავლური ოპოზიციის ლიდერების – მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ ახალი სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარე წლის 7 ნოემბერს დაიწყო.
პროკურატურის განცხადებით, დევნა დაიწყეს საბოტაჟის, უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ, სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების საქმეებზე.
ამ საქმეზე სააკაშვილს 2-დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.