Meydan TV-ის საქმე: გამოძიება დასრულდა, დააკავეს კიდევ ერთი პირი
გაზიარება
გაზიარება
დაპატიმრებები Meydan TV-ის საქმეზე
Meydan TV-ის საქმეზე გამოძიება, რომელიც ბაქოს პოლიციის მთავარ სამმართველოში მიმდინარეობდა, დასრულდა. ბრალდებები გამკაცრდა: ბრალდებულებს სისხლის სამართლის კოდექსის რვა მუხლით წაუყენეს ბრალი.
ქმედებები მოიცავს უკანონო მეწარმეობას, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ლეგალიზაციას, კონტრაბანდას, გადასახადებისგან თავის არიდებას და დოკუმენტების გაყალბებას. საქმის მასალები, სავარაუდოდ, ბაქოს მძიმე დანაშაულების სასამართლოში გადაიგზავნება.
2024 წლის 6 დეკემბერს დააკავეს Meydan TV-ის თანამშრომლები რამინ დეკო (ჯაბრაილზადე), აინურ განბაროვა (ელგუნეში), აისელ უმუდოვა, აიტაჯ ახმედოვა (ტაპდიკი), ხაიალა აგაევა, ნატიგ ჯავალი და ულვი ტაჰიროვი. მათ ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 206.3.2 მუხლით (პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით ჩადენილი კონტრაბანდა) და მათ წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე Meydan TV-ის საქმის სახელით გახდა ცნობილი. ამ საქმეზე ასევე დააკავეს ჟურნალისტები შამშად აღა, ნურლან ლიბრე, ფატიმა მოვლამლი და ულვია ალი.
Meydan TV აცხადებს, რომ ეს დაკავებები მათ კრიტიკულ საქმიანობას უკავშირდება.
Meydan TV-ის რედაქტორმა ორხან მამადმა ბრალდებებსა და ახალ დაპატიმრებებზე ისაუბრა.
„ჩვენ ყველა ბრალდებას უარვყოფთ. ბოლო დღეებში ისინი ცდილობენ საქმეში დამატებითი პირების ჩართვას. ამავდროულად, Meydan TV-ის საქმეში ულვი ტაჰიროვის დამატება, რომელსაც მეიდანთან არანაირი კავშირი არ აქვს, მიუთითებს ხელისუფლების მიერ ჟურნალისტების წინააღმდეგ ცილისმწამებლური ბრალდებების გაფართოებაზე. რეპრესიები ვერ აჩერებს თავისუფალ პრესას, მაგრამ ხელისუფლება ყოველდღიურად ტოვებს ახალ შავ ლაქას თავის ისტორიაში. გაათავისუფლეთ ჩვენი თანამშრომლები!“
27 აგვისტოს, Meydan TV-ის საქმეზე ფოტოჟურნალისტი აჰმედ მუხტარიც დააკავეს, სასამართლომ კი მას 40-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.
Meydan TV-ის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ აჰმედ მუხტარი რედაქციასთან არ არის დაკავშირებული:
„აჰმედ მუხტარი ჩვენთან არასდროს თანამშრომლობდა“.
დაკავებული ჟურნალისტები დანაშაულს არ აღიარებენ და აცხადებენ, რომ პროფესიული საქმიანობის გამო იდევნებიან. სამართალდამცავ ორგანოებს საქმესთან დაკავშირებით დამატებითი კომენტარები არ გაუკეთებიათ.