მაშველი ზარი
მოლდოვაში, ქალაქ კიშინიოვში უნიკალური სამსახური დააარსეს, რომელსაც ჰქვია “ნდობის ტელეფონი ბავშვებისათვის”. ეს სერვისი ხელმისაწვდომია 24 საათის განმავლობაში და სრულიად უფასოა. შემქმნელები ამ პროექტს იწყებდნენ როგორც ექსპერიმენტს და არ იცოდნენ, რამდენად მოთხოვნადი იქნებოდა ის. აღმოჩნდა, რომ ასეთი ტიპის სამსახურზე ძალიან დიდი მოთხოვნა არსებობს.
ცხელ ხაზზე დღეში დაახლოებით 10-ჯერ რეკავენ – ძირითადად, 12-14 წლის მოზარდები. ფსიქოლოგთან გამართული სატელეფონო საუბრები მეტწილად მეგობრებთან არსებულ უთანხმოებებს, ოჯახში ჩამოყალიბებულ არასრულფასოვან ურთიერთობებს, პირველი სიყვარულის თანმდევ გაწბილებას, ექსპლუატაციასა და დაცინვას შეეხება.
ვიდრე სახელმწიფო ფიქრობს
“ვიდრე სახელმწიფო წლიდან წლამდე უბრალო სტატისტიკურ მონაცემებად აღიქვამს ბავშვებს, ჩვენ მოზარდებისთვის განკუთვნილი რამდენიმე საკონსულტაციო სამსახური (როგორც სატელეფონო ცხელი ხაზები, ისე ონლაინსერვისები) შევქმენით”, – ამბობს საერთაშორისო ცენტრ “La Strada”-ს წარმომადგენელი დანიელა მისაილ-ნიკიტინა.
“ხშირად ვხვდებით ბავშვის სექსუალობის აღქმასთან დაკავშირებულ პრობლემებს. ეს საკითხი საკმაოდ დელიკატურია და ამიტომ ამ საკითხს მშობლებთან ან ვერ განიხილავ, ან ისეთ შემთხვევას გადაეყრები, როდესაც დედამ და მამამ არ იციან, როგორ ისაუბრონ ამ თემაზე ბავშვებთან. ხდება, როდესაც, ასაკობრივი თავისებურებებიდან გამომდინარე, თანატოლები ვერ უგებენ ერთმანეთს. ზოგჯერ სკოლაში ძალადობის ფაქტებიც აღინიშნება”.
გაცილებით უმცროსი (ხუთიდან ცხრა წლამდე) ბავშვებიც რეკავენ ხოლმე — როგორც წესი, მხოლოდ იმისთვის, რომ ვინმეს ელაპარაკონ. “ასეთი სიტუაციები ჩვენთვის ერთგვარი სიგნალია. მეტწილად მაშინ რეკავენ, როდესაც შინ მარტონი რჩებიან. ზოგჯერ ასეთი პატარა ბავშვები ღამით გვიკავშირდებიან, რაც იმის ნიშანია, რომ მარტოსულად გრძნობენ თავს და მშობლები მათ მიმართ გულგრილობას იჩენენ,” – ამბობს დანიელა მისაილ-ნიკიტინა.
“დედა ძალიან ცუდად გრძნობს თავს, სასწრაფო დახმარების გამოძახების მეშინია”
ფსიქოემოციური კონსულტაციის გარდა, ბავშვებისათვის განკუთვნილი ნდობის ტელეფონის თანამშრომლები აუცილებლად მიიჩნევენ მესამე მხარის ჩარევას კრიზისულ სიტუაციებში, ანუ მაშინ, როდესაც სახეზეა ფიზიკური აგრესია ბავშვის მიმართ — ოჯახში, ან ოჯახს გარეთ.
ათი წლის მარიამ ისარგებლა სერვისით “ნდობის ტელეფონი ბავშვებისათვის”. მან ცხელი ხაზის ნომერზე დარეკა და საუბარი დაიწყო სიტყვებით: “დედაჩემი ძალიან ცუდად გრძნობს თავს, მე კი სასწრაფო დახმარების გამოძახების მეშინია!” გოგონამ ტირილით აღნიშნა, რომ დედამისს ხშირად ემართება ბნედა და კრუნჩხვები და მას ძალიან ეშინია. კონსულტანტმა აღნიშნა, რომ სატელეფონო საუბრისას გოგონა ხშირად ამბობდა, რომ ყველაფერი ცუდი, რაც ხდება, მისი ბრალია. გოგონას დედას ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და მუდმივი სამსახურის მოძებნა უჭირდა.
კონსულტანტები გოგონას გაესაუბრნენ, ანუგეშეს და პრობლემის შესახებ მაშინვე ზრუნვისა დამეურვეობის სახელმწიფო სამსახურს შეატყობინეს. ამჟამად დედა-შვილი სახელმწიფო სამსახურის ზედამხედველობის ქვეშაა და ოჯახს მატერიალური შემწეობაც დაენიშნა. ბავშვი რეგულარულად დადის სკოლაში და, ამას გარდა, ფსიქოლოგის დახმარებასაც იღებს.
კიდევ ერთი შემთხვევა ეხება ბავშვს, რომელმაც მის მიმართ სკოლაში გამოვლენილი აგრესიაზე ისაუბრა. “მასწავლებელი ხელებსა და ფეხებზე ჯოხს მირტყამს ხოლმე,”- ასე დაიწყო თავისი ამბის მოყოლა 12 წლის ილიამო, – ამბობს კონსულტანტი, რომელმაც მისი ზარი მიიღო.
ერთხელ საბავშვო ცხელ ხაზზე დარეკა მსხვერპლის მეზობელმა – მას შემდეგ, რაც შეამჩნია, რომ სოციალურ ქსელში მოზარდმა გოგონამ უცნაური გზავნილი გამოაქვეყნა. ამის შემდეგ საბავშვო ცხელი ხაზის კონსულტანტსა და ცამეტი წლის გოგონას შორის გაიმართა დიალოგი და მოზარდმა აღნიშნა, რომ დედამისის საყვარელი მასზე სექსუალურად ძალადობს.
“მინდა მოვკვდე”
2012 წლის დეკემბრიდან მოქმედებს კიდევ ერთი სამსახური, რომელსაც “სუიციდის აღკვეთის მწვანე ხაზი” ეწოდება და გამიზნულია იმ ბავშვებისა და მოზარდებისთვის, რომლებიც რთულ ცხოვრებისეულ სიტუაციებში ხვდებიან ხოლმე.
“ეს პროექტი იმიტომ წამოვიწყე, რომ იმ წელს, მაისსა და ივნისში განსაკუთრებით გახშირდა სუიციდის შემთხვევები არასრულწლოვნებს შორის,” – ამბობს პროექტის ავტორი, ლიუბოვ ჩებანი
“შევეცადე, გამეგო, მუშაობდა თუ არა ვინმე ამ სფეროში. ჩვენ მიერ დასმულ კითხვებზე ყველა მხრებს იჩეჩავდა. მაშინ ახალი ჩამოსული ვიყავი შეერთებული შტატებიდან, სადაც გაცვლითი პროგრამით ვიყავი წასული. სამშობლოში დაბრუნებისას ძალიან დიდი სურვილი მქონდა, საზოგადოებისთვის რაიმე სასარგებლო გამეკეთებინა.”
ამჟამად ლიუბოვ ჩებანი რამდენიმე მოხალისესთან ერთად მუშობს. ისინი მძიმე მდგომარეობაში მყოფი ბავშვებისა და მოზარდების გადარჩენისთვის იღვწიან.
ერთ-ერთი უკანასკნელი შემთხვევა უკავშირდება გოგონას, რომელმაც გამოაქვეყნა ბლოგპოსტი, სადაც დაწერა: “მინდა მოვკვდე”. როდესაც ბავშვი ასეთ ფრაზას ამბობს, დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ იგი ემოციურად გაუწონასწორებელია.
როდესაც ლიუბოვ ჩებანმა გოგონა გაიცნო, აღმოაჩინა, რომ ის თავისი ჯგუფის ლიდერია. გოგონამ აღნიშნა, რომ არ დანებდება.
“ძალიან ნიჭიერი ბავშვია, მაგრამ მშობლებს არ ესმოდათ მისი. მათ არ იცოდნენ, რას ნიშნავს, იყო ლიდერი და ჩვეულ საზღვრებს გასცდე. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, იმ დასკვნამდე მივედი, რომ ჩვენს ქვეყანაში ბევრი ბავშვი მხოლოდ იმის გამო ვერ ახერხებს ლიდერობას, რომ იმ სივრცეში, სადაც ის იმყოფება, არ არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც შეამჩნევდნენ მის პოტენციალს, რომელიც ხილულ დაუმორჩილებლობაში ვლინდება,” – აღნიშნავს ლიუბა ჩებანი.
მან შექმნა სამსახური, რომელიც თავადაც სჭირდებოდა
სერგეი კარაჯია ჯერ კიდევ სტუდენტია, მაგრამ, უკვე სამი წელია, რაც სოციალური ქსელების ძალიან პოპულარული რესურსის მოდერატორია. ამ პროექტს ის ადამიანები მიმართავენ, რომლებსაც რჩევების მიღება სურთ. ანონიმურობა გარანტირებულია.
კარაჯია ამბობს, რომ იდეა ჯერ კიდევ მოზარდობისას გაუჩნდა — როდესაც მიხვდა, რომ მისი კითხვების დიდი ნაწილი პასუხის გარეშე რჩებოდა.
“ვფიქრობ, ის ადამიანები, რომლებიც შეტყობინებებს მიგზავნიან იმისთვის, რომ მე ანონიმურობის დაცვით გამოვაქვეყნო, სურთ, ვინმეს ესაუბრონ საკუთარ გრძნობებზე. მე მათ ამ გზით ვეხმარები,” – ამბობს სერგეი.
მისი თქმით, ყველაზე რთულად მოსაგვარებელი ნაწილი იყო პროექტის ტექნიკურ მხარესთან დაკავშირებული სირთულეები, რაც შეკითხვების ავტორების ანონიმურობის უზრუნველყოფას უკავშირდებოდა. საჭირო იყო დამოუკიდებელი ვებგვერდის შექმნა, მაგრამ, არასაკმარისი დაფინანსების გამო, სერგეიმ გადაწყვიტა, უკვე არსებული ორი პორტალი გამოეყენებინა.
ასე ჩაეყარა საფუძველი უპრეცედენტო პროექტს მოლდოვაში, რომელსაც მან სიმბოლურად “ანონიმი” უწოდა.
“ასაკის მატებასთან ერთად ჩნდება კითხვები, რომლებზეც არ გვაქვს პასუხები; განსაკუთრებით ახლა, როდესაც ბევრი ბავშვისა და მოზარდის მშობლები სამუშაოდ საზღვარგარეთ არიან წასულები. ასეთ კითხვებს პირდაპირ ვერ დასვამ – ზოგიერთი ადამიანი პასუხის ნაცვლად არასერიოზულ ახალგაზრდად აღგიქვამს, სხვებმა კი, შესაძლოა, პასუხს იმიტომ აარიდონ თავი, რომ არ შეუძლიათ საკუთარი აზრის ფორმულირება.”
“ინტერნეტში ანონიმურად დასმულ შეკითხვაზე კი ბევრ პასუხს იღებ, რომელთაგან შეგიძლია, აირჩიო ის, რომელიც მოგწონს, ან სხვადასხვა პასუხის საფუძველზე თავად გამოიტანო სწორი დასკვნა,” – ამბობს სერგეი, თუმცა აღნიშნავს, რომ იყო შემთხვევები, როდესაც მოუნდა, თავი დაენებებინა ამ პროექტისათვის, რომელიც ამჟამად მთელ თავისუფალ დროს ართმევს.
ამ რესურსს უკვე 30 ათასზე მეტი ხელმომწერი ჰყავს. ყოველდღიურად რამდენიმე ათეული მოზარდი, ბავშვი და ზრდასრული ახალგაზრდა სვამს კითხვებს, ან სხვებს უზიარებს იმას, რასაც გრძნობს. ეს ახალგაზრდები ათასობით პასუხს იღებენ.
გამოქვეყნებულია: 16.10.2016