რუსეთი მარიუპოლიდან ბათუმამდე საკრუიზო მარშრუტების აღდგენას განიხილავს
გაზიარება
გაზიარება
მარიუპოლიდან ბათუმამდე
რუსეთის ხელისუფლება აზოვის ზღვის გავლით საერთაშორისო საკრუიზო მარშრუტების აღდგენის შესაძლებლობას განიხილავს, რომლის მთავარი კვანძი ბათუმი იქნება – ინიციატივას, რომელსაც სიმბოლური და პოლიტიკური დატვირთვაც ახლავს რეგიონში მიმდინარე ომის ფონზე. ინფორმაცია რუსეთის ფედერაციის მთავრობის დოკუმენტშია ასახული, რომელსაც სახელმწიფო სააგენტო Ria Novosti ავრცელებს.
დოკუმენტის მიხედვით, მოსკოვი არ გამორიცხავს აზოვის ზღვიდან უცხო ქვეყნების მიმართულებით საკრუიზო რეისების აღდგენას. ერთ-ერთ შესაძლო ვარიანტად დასახელებულია ისტორიული მარშრუტი მარიუპოლსა და ბათუმს შორის, რომელიც ომამდე არსებობდა.
“სამგზავრო ნავმისადგომის აღდგენის ან მშენებლობის შემთხვევაში შესაძლებელია მარიუპოლი–ბათუმის ხაზის ხელახლა ამოქმედება,“ — ნათქვამია დოკუმენტში.
ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ ასეთ კრუიზებზე შესაძლოა გამოყენებული იყოს გემი Mustai Karim.
აზოვის ზღვის აუზში რვა პორტი ფუნქციონირებს – მარიუპოლი, იეისკი, კავკაზი, ტემრიუკი, ბერდიანსკი, აზოვი, დონის როსტოვი და ტაგანროგი. თუმცა სამთავრობო დოკუმენტები აჩვენებს, რომ სპეციალიზებული სამგზავრო ნავმისადგომი დღეს მხოლოდ ტაგანროგშია, იეისკისა და მარიუპოლის პორტებმა კი დიდი სამგზავრო გემების მიღების შესაძლებლობა პრაქტიკულად დაკარგეს.
მარიუპოლი რუსულმა საოკუპაციო ძალებმა 2022 წელს, ხანგრძლივი ალყისა და ინტენსიური დაბომბვის შემდეგ დაიკავეს. ქალაქი ომის ერთ-ერთ ყველაზე დრამატულ სიმბოლოდ იქცა – როგორც ჰუმანიტარული კატასტროფის, ისე ინფრასტრუქტურის მასშტაბური განადგურების თვალსაზრისით.
ამ ფონზე საკრუიზო ტურიზმის აღდგენის იდეა მხოლოდ ეკონომიკური ინიციატივა არ არის: ის მოსკოვის მცდელობადაც აღიქმება, წარმოაჩინოს ოკუპირებული ტერიტორიები “ნორმალური ცხოვრების“ სივრცედ.
თბილისში რუსეთის ინიციატივაზე ოფიციალური კომენტარი ჯერ-ჯერობით არ გაკეთებულა.
თემა განსაკუთრებით მგრძნობიარეა საქართველოსთვის. 2023 წელს ბათუმში რუსული საკრუიზო გემი Astoria Grande შემოვიდა, რომელსაც მოქალაქეები პროტესტით დახვდნენ. აქტივისტები და მოქალაქეები აპროტესტებდნენ ტურისტული ვიზიტების გაგრძელებას მაშინ, როცა რუსეთი უკრაინაში ომს აგრძელებდა.
2025 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ იგივე გემი საქართველოში შესაძლოა 2026 წელსაც დაბრუნდეს. ოფიციალურ ვებგვერდზე მითითებული იყო, რომ Astoria Grande 2026 წლის მარტიდან მაისამდე კრუიზებს გეგმავდა და აპრილში ბათუმში შეჩერებასაც აპირებდა.
ახლა კი მოსკოვის ახალი ინიციატივა აზოვის ზღვის მიმართულებით აჩენს კითხვებს არა მხოლოდ ინფრასტრუქტურულ შესაძლებლობებზე, არამედ იმ პოლიტიკურ სიგნალებზე, რომელსაც რუსეთი შავი ზღვის რეგიონში აგზავნის: ტურიზმის ენით შეფუთული, მაგრამ ომის რეალობისგან გაუცხოებული.