მალაკნები სომხეთში: 20 წლის წინ და ახლა, ფოტოისტორია
მალაკნები სომხეთში
ჟურნალისტი მარკ გრიგორიანი სომხეთში, მალაკნების სოფელ ფიოლეტოვოში 2000 წელს იმყოფებოდა და მისი მცხოვრებლების შესახებ წიგნი დაწერა. და აი, 20 წლის შემდეგ, კვლავ ჩავიდა იქ. როგორები გახდნენ მისი წიგნის გმირები და რა მოუვიდა სოფელს – ისტორია ამის შესახებ.
როგორც ჩანს, 20 წლის განმავლობაში აქ არაფერი შეცვლილა. ყველაფერი ძველებურადაა. სოფლის მინდვრები დამწიფებული კომბოსტოთი, რომელიც მწნილის სახით, სოფლის ერთგვარ სავიზიტო ბარათად ითვლება. დაზიანებული, ოღროჩოღრო ქუჩა, დაბალი ღობეების მიღმა აკურატული სახლებით. სკოლა, რომელზეც სომხეთისა და რუსეთის ურღვევი მეგობრობის შესახებ ლოზუნგია გამოფენილი.
ფიოლეტოვო, როგორც იყო მალაკნებით დასახლებული ერთადერთი სოფელი სომხეთში, ასეთადვე რჩება.
მალაკნები – ქრისტიანული რელიგიური მიმდინარეობის წარმომადგენლები, რომლებიც ალეგორიულად და სიმბოლურად განმარტავენ ბიბლიას, არ აღიარებენ საეკლესიო იერარქიას, ხატებსა და ჯვრის გამოსახულებას.
და ეს ძალიან საინტერესო ხალხია, რომელთა ცხოვრებისა და ყოფის შესწავლას ბრწყინვალე ფოტოჟურნალისტ რუბენ მანგასარიანთან ერთად, რამდენიმე წელი დავუთმე.
ეს დაახლოებით 20 წლის წინ იყო. ჩვენ თავიდან საქმეზე ჩამოვედით ფიოლეტოვოში, თანდათან კი მალაკნებს დავუმეგობრდით და ათზე მეტი სტატია გამოვაქვეყნეთ სხვადასხვა სომხურ, რუსულ, ბრიტანულ, ამერიკულ და სამხრეთკორეულ გამოცემებშიც კი.
დროთა განმავლობაში ჩვენი ვიზიტები უბრალო ჟურნალისტური ინტერესის ჩარჩოდან გავიდა. ფიოლეტოვოში მცხოვრებმა რამდენიმე ოჯახმა, ჩვენი სტატიების დახმარებით აშშ-ში ნათესავები აღმოაჩინეს. მაგრამ ამერიკელები რუსულად არ ლაპარაკობდნენ, ფიოლეტოვოელი მალაკნები კი – ინგლისურად. ამიტომ მე ვთარგმნიდი მათ წერილებს და მეილზე ვგზავნიდი.
შემდეგ კი, 2018 წელს გამოვაქვეყნე წიგნი, რომელიც დაფუძნებულია ფოტოსურათებზე, მალაკნებთან საუბრებზე, მათ შესახებ დაწერილ წიგნებზე, კონსულტაციებზე, რომელიც ივან სემიონოვისგან მივიღეთ – XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი სომეხი მალაკნისგან.
წიგნს ჰქვია – „პატარა რუსეთი სომხეთის ჩრდილოეთში“ და მისი ავტორები მე და რუბენ მანგასარიანი ვართ. მაგრამ ის უკვე აღარ იყო ცოცხალი – რუბენი წიგნის გამოსვლამდე ცხრა წლით ადრე, ინფარქტით გარდაიცვალა.
- დერეფანი. ვინ ცხოვრობს ჯავახეთში
- სარწმუნოება, კოლმეურნეობა და არაჟანი – როგორ იცავენ მოლოკანები აზერბაიჯანში წინაპრების ტრადიციებს
- “კუნძული”. დუხობორები საქართველოში, დოკუმენტური ფილმი
2021 წლის ზაფხულში, როგორც იქნა, მოვახერხე ფიოლეტოვოში ისევ ჩასვლა. ძალიან მაინტერესებდა ჩვენი წიგნის გმირებთან შეხვედრა, ნახვა, როგორები გახდნენ, დაახლოებით 20 წელში მას მერე, რაც მათთან მე და რუბენი ვიმყოფებოდით.
მარია
ფოტო გოგონასი, რომელიც საქანელაზე ფრენით აღტაცებული ნეტარებს, ჯერ კიდევ მაშინ დამამახსოვრდა ემოციების სიფაქიზისა და აღტაცების გამო, ასე ცხადად რომ ჩანს მის სახეზე. 20 წლის შემდეგ კი მარია გავიცანი. ის უკვე 28 წლისაა, ქმარს ალექსეი ჰქვია და მათ სამი შვილი ჰყავთ.
მიხაილი
მიხაილ მეჩიკოვი მაშინ გავიცანით, როდესაც 20 წლის წინ, ამერიკელმა მალაკანმა, ჯონ მეჩიკოვმა მომწერა და დახმარება მთხოვა სოფელ ფიოლეტოვოში ნათესავების მოძებნაში. საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე, მას ნიკიტინო ერქვა.
ჯონი და მიხაილი მესამე რიგის ბიძაშვილები აღმოჩნდნენ. ჩვენ ჯონს ამერიკაში გავუგზავნეთ ფოტო, რომელზეც გამოსახულია მის მიერვე დაპროექტებული და შვილებთან ერთად აწყობილი სატვირთო ავტომობილის გვერდით ამაყად მდგომი მიხაილი.
ახლა მიხაილი 80 წლისაა, მას ეზოში სხვა სატვირთო ავტომობილი უდგას, რომელიც ასევე თვითონ ააწყო. თუმცა, სიმართლე უნდა ითქვას, უკვე ორივე ხანში შევიდა – მეჩიკოვიც და ავტომობილიც.
ივანი
ივანიც ჯონის მესამე რიგის ბიძაშვილია. საკუთრივ, ისინი სეხნიები არიან – ივან მეჩიკოვი და John Metchikoff.
20 წლის წინ, ივანს ფოტო გადავუღეთ, როდესაც ჯონს დიდი ბაბუის საფლავს აჩვენებდა. ახლა ის 79 წლისაა და დროს სახლში, ცოლთან ერთად ატარებს – ჭკვიან და ტაქტიან ანასთან.
ჯონი რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა. სოციალურ ქსელებში მისი შვილი ადამი ვნახე, მაგრამ, როგორც ჩანს, ის თავისი წინაპრების მიწისადმი დიდ ინტერესს არ ამჟღავნებს.
პური
მაშინ, 20 წლის წინ, ჩვენ ძალიან გვინდოდა გვენახა, როგორ აცხობენ მალაკნები პურს. ამის გაკეთება მას შემდეგ მოვახერხეთ, რაც სოფელში რამდენჯერმე ვიმოგზაურეთ და ერთ-ერთ მასპინძელს შევუთანხმდით, რომელმაც, ბოლოს და ბოლოს, ნამდვილ რუსულ ღუმელში გამოაცხო პური.
ჩვენ ასევე გავიგეთ, როგორ ამზადებენ ცნობილ კომბოსტოს მწნილს მალაკნურად.
ატრია
ამჯერად ფიოლეტოვოდან მალაკნური ატრიის რეცეპტით დავბრუნდი.
თავდაპირველად, ბუნებრივია, უნდა მომზადდეს ცომი. მასში მიდის ფქვილი, სახლის (არა მაღაზიაში ნაყიდი) კვერცხი, ცოტა წყალი და მარილი.
ცომი ძალიან თხელ ფურცლებად იყოფა, რომელიც შემდეგ ოდნავ ხმება ლითონის დაფაზე, რომელიც ცეცხლზეა დადებული, „რათა კვამლის სუნი მიიღოს“.
ასეთ დაფებზე ქურთები მთებში ლავაშს აკეთებენ – იმ განსხვავებით, რომ ის უნდა იყოს გამომცხვარი, ატრია კი გამომხმარი.
შემდეგ გამხმარი ფურცლები გადაახვიეთ და წვრილად დაჭერით.
და აი, ეს არის ნამდვილი ატრია. მაგრამ ეს მხოლოდ ნახევარფაბრიკატია, იმიტომ რომ, შემდეგ მისი მოხარშვაა საჭირო, მაგრამ არა წყალში, არამედ ბულიონში – ქათმის ან საქონლის. და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება მისი ჭამა. სოფელში არც ერთი ქორწილი არ იმართება ატრიის გარეშე.
ძროხები
და, რა თქმა უნდა, რა არის სოფელი ძროხების გარეშე? და თუ არის ძროხები, ისინი უნდა მოიწველოს. მაგრამ 20 წლის წინ, ჩვენთვის მოწველის პროცედურა პრიორიტეტული არ იყო – ვფიქრობდით, რომ ყველა სოფელში, ეროვნული ტრადიციების მიუხედავად, ძროხებს ერთნაირად წველიან.
საერთო ჯამში, ეს ასეც არის.
მაგრამ წელს მომიწია მთებში ასვლა, მალაკნების „სადგომში“, სადაც ალექსეი ნოვიკოვს ოჯახთან ერთად ზაფხულობით ძროხები აჰყავს. სიტყვა „სადგომი“ ბრჭყალებში ჩავსვი, რადგან ეს აკურატულად აგებული რამდენიმეოთახიანი პატარა სახლია, სადაც არის ელექტოდენი, მობილური კავშირი და ინტერნეტიც კი.
მობილური და ინტერნეტი
20 წლის წინ, ფიოლეტოვოში მხოლოდ ერთი ტელეფონი იყო, მობილური კავშირი არ მუშაობდა, ინტერნეტის შესახებ გაგებულიც არ ჰქონდათ, რელიგიური ლიდერები, უხუცესები კი ტელევიზორის ყურებას უკრძალავდნენ.
ახლა ეს აკრძალვები წარსულში დარჩა. სოფელში შესანიშნავად მუშაობს მობილური კავშირი და ინტერნეტი, რომელსაც თითქმის ყველა მოიხმარს.
ქვედა კადრში, მობილურით – ტატიანა და მისი ხუთი შვილიდან სამი. 20 წლის წინ ის მოკისკისე გოგონა იყო, ახლა კი, მარიას მსგავსად, სკოლა დაამთავრა და გათხოვდა.
მისი შვილები – ეს უკვე ფიოლეტოვოში მცხოვრები მალაკნების ახალი თაობაა.