მაკა ბოჭორიშვილი: ევრონესტი ვერ მიუთითებს ქართველ ხალხს, რა მიმართულებით უნდა წაიყვანოს საკუთარი ქვეყანა
გაზიარება
გაზიარება
მაკა ბოჭორიშვილი ევრონესტზე
“[ევრონესტი] ეს არ არის ერთგვარი კლასის დამრიგებლების გაერთიანება, რომ მეზობელ ქვეყნებს ასწავლონ, როგორ უნდა წარმართონ შიდა პოლიტიკა, რა სჭირდება, ამ შემთხვევაში – ევრონესტის დელეგაცია ვერ მიუთითებს ქართველ ხალხს, რა მიმართულებით უნდა წაიყვანოს საკუთარი ქვეყნის განვითარება”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სწორია საქართველოს დელეგაციის გადაწყვეტილება, რომ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სესიაში მონაწილეობა არ მიიღოს. ბოჭორიშვილი ასევე აღნიშნავს, რომ პლატფორმა, რომელიც შექმნილია თანამშრომლობისთვის და ამ მიზანს აღარ ემსახურება, ვერ იქნება საინტერესო.
მანამდე “ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ “ევროპარლამენტის ამ ძალების მხრიდან მტრული და ვიწრო პოლიტიკური მიდგომების გათვალისწინებით”, საქართველოს მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაცია მონაწილეობას არ მიიღებს ევრონესტის შემდგომ სესიებში.
“ეს პლატფორმა არასდროს ყოფილა ამ მიზნით შექმნილი. არცერთ მის დოკუმენტში არ წერია, რომ ევრონესტი იმისთვის იყო შექმნილი, მეზობელ ქვეყნებთან ასეთი დამოკიდებულება ყოფილიყო ევროპარლამენტის დელეგაციის მხრიდან. სამწუხაროა, როგორც განვითარდა მუშაობა.
ამ პლატფორმას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან უკვე ძალიან ბევრი ქვეყანა აკლია. საქართველოს დელეგაციის გადაწყვეტილება არის სწორი. გამომდინარე იქიდან, რომ პლატფორმა, რომელიც შექმნილია თანამშრომლობისთვის და ამ მიზანს აღარ ემსახურება, ვერ იქნება საინტერესო ჩვენთვის.“ – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
31 ოქტომბერს ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეამ გამოაქვეყნა რეზოლუცია, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოში ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა სერიოზული დემოკრატიული უკუსვლა აჩვენა. განცხადების მიხედვით, საქართველო საუკეთესო მაგალითია იმის, თუ როგორ ცდილობს რუსეთი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საინფორმაციო სივრცეში დომინირებას – “იქ, სადაც სამხედრო გზით არ ერევა”.
რეზოლუციაში საუბარია 2024 წლის 26 ოქტომბერს “გაყალბებულ საპარლამენტო არჩევნებზე”, მთავრობის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გადადებაზე და შემდგომი ანტიდემოკრატიული საკანონმდებლო აქტების განხორციელებაზე.
ევრონესტის თანახმად საპარლამენტო ასამბლეა გმობს “ქართული ოცნების” რეჟიმის” სისტემურ თავდასხმას საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებზე, პოლიტიკურ ოპოზიციაზე, დამოუკიდებელ მედიაზე, სამოქალაქო საზოგადოებაზე, აკადემიურ წრეებსა და სასამართლო დამოუკიდებლობაზე.
საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ერევანში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მე-12 პლენარულ სესიაში მონაწილეობა არ მიიღო.