კორუფციული სკანდალი სომხეთში: გიუმრის მერი დააკავეს
გიუმრის მერი დააკავეს სომხეთში
სომხეთის ქალაქ გიუმრის მერი, ვარდან გუკასიანი, კიდევ შვიდ პირთან ერთად კორუფციისა და ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა ანტიკორუფციულმა კომიტეტმა.
გამოძიების ცნობით, სომხეთის მეორე უდიდესი ქალაქის მერი და ქალაქის მთავარი არქიტექტორი შეთანხმდნენ, რომ ქრთამის — 4 მილიონი დრამის (დაახლოებით 10,500 აშშ დოლარი) — სანაცვლოდ ლეგალიზაცია გაეწიათ უნებართვო მშენებლობისთვის.
საგამოძიებო მოქმედებები დილით დაიწყო: ეროვნული უშიშროების სამსახურის თანამშრომლები გიუმრის მერიის შენობაში შენობაში. მერი მათთან რამდენიმე საათის განმავლობაში საკუთარ კაბინეტში საუბრობდა. მერის მრჩეველმა, ლილიტ აგეკიანმა, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ “მერი საკუთარ კაბინეტში იზოლირებულია, მიმდინარეობს ჩხრეკა, ამოიღეს დოკუმენტები და კომპიუტერები”.
“ჩვენ არ გვაქვს პრობლემა, არაფერს ვმალავთ. ვმოქმედებთ კანონის ფარგლებში და ყველაფერი კარგად იქნება,“ — განაცხადა გუკასიანმა მხარდამჭერებთან საუბრისას, მას შემდეგ რაც კაბინეტიდან გამოვიდა.
მერიის შენობასთან დილიდანვე პოლიციის კორდონი იყო გამაგრებული. ადგილზე გუკასიანის მხარდამჭერები შეიკრიბნენ და ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამართალდამცავებმა მერი შენობიდან უკანა გასასვლელით გამოიყვანეს. სოციალურ ქსელებში კი გამოჩნდა ვიდეო, რომელშიც გუკასიანი ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად შენობას ტოვებს და ავტომობილებში ჯდება, რომლსაც იგი ერევანში, ანტიკორუფციულ კომიტეტში უნდა გადაეყვანა.
გუკასიანის ადვოკატის, არამაის აირაპეტიანის, თქმით, მერს ბრალდება ოფიციალურად წარდგენილი არ აქვს და არსებობს ეჭვი, რომ „გამოძიება მის წინააღმდეგ მტკიცებულებების შეგროვებას ცდილობს“.
დაკავებამდე გუკასიანმა მიმართა გიუმრის მოსახლეობას და განაცხადა, რომ სამართალდამცველთა ქმედებები მის თანამდებობიდან ჩამოშორებას ისახავს მიზნად.
გუკასიანმა პოლიტიკური ყურადღება პირველად გიუმრის მერად არჩევის შემდეგ მიიპყრო, როდესაც გამოვიდა სომხეთის რუსეთისა და ბელარუსის კავშირის სახელმწიფოსთან მიერთების ინიციატივით. რამდენიმე კვირის წინ ამ საკითხზე პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმაც ისაუბრა:
„ჩვენ უნდა გამოვრიცხოთ პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცხოვრებიდან ის ადამიანები, რომლებიც რესპუბლიკის სუვერენიტეტის წინააღმდეგ გამოდიან,“ — განაცხადა ფაშინიანმა.
სომხეთის კომუნისტურმა პარტიამ, რომლის წევრიც გუკასიანია, ფაშინიანის განცხადება „პოლიტიკური რეპრესიების დაწყების საჯარო ბრძანებად“ შეაფასა.
მთავრობის მომხრეების განცხადებით, გუკასიანი და მისი თანაგუნდელები ხელისუფლების ხელში ჩაგდებას ცდილობენ და გეგმავენ „2026 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გაიმეორონ ის, რაც გაზაფხულზე მუნიციპალურ დონეზე მოახერხეს“. მათი თქმით, ხელისუფლება ამას არ დაუშვებს.
30 მარტს გიუმრში გამართულმა რიგგარეშე მუნიციპალურმა არჩევნებმა გადამწყვეტი გამარჯვებული ვერ გამოავლინა. ყველაზე მეტი ხმა მიიღო მმართველმა პარტიამ — “სამოქალაქო შეთანხმებამ“, თუმცა ოპოზიციურმა პარტიებმა არ ისურვეს მასთან კოალიციის შექმნა. შედეგად, ოთხი ოპოზიციური პარტიიდან სამმა მხარი დაუჭირა კომუნისტური პარტიის კანდიდატს, ვარდან გუკასიანს.
მერის მიმართვა: “სახელმწიფომ არ უნდა შეზღუდოს გიუმრის დამოუკიდებლობა“
დაკავებამდე გიუმრის მერმა ვარდან გუკასიანმა ქალაქის მცხოვრებლებს მიმართა მოწოდებით, დაიცვან „გიუმრის ღირსება და დამოუკიდებლობა“.
“ამჟამად მერიაში ტარდება მოქმედებები, რომლებიც მიზნად ისახავს მერის გადაყენებას. თუმცა საქმე მხოლოდ ერთ პირზე არ არის — ეს გიუმრის დამოუკიდებლობის საკითხია. სახელმწიფომ არ უნდა შეზღუდოს ჩვენი ქალაქის თვითმმართველობა,“ — განაცხადა გუკასიანმა ვიდეომიმართვაში.
მისი თქმით, გიუმრის მცხოვრებლებმა უნდა დაიცვან „საკუთარი ქალაქის არჩევანი და მერის დაცვის უფლება“.
„გამოდით, ისაუბრეთ, არ დადუმდეთ — გიუმრის ძალა მის მოქალაქეებშია,“ — თქვა მან.
კომუნისტური პარტია აცხადებს „პოლიტიკურ დევნაზე“
გიუმრის საკრებულოს კომუნისტური პარტიის წევრებმა სომხეთში აკრედიტებულ დიპლომატებს მიმართეს განცხადებით, სადაც ამბობენ, რომ „კანონიერად არჩეული ოპოზიციური მერი პოლიტიკური დევნის მსხვერპლია“.
მათი თქმით, ხელისუფლება იყენებს როგორც „პოლიტიკურ“, ისე „ძალისმმიერ მეთოდებს“ მერის წინააღმდეგ.
„პოლიტიკური დევნა გამწვავდა მას შემდეგ, რაც სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პარლამენტის ტრიბუნიდან საჯაროდ განაცხადა, რომ უნდა დაიწყოს პოლიტიკური რეპრესიები გიუმრის მერის მიმართ,“ — ნათქვამია განცხადებაში.
პარტიის წევრებმა ასევე გაიხსენეს მაღალი რანგის სასულიერო პირების დაკავებები და აღნიშნეს, რომ ხელისუფლება „დემოკრატიის საფარქვეშ ახორციელებს პოლიტიკას, რომელიც თავისუფალი სიტყვისა და განსხვავებული აზრის წინააღმდეგ არის მიმართული“.
კომენტარები
სომხეთის მმართველი პარტიის დეპუტატებმა და ოპოზიციურმა პოლიტიკოსებმა ერთმანეთის საწინააღმდეგო განცხადებები გაავრცელეს.
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ეროვნული კრების ვიცე-სპიკერმა რუბენ რუბინიანმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ გუკასიანს „ექვსი თვე და ერთი დღე დასჭირდა, რათა დაბრუნებულიყო თავის საყვარელ საქმიანობასთან — კორუფციასთან“.
„პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება მათ, ვინც ის მერად „დანიშნა“ — [ყოფილ პრეზიდენტებს] რობერტ ქოჩარიანს, სერჟ სარგსიანს, პარტიას ‘დაშნაკცუტიუნს’ და სხვებს. პასუხისმგებლობა უნდა გაიზიარონ მათაც, ვინც ის „დალოცა“ — კათოლიკოსმა გარეგინ მეორემ და მისმა არქიეპისკოპოსებმა, რომლებიც ძალაუფლებას ესწრაფვიან,“ — განაცხადა რუბინიანმა.
მისივე თქმით, ოპოზიცია ცდილობს 2026 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „გაიმეოროს იგივე სქემა, რათა დაბრუნდეს ხელისუფლებაში“, თუმცა მმართველი პარტია ამას არ დაუშვებს.
პარტია „სამოქალაქო შეთანხმების“ ფრაქციის ლიდერმა აიკ კონჯორიანმა გუკასიანი „კორუფციაში ჩაფლულ ფიგურად“ მოიხსენია და განაცხადა, რომ ის წარმოადგენს „ყოფილი ხელისუფლების — ქოჩარიანისა და სარგსიანის რეჟიმის სიმბოლოს“.
„შეხედეთ ვარდანიკს და გაიხსენეთ, რისი გაკეთება შეუძლიათ ქოჩარიანს, სარგსიანს, კორუმპირებულ საეკლესიო ოლიგარქიას და მათ პოლიტიკურ მოკავშირეებს,“ — დაწერა კონჯორიანმა.
ოპოზიცია ხელისუფლებას პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებს
ოპოზიციური ფრაქციის „აიასტანი“ წევრმა, ადვოკატმა არამ ვარდევანიანმა განაცხადა, რომ მერის წინააღმდეგ აღძრული საქმე არის „პოლიტიკური დანაპირების შესრულება“, რომელიც პრემიერ-მინისტრმა რამდენიმე კვირის წინ პარლამენტის ტრიბუნიდან გააჟღერა.
„თუ ვინმემ იცის სხვა ევროპული ქვეყანა, სადაც ასე მჭიდროდ არის შერწყმული პოლიტიკური პროცესები და სისხლისსამართლებრივი ბერკეტები — მითხარით. სწორედ ასე გამოიყურება დემოკრატიის კრიზისი,“ — თქვა ვარდევანიანმა.
ბიზნესმენის, სამველ კარაპეტიანის მიერ დაფუძნებულმა მოძრაობამ „საკუთარ გზაზე“ გუკასიანს საჯარო მხარდაჭერა გამოუცხადა და ხელისუფლება „დაუმსახურებელ დევნაში“ დაადანაშაულა.
„გიუმრის არჩეული მერის წინააღმდეგ ტარდება აშკარად არაპროპორციული და სასტიკი დევნა. ხელისუფლება, რომელმაც დაკარგა ხალხის ნდობა, ადრე თუ გვიან ყველა მოქალაქეს შეეხება. თუ საზოგადოება ახლა არ გამოხატავს პროტესტს, ქვეყანა ტოტალურ დიქტატურაში გადაიზრდება,“ — ნათქვამია მოძრაობის განცხადებაში.