კორონავირუსმა მსოფლიოში ნავთობის ფასი დააგდო და ეკონომიკური კრიზისის საფრთხე შექმნა. ყველა დეტალი
ძირითადი წყარო – BBC.
ერთი ბარელი Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 26 დოლარზე ქვემოთ ჩამოვიდა – პირველად 2003 წლის შემდეგ. რუსული Urals-ის – 25 დოლარზე ქვემოთ.
კონტრაქტების ფასები Brent-ის მარკის ნავთობის მიწოდებაზე მაისში ლონდონის ბირჟაზე 9.6%-მდე დაეცა. რუსული ნავთობის მიწოდებაზე ფიუჩერსების გაყიდვას საერთოდ ვერ ახერხებენ.
ნავთობის ფასი ვარდნას აგრძელებს ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელებისა და ოპეკსა და ნავთობის მომპოვებელ სხვა ქვეყნებს შორის არსებული უთანხმოების ფონზე.
პანდემიამ ნავთობის ბაზარს ორი მხრიდან დაარტყა:
• ჩინეთიდან სათადარიგო ნაწილებისა და სხვა კომპონენტების მიწოდება შეწყდა, რის გამოც შენელდა წარმოება სხვა ქვეყნების საწარმოებში.
• გლობალური კარანტინის გამო შეჩერდა ტურიზმი, მკვეთრად შემცირდა საავტომობილო და საავიაციო გადაზიდვები – ნავთობის, ბენზინისა და საავიაციო ნავთობის მოხმარება მკვეთრად შემცირდა.
კიდევ ერთი დარტყმა ბაზარზე – რუსეთის გასვლა ოპეკთან გარიგებიდან
ამ გარიგებამ უზრუნველყო ყველა მწარმოებლისთვის ნავთობის მაღალი ფასი.
15 თებერვალს, რუსეთის ინიციატივით გარიგების ჩაშლის შედეგად, მასსა და ნავთობის მწარმოებელ სხვა ქვეყნებს შორის ფასების ომი დაიწყო, რომელსაც ჯერჯერობით რუსეთი აგებს. არაბულ ნავთობს ევროპასა და ჩინეთს აპრილში, 12 დოლარზე ცოტათი ძვირად სთავაზობენ.
ვინ მოიგო და ვინ წააგო
ჯერჯერობით, მთავარი წაგებული რუსეთია, რომლის ბიუჯეტიც ნავთობის ფასის ვარდნის გამო, ყოველდღიურად 100-დან 150 მილიონ დოლარამდე კარგავს. უფრო მეტიც, როდესაც ნავთობის ფასი მატებას დაიწყებს, ის უკვე ვეღარ შეძლებს დაუბრუნდეს იმ ბაზრებს, სადაც ტრადიციულად ვაჭრობდა ხოლმე საკუთარი ნავთობით – მომხმარებლები სხვა მიმწოდებლებთან წავლენ და საკუთარი მიწოდების სისტემებსა და ნავთობგადამამუშავებელ საწარმოებს მათ პროდუქციაზე გადააწყობენ.
წააგეს არაბულმა ნავთომომპოვებელმა ქვეყნებმაც, პირველ რიგში, საუდის არაბეთმა. მაგრამ ისინი ზარალის ანაზღაურებას მოელიან კრიზისის დასრულების შემდეგ – იმის ხარჯზე, რომ დარჩებიან ახალ ბაზრებზე, საიდანაც რუსეთი განდევნეს.
ჯერჯერობით მოგებულები მომხმარებლები არიან – ფასი ბენზინსა და დიზელის საწვავზე მცირდება. პირველ რიგში, აშშ, რომელიც ერთდროულად ნავთობის მწარმოებელიც არის და მისი უმსხვილესი იმპორტიორიც. ამერიკელი მოხმარებლების კმაყოფილება მოახლოებული, ნოემბერში გასამართი საპრეზიდენტო არჩევნების წინ, ხელს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს აძლევს.
როდის ველოდოთ ფასების კრიზისის დასრულებას ნავთობის ბაზარზე
ეს დამოკიდებულია გლობალური ეკონომიკის აღდგენის სისწრაფესა და ეფექტურობაზე. მთავრობებმა უკვე გამოაცხადეს საკუთარ ქვეყნებში ბიზნესისთვის გამოყოფილი სახელმწიფო დახმარების მოცულობის შესახებ:
აშშ-ში საუბარია 850 მილიარდი დოლარის დახმარებაზე.
დიდი ბრიტანეთის მთავრობამ 330 მილიარდი ფუნტის გამოყოფის პირობა დადო.
იტალია – 340 მილიარდი ევრო.
ესპანეთი – 200 მილიარდი ევრო.
რუსეთი – 3.5 მილიარდი დოლარი (შედარებისთვის – უფრო მეტს შეჰპირდა საკუთარ ბიზნესს ლიეტუვაც კი – 3.7 მილიარდს).
• ევროკავშირი რუსეთს კორონავირუსთან დაკავშირებით დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს