კონსენსუსის სახელით
საარჩევნო კოდექსი, რომელსაც თვეების განმავლობაში განიხილავდნენ და რასაც ცხარე კამათი და გამოსვლები ახლდა, საბოლოოდ მიიღეს. ოქტომბრის ბოლოს ეროვნულმა კრებამ ეს დოკუმენტი დაამტკიცა. მიღწეულ კონსენსუსს “ისტორიული” უწოდეს როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიცის წარმომადგენლებმა.
სომხეთის პოლიტიკური სპექტრი სომხეთის საარჩევნო კოდექსის რეფორმირებაზე 2016 წლის მარტიდან მუშაობდა. პროცესი “4+4+4” ფორმატით მიმდინარეობდა და მასში ხელისუფლების, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების 4-4 წევრი მონაწილეობდა. რეფორმების აუცილებლობა იმ საკონსტიტუციო ცვლილებებითაა ნაკარნახევი, რომლებიც რეფერენდუმის შედეგად მიიღეს.
ოპოზიციამ გარკვეული პირობები წამოაყენა, ხელისუფლებამ კი ნაწილობრივ ან სრულად დააკმაყოფილა ის მოთხოვნები, რომლებიც გონივრულად და შესაფერისად მიიჩნია.
საარჩევნო კოდექსის მიღებას ძალიან დიდი მნიშნელობა ჰქონდა არამხოლოდ სომხეთის პოლიტიკური სპექტრისთვის, არამედ მრავალი ევროპული ორგანიზაციისათვის – ამ დოკუმენტის დამტკიცებას დიდ მნიშნელობას ანიჭებს ევროსაბჭოს ვენეციის კომისია და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ბიურო.
ევროპელმა ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ პროექტში შესულ ცვლილებებს მიესალმებიან. ამასთან, გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით მათ საკუთარი მოსაზრებებიც გამოთქვეს. კერძოდ, საუბარია პუნქტზე, რომელიც დოკუმენტში ასეთი სახელითაა წარმოდგენილი: “ამომრჩეველთა უკვე ხელმოწერილი სიების პუბლიკაცია”. ვენეციის კომისიის მოსაზრებით, ეს პუნქტი ადამიანის პერსონალური ინფორმაციის კონფიდენციალურობის პრონციპს არღვევს და ამიტომ ამ პირობის გადახედვის რეკომენდაციას იძლევა.
ოპოზიციასთან ისტორიული კონსენსუსის მისაღწევად ხელისუფლებამ ევროპელების მოწოდება უგულებელყო და კენჭისყრის შემდეგ ამომრჩევლების მიერ ხელმოწერილი სიების გასაჯაროვების შესაძლებლობა დააკანონა.
ხელისუფლების პოზიცია
მმართველი რესპუბლიკური პარტიის წევრი ვაგრამ მკრტიჩიანი თავიდანვე ეწინააღმდეგებოდა სიების გამოქვეყნებას, რაც არაერთხელ აღნიშნა:
“დიახ, თავისი არსით ეს ხმის მიცემის საიდუმლოების ნაწილია. ახლა ამ თემაზე საუბარს აზრი არ აქვს – თუნდაც ვენეციის კომისია განიხილავდეს ამ საკითხს, გნებავთ რომელიმე სხვა სტრუქტურა. მთავარია ის, რომ მონაწილეობა-არმონაწილეობაც საიდუმლოებაა – გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის ადამიანის გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, უნდა თუ არა ამის გაცხადება. ვერ ვხედავ იმის პრობლემას, რომ ეს ვალდებულებად აღიარონ; მაგრამ დღეს პოლიტიკური კონსენსუსის შედეგად გადავწყვიტეთ, რომ სიები უნდა გამოქვეყნდეს.
ვენეციის კომისიის განცხადებებს რეკომენდაციის ხასიათი აქვს. ვერ ვხედავ პრობლემას იმაში, რომ პოლიტიკური შეთანხმების შედეგად სიებს გავასაჯაროვოთ. და მე მივესალმები ჩვენს პოლიტიკურ ნებას, რომლის საფუძველზეც, ვენეციის კომისიის უარყოფითი დამოკიდებულების მიუხედავად, კონსენსუსს მივაღწიეთ. ოპოზიცია დიდხანს ამახვილებდა ამ საკითხზე ყურადღებას და თუკი მათ ეს სჭირდებათ, ჩვენ მათ ამ პირობას ვუქმნით. თუმცა, მე დარწმუნებული ვარ, რომ საარჩევნო პროცესი ისედაც სამართლიანი და გამჭვირვალე იქნება”.
ოპოზიციის დამოკიდებულება
ხელმოწერილი სიები არა ხელისუფლების კეთილი ნებით, არამედ აქტიური პოლიტიკური დიალოგისა და მუშაობის შედეგად გამოქვეყნდება. ასე მიაჩნია პარტია “აყვავებული სომხეთის” ხელმძღვანელს, ნაირა ზოგრაბიანს:
“ვერ ვიტყვით, რომ უპრეცედენტო გმირობა ჩაიდინეს და, ვენეციის კომისიის მოსაზრების მიუხედავად, ეს ნორმა მიიღეს. არა. სტრასბურგში ყოფნისას მე პირადად ვესაუბრე კომისიის ექსპერტებს, რომლებიც, მთლიანობაში, მოსაზრებას არ იცვლიან საარჩევნო სიებთან დაკავშირებით; მაგრამ კომისიის წევრები ამ ახალი ნორმის საარჩევნო კოდექსში ჩაწერას არ ეწინაარმდეგებიან.
მათი ფორმულირება ასეთია – ჩვენ არ მივესალმებით, მაგრამ თუკი თქვენი საარჩევნო კულტურა გკარნახობთ, ასე მოიქცეთ, ჩვენ პროტესტს არ გამოვთქვამთ. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ რომელიმე არჩევნებზე ეს საკითხი რაიმე გართულებას ვერ გამოიწვევს – რადგან ყველა, და მათ შორის ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ბიურო, კარგად ერკვევა სომხური არჩევნების დეტალებში.
შეიძლება სრულყოფილი საარჩევნო კოდექსი გვქონდეს, მაგრამ თუკი ხელისუფლებას შესაბამისი პოლიტიკური ნება არ აქვს, ის მაინც ყველაფერს იღონებს თავის დასამკვიდრებლად”.
სამოქალაქო საზოგადოების პოზიცია
სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი, ანტიკორუფციული ცენტრ “ტრანსპარენსი ინტერნეიშენალის” კონსულტანტი, ერიკნაზ ტიგრანიანი, რომელიც “4+4+4” ფორმატის განხილვებში არ მონაწილეობდა, აღნიშნავს, რომ ხელმოწერილი სიების გამოქვეყნების პუნქტმა გაუგებრობა გამოიწვია, და არა სიხარული. იგი აღნიშნავს, რომ თავიდან მათ ეიფორია დაეუფლათ იმის გამო, რომ ხელისუფლება დათმობაზე წამოვიდა, მაგრამ შემდეგ გაჩნდა კითხვა, თუ რატომ უგულებელყვეს ასეთი ავტორიტეტული ორგანიზაციის პოზიცია:
“ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ ხელისუფლებას სიების გამოქვეყნების ალტერნატიული ნაბიჯიც ჰქონდა რეზერვში. აღმოჩნდა, რომ ასეთი ნაბიჯია – სხვების ნაცვლად ხმის მიცემის კრიმინალიზაცია, და ჩვენ ერთმნიშვნელოვნად გავილაშქრეთ ამის წინააღმდეგ. თუკი სხვის ნაცვლად ხმის მიცემა დასჯადი ქმედება გახდება, მსგავსი შემთხვევებთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელებას ვეღარავინ გაბედავს, ან, საუკეთესო შემთხვევაში, ძალიან ფრთხილასდ იმოქმედებს.”
ექსპერტის აზრით, ამომრჩეველთა პირადი მონაცემების გამოქვეყნების გადაწყვეტილება კარგი ცხოვრებისა და დადებითი გამოცდილების შედეგად არ მიუღიათ. იგი მიიჩნევს, რომ ეს უნდობლობით არის გამოწვეული. თუკი ევროპულ ქვეყნებს პირადი მონაცემების გამოქვეყნება საარჩევნო პროცესის უზრუნველყოფისთვის ხელის შემშლელ ფაქტორად შეიძლება მოეჩვენოთ, სომხეთისათვის ეს მეთოდი არჩევნების შედეგების გაკონტროლების ერთადერთი გზაა. მოკლედ რომ ითქვას, სახელმწიფოსთვის არჩევნები მოქალაქისა და ამომრჩევლის ინტერესებზე უფრო პრიორიტეტულია.
ექსპერტის მოსაზრება
პოლიტიკის ანალიტიკოსის, ვიგენ აკოფიანის აზრით, განსხვავებით ევროპისგან, სადაც ხელმოწერილი სიების გამოქვეყნება მოქალაქის გაკონტროლების მცდელობად შეიძლება აღიქვან, სომხეთში ამ პრაქტიკას სულ სხვანაირი ეფექტი ექნება:
“ჩემი აზრით, ეს სასარგებლო ინსტრუმენტია. სიების გამოქვეყნების საკითხი ყოველთვის აქტუალური იყო (განსაკუთრებით, ბოლო 10 წლის განმავლობაში), მაგრამ ხელისუფლება ამას უგულებელყოფდა და არგუმენტად ზოგიერთი საერთაშორისო სტრუქტურის მიდგომას იყენებდა. შვეიცარია რომ ვიყოთ, იმ დეტალების გათვალისწინებაც შეგვეძლებოდა, რაზეც ვენეციის კომისია ლაპარაკობს. მაგრამ მიმაჩნია, რომ ამჟამად ჩვენთვის პრიორიტეტულია საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა – მისადმი ნდობა რომ გაგვიჩნდეს.”
გამოქვეყნდა: 08.11.2016