თვალსაზრისი: რა მოხდება, თუკი აზერბაიჯანში ძალადობისთვის მომჩივანი არავინ იქნება?
ა
ხლახან ქალებზე ოჯახური ძალადობისადმი მიძღვნილ ერთ ღონისძიებაში ვმონაწილეობდი. ქალები პოლიციის შესახებ ჩიოდნენ. ისინი პოლიციას მამებისა და ქმრების მიერ მათი ცემის გამო მიმართავდნენ, თუმცა პოლიციელები მათ უკან აბრუნებდნენ, და თან ჭკუასაც არიგებენ ღირსების, ზნეობისა და მოთმინების შესახებ, რაც პატიოსან ქალს უნდა ახასიათებდეს.
ამ მომენტში მივხვდი, რომ პოლიციელი აზერბაიჯანში საშუალო სტატისტიკური მამასავით იქცევა. მამა, რომელსაც მიაჩნია, რომ მისი მამობრივი ვალი მხოლოდ ოჯახის ღირსების დაცვაა, ხოლო მამაკაცური ვალი – თავის უბანში მორალის სადარაჯოზე დგომა.
ანუ საშუალო სტატისტიკური მამა, რომელიც სულ ამას იმეორებს: „ხმა არ ამოიღო, გაჩუმდი, თორემ შენც შერცხვები და შენს გამო – მეც“.
ლერიკელი მამის მსგავსად, რომელმაც იცის, რომ მისი 14 წლის გოგონა გააუპატიურეს, ყველაფერს უარყოფს, მოძალადეს მოკავშირე ხდება და შვილის მასზე გათხოვებას აპირებს, რათა ოჯახს „სირცხვილი ააცილოს“, პოლიციელებიც, იმის ნაცვლად, რომ კანონი დაიცვან, „მორალის“ დამცველებად გვევლინებიან და საქმის მიჩქმალვას ამჯობინებენ.
ამ ქვეყანაში მამებს არ აღელვებთ თავიანთი ქალიშვილების გრძნობები, ქმრებს – ცოლების გრძნობები, პოლიციელ მამაკაცებს კი ქალების გრძნობები არ აღელვებთ.
სწორედ იმ ღონისძიებაზე დეპუტატი სიტყვით გამოსვლისას ქალების უფლებებს შეეხო, და თქვა: „ქალებს თავისუფლება უნდა მიეცეთ, ოღონდ ზომიერად“.
ანუ, ვიღაც მამრობითი სქესის ადამიანი თავს უფლებას აძლევს, გადაწყვიტოს, თუ მე რა ხარისხით უნდა ვიყო თავისუფალი. ამ დეპუტატს აქვს საშუალო სტატისტიკური მამის კომპლექსი, რომელსაც მიაჩნია, რომ ქალიშვილისთვის თავისუფლების მიცემა უზნეობაა; დეპუტატს, რომელსაც ჩვენს კანონმდებლობას ვანდობთ.
ს
ხვა ღონისძიებაზე, რომელიც ასევე ქალებს ეხებოდა, ერთ-ერთი მონაწილე იმ სკოლის შესახებ ჩიოდა, რომელშიც მისი ქალიშვილი სწავლობს. მან თქვა, რომ იძულებული გახდა, მასწავლებლებს დალაპარაკებოდა, რათა მისი ქალიშვილისთვის აღარ წაეკითხათ ლექცია თემაზე „მოიქეცი გოგონასავით“, „შენ ხომ მომავალი საპატარძლო ხარ“ და ასე შემდეგ.
მაშინ კი ჩემთვის ნათელი გახდა, რომ ჩვენ კიდევ დედობრივი კომპლექსის მქონე მასწავლებლების ხელშიც ვართ. ამ მასწავლებლებისთვის, პოლიციელებისა და დეპუტატებისთვის სამსახურში თავიანთი შინაური ყოფა-ქცევის გაგრძელება ნორმაა.
ის მშობლები, რომლებიც თავიანთ შვილებს შთააგონებენ, რომ ზნეობა მხოლოდ ჩუმად ყოფნა, „სწორად“ ჩაცმა და გათხოვებაა.
მშობლები, რომლებიც თავიანთ შვილებს, მათი ასაკისდა მიუხედავად, თავისუფლებას უზღუდავენ.
მშობლები, რომლებიც მუდმივად სცემენ თავიანთ შვილებს – ისინი ვერავითარ პრობლემას ვერ ხედავენ იმაში, რომ საბავშვო ბაღებსა და პოლიციის განყოფილებებში სხვის შვილებსაც ასევე სცემონ.
მათ ნორმალურად მიაჩნიათ, რომ თავიანთ პროფესიულ საქმიანობაში არა განათლებითა და უფლებების დაცვით დაკავდნენ, არამედ მორალის გაკვეთილების კითხვით.
შედეგად საზოგადოებაში იზრდებიან გაუნათლებელი ადამიანები, რომლებმაც საკუთარი უფლებები არ იციან, თავიანთი თავისუფლებისთვის ხმას არ იღებენ, სამაგიეროდ, სხვების ჩაცმულობასა და ქცევაში ცხვირს ყოფენ, ერთმანეთის გამჩუმებლები და გაუპატიურებული გოგონას მოძალადეზე გამთხოვებლები არიან, რათა ოჯახს „სირცხვილის ლაქა“ ჩამორეცხონ. და სწორედ ეს ადამიანები ასწავლიან სკოლებში, პოლიციელები, მოსამართლეები, ადვოკატები, დეპუტატები ხდებიან.
მ
აგრამ მათ გარდა, არსებობენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, რომლებსაც თითოეული ცალკეული ადამიანის უბედურება ანაღვლებთ. სამოქალაქო საზოგადოება იმისთვის არის საჭირო, რომ მთავრობასთან ითანამშრომლოს და დაეხმაროს მას, როდესაც ის თავად ვერ უმკლავდება პრობლემებს, და თითოეულისთვის დრო და სახსრები გამოყოს.
სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობას აკონტროლებს, ამასთანავე რთული სიტუაციებიდან გამოსვლის ალტერნატიულ გზებსაც გვთავაზობს, რათა სახელმწიფოს ტვირთი ნაწილობრივ მაინც შეუმსუბუქოს.
მაგრამ ჩვენი ქვეყანა სამოქალაქო საზოგადოებასთან არამხოლოდ არ თანამშრომლობს, არამედ პირიქით, ემტერება მას.
სამოქალაქო საზოგადოება იძულებულია თავისი საქმიანობა შეაჩეროს და სოციალურ ქსელებში, კაფეებსა და ჩაიხანებში გადაინაცვლოს. უკვე აღარავინ დარჩა, ვინც საზოგადოებრივი კონტროლით დაკავდება და პრობლემების გადაწყვეტის ალტერნატიულ გზებს შემოგვთავაზებს.
თუკი ეს სულისკვეთება გაგრძელდება, მაშინ ქაოსი და განუკითხაობა გარდაუვალია. დაიწყება დამნაშავეების თვითგასამართლება. ჩემს თავს ვეკითხები: ვინმემ ჩემზე რომ იძალადოს, მივმართავ თუ არა პოლიციას? ვიჩივლებ თუ არა საბავშვო ბაღის აღმზრდელებზე, რომლებიც ჩემს გოგონას სცემენ? და თუ მივმართავ, მაშინ ვის? ისევ იმ მამობრივი კომპლექსის მქონე პოლიციელებსა და განათლების სამინისტროს თანამშრომლებს? თუ მომიწევს, რომ სამართლიანობა დამოუკიდებლად, ისევ ძალადობრივი გზით აღვადგინო? და ჩემი ხელით ვესროლო იმას, ვინც მე და ჩემს შვილს გვაწყენინებს?
თავად ის ფაქტი, რომ ამ შეკითხვას ვსვამ, უკვე საშიშია. რადგან საკუთარი ხელით სამართლიანობის აღდგენის მეორე შესაძლებლობა უკვე ჰორიზონტზე მოჩანს, სულ ცოტა – როგორც შესაძლო ვარიანტი.
იზრდება იმის ალბათობა, რომ ამ მეთოდს ჩემსავით ათასობით სხვა ადამიანი მიმართავს. ჯერჯერობით ეს მხოლოდ ალბათობაა, მაგრამ განგაშის სიგნალი უკვე ანთია.