კომენტარი ერევნიდან: რუსეთი სომხეთს გაზის ფასების გაზრდით ემუქრება
რუსეთი სომხეთს გაზის ფასების გაზრდით ემუქრება
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის, განცხადებები სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ბოლო შეხვედრისას ერევანში აღიქვეს არა როგორც ჩვეულებრივი დიპლომატიური გზავნილები, არამედ როგორც გაფრთხილება – ან, ზოგიერთის შეფასებით, ფრთხილად შეფუთული ზეწოლა.
პუტინმა ღიად მიუთითა, რომ მოსკოვი უკმაყოფილოა სომხეთის მზარდი ინტერესით ევროკავშირთან დაახლოების მიმართ. მისი გზავნილი მკაფიო იყო: ერევანი ვერ შეძლებს ერთდროულად ისარგებლოს როგორც ევროკავშირის, ისე ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრობის უპირატესობებით, იმ ბლოკის, რომელიც რუსეთის პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენის ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტად რჩება. ამავე დროს, პუტინმა ფაშინიანს შეახსენა, რომ სომხეთის ეკონომიკური ზრდა ბოლო წლებში მნიშვნელოვნად იყო დაკავშირებული სწორედ ამ კავშირთან, განსაკუთრებით ექსპორტის ათმაგი ზრდის ფონზე.
ენერგეტიკული საკითხი შეხვედრის ერთ-ერთ მთავარ თემად იქცა. პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპაში გაზის ფასი 1000 კუბურ მეტრზე 600 დოლარს აჭარბებს, მაშინ როცა სომხეთი რუსულ გაზს დაახლოებით 177.5 დოლარად იღებს და ეს არის განსხვავება, რომელიც, მისი თქმით, პოლიტიკური არჩევანის რეალურ ფასს ასახავს.
“საბოლოოდ, ეს თქვენი გადაწყვეტილებაა – სად და ვისთან ითანამშრომლებთ,“ — თქვა მან.
მეორე დღეს, რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსეი ოვერჩუკმა კიდევ უფრო გაამწვავა რიტორიკა. მისი თქმით, სომხეთი მიუახლოვდა იმ წერტილს, სადაც მოსკოვს შესაძლოა “ეკონომიკური ურთიერთობების რესტრუქტურიზაცია“ მოუწიოს. ეს ფორმულირება ერევანში პოტენციური სანქციების ან შეზღუდვების მინიშნებად აღიქვეს.
ამასთან, სომხეთის ხელისუფლება საჯაროდ ამცირებს ესკალაციის მნიშვნელობას. ოფიციალური პირები დარწმუნებულნი არიან, რომ გაზის ფასები არ შეიცვლება, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყნის მონაწილეობა ევრაზიულ ეკონომიკურ სივრცეში აზრს დაკარგავს. თუმცა, კულისებში სულ უფრო ხშირად ისმის საპირისპირო სცენარის განხილვა, მათ შორის კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან და ევრაზიული ეკონომიკური კავშირიდან გასვლის შესაძლებლობა.
პარლამენტის თავმჯდომარე ალენ სიმონიანი ცდილობდა ტონალობის დაბალანსებას. მისი თქმით, ფაშინიანი პუტინთან მოლაპარაკებებზე “სუვერენული სახელმწიფოს პოზიციიდან“ საუბრობდა, ხოლო ენერგეტიკულ საკითხებზე დავა ახალი არ არის და წლებია გრძელდება. მიუხედავად ამისა, სიმონიანმა დაადასტურა, რომ ფასების ცვლილება შესაძლოა გახდეს გარდამტეხი ფაქტორი, რომელიც სომხეთის სტრატეგიულ კურსს შეცვლის.
ეკონომიკის მინისტრმა გევორგ პაპოიანმა კიდევ უფრო პირდაპირ დააყენა საკითხი: თუ სომხეთი ვერ იღებს სარგებელს ამ კავშირებიდან, მაშინ მათი შენარჩუნება აზრს კარგავს. მისი შეფასებით, პარტნიორებს თავად სჭირდებათ სომხეთის დარჩენა ამ სტრუქტურებში, რაც გარკვეულ ბერკეტსაც აძლევს ერევანს.
ექსპერტთა ნაწილმა ეს ვითარება ისტორიულ პარალელებთან დააკავშირა. პოლიტოლოგ რუბენ მეჰრაბიანის თქმით, გაზი რუსეთისთვის კვლავ რჩება ზეწოლის ინსტრუმენტად, ისევე როგორც 2013 წელს, როცა მაშინდელმა პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა მოულოდნელად გამოაცხადა ევრაზიულ საბაჟო კავშირში გაწევრიანების გადაწყვეტილება, მიუხედავად ევროკავშირთან მიმდინარე მოლაპარაკებებისა. მაშინ ეს ნაბიჯი ბევრმა მოსკოვის პირდაპირ ზეწოლას მიაწერა.
დღეს, მეჰრაბიანის შეფასებით, სომხეთს უფრო ფართო არჩევანი აქვს. მათ შორის განიხილება ალტერნატიული ენერგომომარაგება, მაგალითად, გაზის იმპორტი ყაზახეთიდან აზერბაიჯანის გავლით. მისი აზრით, ქვეყნის შიდა მოხმარება არც ისე მაღალია, რომ ეს სქემა ეკონომიკურად შეუძლებელი იყოს.
სხვა ანალიტიკოსები კიდევ უფრო შორს მიდიან. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი დანიელ იოანისიანი ამტკიცებს, რომ რუსეთზე სომხეთის “დამოკიდებულების“ შესახებ ნარატივი გაზვიადებულია და ხშირად თავად მოსკოვის ინტერესებს ემსახურება. მისი თქმით, ნებისმიერი მკვეთრი ნაბიჯი, იქნება ეს სავაჭრო შეზღუდვები თუ ენერგორესურსების გაძვირება, თავად რუსეთსაც დააზარალებს – როგორც ეკონომიკურად, ისე რეპუტაციულად.
იოანისიანი საუბრობს შესაძლო საპასუხო ზომებზეც: სამხედრო შეთანხმებებიდან გასვლა, გიუმრიდან რუსული ბაზის გაძევება, ევრაზიული ეკონომიკური კავშირის დატოვება და ტრანზიტული არხების დახურვა. ეს არის ნაბიჯები, რომლებიც არა მხოლოდ ორმხრივ ურთიერთობებს, არამედ რეგიონულ ბალანსსაც მნიშვნელოვნად შეცვლის.
მიუხედავად მკვეთრი რიტორიკისა, არც ერევანში და არც მოსკოვში არ ჩანს მზადყოფნა კონფრონტაციის უკიდურეს ფაზამდე მისაყვანად.