კომენდანტის საათი ძალაში რჩება. 13 მაისიდან საქართველოში ტრანსპორტი ამუშავდება
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მასშტაბით კომენდანტის საათი [ღამის საათებში 21:00 საათიდან 05:00 საათამდე] ძალაში რჩება, ხოლო 13 მაისიდან ტრანსპორტი ამუშავდება. გარდა ამისა, განახლდება სასწავლო პროცესი.
“როგორც მოგეხსენებათ, ქვეყანაში 12 მაისის ჩათვლით უქმე დღეებია, შესაბამისად, შეზღუდულია მუნიციპალური ტრანსპორტისა და სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებების ფუნქციონირება. საბჭოს გადაწყვეტილებით, 13 მაისიდან, ხუთშაბათიდან აღნიშნული შეზღუდვები მოიხსნება”, – თქვა სხდომის დასრულების შემდეგ ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ.
მისივე თქმით, საკოორდინაციო საბჭო ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების მიხედვით იღებს გადაწყვეტილებას. ეპიდვითარება კი ქვეყანაში უფრო და უფრო მძიმდება – გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 1 788-ით გაიზარდა და გარდაიცვალა 31 ადამიანი.
“როგორც კი ეპიდემიოლოგიური ვითარება საშუალებას მოგვცემს, განხილული იქნება არსებული რეგულაციების შემსუბუქების შესაძლებლობა”, – განაცხადა ღიბრაძემ.
კომენდანტის საათის მოხსნის შესახებ კომენტარი გააკეთა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამაც. მისი თქმით, საკოორდინაციო საბჭო კომენდანტის საათის საკითხს მაისის ბოლოს გადახედავს, მაშინ, როცა პიკი შემსუბუქდება:
“დღეს ჩვენ არ გვაქვს შესაძლებლობა ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, რომ კომენდანტის საათის გადავადებაზე ვიფიქროთ. გვესმის ეს სირთულეები, არის ამაზე მსჯელობა. როგორც კი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ამის საშუალებას მოგვცემს, ვფიქრობ, მაისის ბოლოსკენ, როდესაც პროგნოზულად ის პიკი, რაც გვაქვს და მაისის მეორე ნახევარში უკვე უნდა შემსუბუქდეს, შემდეგ გადავხედავთ ამ გადაწყვეტილებას”.
მისივე თქმით, ისეთ მაღალ ზრდას, როგორიც ნოემბერსა და დეკემბერში იყო, არ უნდა ველოდოთ.
“ვფიქრობთ, რომ ისეთ მაღალ ზრდას, როგორიც იყო გასული წლის ნოემბერსა და დეკემბერში, არცერთ შემთხვევაში არ უნდა ველოდოთ, თუნდაც იმ მიზეზის გამო, რომ მოსახლეობის ნაწილს უკვე აქვს ჩამოყალიბებული იმუნიტეტი, ნაწილი დაემატა იმუნიზაციის შემდეგ. სავარაუდოდ, 2 000 უნდა იყოს ის მაჩვენებელი, რომელიც პიკურ პერიოდში უნდა შევინარჩუნოთ და შემდეგ უნდა დაიწყოს კლება ამ მაჩვენებელმა“, – აღნიშნა გაბუნიამ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, “თუ ძალიან არ გავლაღდებით, ამ 2 კვირის ფარგლებში ინფექციამ უკუსვლა უნდა დაიწყოს”.
“სამწუხაროდ, დღეს გვქონდა დეკემბრის შემდეგ სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი ციფრი. პროგნოზირება უმადურია მედიცინაში, თავს ვიკავებთ ხოლმე ექიმები პროგნოზზე, მაგრამ გარკვეული პარამეტრების მიხედვით, ვფიქრობთ, რომ ახლა ვართ პიკში და თუ ყველაფერს დავიცავთ და ძალიან არ გავლაღდებით, ამ ორი კვირის ფარგლებში ინფექციამ უკუსვლა უნდა დაიწყოს”, – განაცხადა გამყრელიძემ.
__________________________________
● ვაქცინაცია საქართველოში: ვინ რითი იცრება
● NDI: საქართველოში გამოკითხულთა 53 პროცენტი კორონავირუსის აცრას არ გაიკეთებდა
● როგორ მიმდინარეობს სომხეთში ვაქცინაციის პროცესი
_______________________________
ე.წ კომენდანტის საათი საქართველოში 2020 წლის 9 ნოემბრიდან, უკვე ნახევარი წელია მოქმედებს. გამონაკლისის სახით, კომენდანტის საათი 2-ჯერ, ახალ წელსა და მართლმადიდებლური შობის ღამეს მოიხსნა.
ამასთან ერთად, ნელა მიმდინარეობს ვაქცინაციის პროცესიც. საქართველოში ვაქცინაციის პროცესის სერიოზულ დამაბრკოლებელ ფაქტორად იქცა პრეპარატების მიმართ უნდობლობა და ასევე ვაქცინაციის პროცესის მენეჯმენტი – ადამიანებს რამდენიმე ასეული კილომეტრის გავლა უწევთ იმისთვის, რომ აიცრან და ეს მაშინ, როდესაც ქვეყანაში რამდენიმე ათასი აუთვისებელი დოზა ვაქცინაა.
ქვეყანაში ამ დრომდე ოთხი ვაქცინაა შემოტანილი – გერმანულ-ამერიკული “ფაიზერი”, ბრიტანული “ასტრაზენეკა”, ჩინური “სინოფარმი” (პეკინი) და ჩინური “სინოვაკი”.
აქედან მხოლოდ ორს – “ფაიზერს” და “ასტრაზენეკას” ჰქონდა გავლილი ამ დრომდე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ავტორიზაცია, ხოლო “სინოფარმს” ჯანმომ ავტორიზაცია 6 მაისს მიანიჭა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი შემთხვევების საერთო რაოდენობა 324 256-ს შეადგენს. აქედან 303 679 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 4 336 გარდაიცვალა.