პრემიერი: "გამჭვირვალობისა“ და "ოჯახური ღირებულებების“ კანონებზე თუ იქნება არგუმენტებზე დაფუძნებული დისკუსია, ჩვენი მხრიდან იქნება ღიაობა
კობახიძე რუსულ კანონზე
სასურველია, საზოგადოების თვალწინ წარიმართოს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონებთან დაკავშირებით დისკუსია, თუ იქნება არგუმენტებზე დაფუძნებული დისკუსია – მზად ვართ, ჩვენი მხრიდან იქნება სრული ღიაობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბაქოში, ქართველ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, საჭიროა სიღრმისეული დისკუსიები.
რა თქვა ირაკლი კობახიძემ
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონებთან დაკავშირებით, ჩვენ ძალიან მკაფიო პოზიცია გვაქვს. რაც შეეხება გამჭვირვალობას, ჩვენ თუ დაგვიმტკიცებენ, რომ NGO-ების ბუნდოვანება არის უკეთესი, ვიდრე მათი გამჭვირვალობა, კი ბატონო, ვიმსჯელოთ ამ თემასთან დაკავშირებით.
რაც შეეხება კანონს პროპაგანდის წინააღმდეგ, აქაც თუ დაგვიმტკიცებენ, რომელიმე პუნქტთან მიმართებით, რომ აქ რაიმე ეწინააღმდეგება სამართლებრივ პრინციპებს, ან ზოგად ღირებულებებს, კი ბატონო, მაგრამ აქაც საჭიროა სიღრმისეული მსჯელობა.
ჩვენ ყოველთვის ვიყავით მზად სიღრმისეული, საჯარო დისკუსიისთვის. სასურველია, საზოგადოების თვალწინ წარიმართოს ეს დისკუსია, თუ იქნება ასეთი დისკუსია, ჩვენ ყველაფრისთვის ვართ აბსოლუტურად ღია, მაგრამ მთავარია, წარიმართოს არგუმენტებზე დაფუძნებული დისკუსია, ერთ და მეორე საკითხთან დაკავშირებით, ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან იქნება უზრუნველყოფილი სრული ღიაობა“, – განაცხადა კობახიძემ.
რა უნდა ვიცოდეთ “აგენტების კანონზე. მოკლედ
● კანონი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” მმართველმა პარტიამ, “ქართულმა ოცნებამ” 28 მაისს მესამე მოსმენით მიიღო.
● იუსტიციის სამინისტროს მიერ შექმნილ სპეციალურ რეესტრში ნებაყოფლობით რეგისტრაციის ვადა 2 სექტემბერს ამოიწურა, რაც ნიშნავს, რომ 3 სექტემბრიდან იუსტიციის სამინისტროს ფინანსური მონიტორინგის დეპარტამენტს უფლება აქვს, შეამოწმოს და დააჯარიმოს ყველა ის ორგანიზაცია, რომელმაც რეგისტრაციაზე უარი თქვა. იუსტიციის სამინისტროს ცნობით, “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად” ნებაყოფლობით 476 ორგანიზაცია დარეგისტრირდა.
● ხელისუფლებამ კანონი მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების და საქართველოს დასავლელი პარტნიორების დაჟინებული მოწოდებისა და ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის მკაცრი დასკვნის მიუხედავად მიიღო.
● კანონის მიღების შემდეგ “ქართული ოცნების” ხელისუფლების მიმართ სანქციებზე საუბრობს აშშ. 23 მაისს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გამოაქვეყნა გადაწყვეტილება, სადაც ნათქვამია, რომ„საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის გამო სავიზო შეზღუდვების პოლიტიკის გამოცხადება და აშშ-საქართველოს თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვა”. ფინანსური სანქციები იქნება ასევე გათვალისწინებული სენატისა და კონგრესის მიერ შემუშავებულ დოკუმენტებში.
● აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა 16 სექტემბერს ძალოვნები, ზვიად ხარაზიშვილი, იგივე ხარება და მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, ასევე პრორუსული “კონსერვატიული მოძრაობის” ლიდერები, კოკა მორგოშია და ზურა მახარაძე 16 სექტემბერს დაასანქცირა.
● მანამდე სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციების პაკეტი გამოაცხადა 6 ივნისს, რომელიც გულისხმობს სავიზო შეზღუდვებს და პირველ ეტაპზე მოიცავდა დაახლოებით 30 ადამიანს.
● ასევე, სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის 60-ზე მეტ წევრს, მათ შორის მათ ოჯახის წევრებს “დემოკრატიის ხელყოფისთვის” სავიზო შეზღუდვები დაუწესა. აღსანიშნავია, რომ “ხარებას” მსგავსად მისი მარჯვენა ხელიც ე.წ. მაგნიტსკის სიაში დაამატეს. ორივე მაღალჩინოსნის სახელი რუსული კანონის მოწინააღმდეგეების მიმართ ჩადენილ ძალადობას უკავშირდება.
● კანონის ძალაში შესვლის შემდეგ საპასუხო ზომების მიღებას აპირებს ევროკავშირიც. მანამდე ევროპელმა მაღალჩინოსნებმა არაერთხელ აღნიშნეს, რომ კანონი აშორებს საქართველოს ევროკავშირს.
● ხელისუფლების მთავარი არგუმენტია ის, რომ მსგავსი კანონმდებლობა აქვს ამერიკასაც და ასევე რიგ ევროპულ ქვეყნებსაც, მათ შორის, საფრანგეთსაც. “ქართული ოცნების” განმარტებით, ყველა ქვეყანას აქვს უფლება დაიცვას თავი უცხო გავლენისგან და მოსთხოვოს ორგანიზაციებს გამჭვირვალობა.
“ქართული ოცნების” მიერ მიღებული კანონის შედარება ამერიკულთან და ევროპულთან მცდარია და აი რატომ – კონკრეტული არგუმენტები:
ამერიკული კანონი FARA (Foreign Agents Registration Act), რომელზეც “ოცნება” აპელირებს, აშშ-ში მეორე მსოფლიო ომის წინ, 1938 წელს მიიღეს და ამ კანონის მიზანი იყო ამერიკის მოსახლეობა მაშინდელი მტრისგან – მესამე რაიხის ნაცისტური პროპაგანდისგან დაეცვა. არც მაშინ და არც დღეს FARA არ ვრცელდებოდა ამერიკის მოკავშირე, მეგობარ ქვეყნებზე.
იგივე, საფრანგეთში, სადაც “უცხო ქვეყნის გავლენის” კანონი ასევე აქვთ, პირდაპირ არის ჩამოთვლილი ქვეყნები, რომელთა წინააღმდეგ მოქმედებს ეს კანონი და ამ ჩამონათვალში ის ქვეყნებია, რომელთა გავლენის გაძლიერებასაც საფრანგეთი საფრთხედ მიიჩნევს და არა პარტნიორი და მეგობარი ქვეყნები. საფრანგეთის შემთხვევაში ეს ქვეყნებია: რუსეთი, ჩინეთი, თურქეთი და ირანი. ფრანგულ კანონში პირდაპირი დათქმაა ანუ მოქმედებს ჩამკეტი მექანიზმი, რომ ევროკავშირის ქვეყნებზე ეს კანონი არ გავრცელდება. მსგავსი დათქმა არ წერია “ქართული ოცნების” კანონში და შესაბამისად, ეს კანონი პირდაპირ ურტყამს სწორედ საქართველოს მეგობარი და პარტნიორი ქვეყნების – აშშ-ის და ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციებს, რომელთა დახმარებითაც ქვეყანაში დემოკრატიული პროცესები ვითარდება.
მეორე ტიპის ჩამკეტი მექანიზმი, რომელიც “უცხო ქვეყნების გავლენების შესახებ” კანონებს ზოგიერთ სხვა ქვეყნებში ახლავს ხოლმე, ეს არის შეზღუდვა საქმიანობის მიხედვით. მაგალითად, იგივე FARA-ში, რომელსაც ედრება “ოცნება”, წერია, რომ კანონი არ ეხება არც მედია ორგანიზაციებს და არც არასამთავრობო ორგანიზაციებს, არამედ მხოლოდ ლობისტურ ორგანიზაციებს. “ქართული ოცნების” ვარიანტში კი არც ამ ტიპის ჩამკეტი მექანიზმია გათვალისწინებული.
გამოდის რომ კანონი, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” მიიღო რუსულის ანალოგია. ამიტომ მას საქართველოში “რუსულ კანონს” ეძახიან. რუსული ვარიანტიც პირველ რიგში სწორედ მედიაორგანიზაციებს და არასამთავრობო სექტორს შეეხო. დღეს რუსეთში დახურულია ყველანაირი არასამთავრობო და მედია ორგანიზაცია, რომელიც არ კონტროლდება კრემლის მიერ.
ასევე მნიშვნელოვანი საკითხია, რომ ეს კანონი ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. უნგრეთში როდესაც მსგავსი კანონი მიიღეს, ის ადამიანის უფლებათა სასამართლომ გააუქმა. ეს კანონი უნგრეთში პირდაპირ იყო მიმართული მედიის გასაჩუმებლად, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების შეურაცხყოფისთვის, ღირსების შესალახად.
მსგავსი შეზღუდვის დაწესება მეგობარი, პარტნიორი ქვეყნების მიმართ აჩენს ეჭვს, რომ ქვეყანა საგარეო ვექტორს იცვლის, რაზეც დღეს საქართველოში დამოუკიდებელი ექსპერტები, პოლიტიკოსები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები საუბრობენ.
მრავალათასიანი მიტინგების მთავარი ლოზუნგიც სწორედ ეს არის – “კი ევროპას, არა – რუსეთს!”
“აგენტად გამოცხადდება ყველა ორგანიზაცია, რომლის შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი უცხო ქვეყნის გრანტებია. პატარა, ღარიბ ქვეყანაში – საქართველოში – ასეთია არასამთავრობო ორგანიზაციების თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა.
ევროკავშირის და აშშ-ის დახმარებით ქვეყანაში უკვე 33 წელია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება ნებისმიერ სფეროში – დაწყებული ჯანდაცვით და ინფრასტრუქტურით, დასრულებული სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებით.
არასამთავრობო ორგანიზაციების და მედია ორგანიზაციების დიდი ნაწილი უარს ამბობს “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად” და “უცხოურ ძალად” რეგისტრირებაზე, რასაც ავალებს მათ კანონი. ორგანიზაციებისთვის და ადამიანებისთვის შეურაცხმყოფელია მსგავსი იარლიყი: “ჩვენ პატიოსნად ვშრომობთ საკუთარ ქვეყანაში, რატომ უნდა გვერქვას “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი?”, კითხულობენ ისინი.
ამდენად, ბევრი პატარა ორგანიზაცია უკვე აკეთებს განცხადებებს გარდაუვალ დახურვაზე. მაგალითად, არასამთავრობო ორგანიზაცია, ფეა თრიიზ ფონდმა გაავრცელა განცხადება, რომ რუსული კანონის მიღების გამო, ონში ბავშვთა სტომატოლოგიური კლინიკის გახსნის პროექტს აჩერებენ. ეს კლინიკა არასრულწლოვანებს უფასოდ უნდა მომსახურებოდა.
ან მაგალითად, ასევე განცხადება გაავრცელეს ცხოველთა დამცველებმა – მათ აღნიშნეს, რომ საქართველოში ცხოველთა დამცველი ორგანიზაციების თითქმის ასი პროცენტი უცხოურ გრანტებზე არსებობს და თუკი ამ კანონს მიიღებენ, ამ ორგანიზაციების დიდი ნაწილი დაიხურება.