"საქართველომ უნდა შეასრულოს პრესის თავისუფლების ვალდებულებები" - კლუნების ფონდი მზია ამაღლობელის განაჩენზე
კლუნების ფონდი მზია ამაღლობელის განაჩენზე
ამალ და ჯორჯ კლუნის ფონდი სამართლიანობისთვის, რომელიც ამონიტორინგებდა “ბათუმელების” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის სასამართლო პროცესს, აკრიტიკებს მზია ამაღლობელის განაჩენს. მზია ამაღლობელს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს სანქცირებულმა მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა, დღეს ბრალი გადაუკვალიფიცირა და ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
ექსკლუზიურ კომენტარში, რომელიც ფონდმა JAMnews-ს გამოუგზავნა, ნათქვამია:
“საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიაზე მზარდი ზეწოლის ფონზე, ჩვენ ვხედავთ, რომ სისხლის სამართლის კანონი გამოიყენება ჟურნალისტების, მათ შორის მზია ამაღლობელის, დასასჯელად, დისკრედიტაციისა და შერცხვენისთვის – და არა თავისუფლებებისა და ადამიანის უფლებების დაცვისა და განმტკიცებისთვის.
საქართველომ უნდა შეასრულოს პრესის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებისადმი ვალდებულებები“, – აცხადებს ქეით ლევინი, TrialWatch-ის იურიდიული პროგრამის უფროსი მენეჯერი.
TrialWatch – არის საერთაშორისო პროექტი, რომელიც აკვირდება სასამართლო პროცესებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, რათა გამოავლინოს სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევები, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება პოლიტიკურად მოტივირებულ დევნას.
TrialWatch შეიქმნა 2019 წელს Clooney Foundation for Justice-ის მიერ. ის დააფუძნეს ადამიანის უფლებათა ადვოკატმა ამალ კლუნიმ და მსახიობმა ჯორჯ კლუნიმ. დაარსებიდან დღემდე TrialWatch-ი 40-ზე მეტ ქვეყანაში დააკვირდა სასამართლო პროცესებს და ამჟამად აკვირდება თითქმის 60 ჟურნალისტის საქმეს 10 ქვეყანაში.
მზია ამაღლობელის სასამართლო პროცენების მონიტორინგი კლუნების ფონდმა 2025 წლის მარტიდან დაიწყო. ფონდის წარმომადგენელი პროცესებს უშუალოდ სასამართლო დარბაზიდან აკვირდებოდა.
საბოლოო ანგარიში ჯერ გამოქვეყნებული არ არის. წერილში, რომელიც კლუნების ფონდმა JAMnews-ს 31 ივლისს გამოუგზავნა, ნათქვამია, რომ პროცესის დასრულების შემდეგ TrialWatch-ის ექსპერტები სრულად განიხილავენ მონიტორინგის მასალებს და საბოლოო ანგარიშში შეაფასებენ სასამართლო პროცესის სამართლიანობას.
წინასწარ შეფასებებში კი უკვე გამოყოფილია რამდენიმე საკვანძო მომენტი მზია ამაღლობელის საქმეში. მათ შორის, ფონდს მონიშნული აქვს ფაქტი, რომ დაკავების ღამეს პოლიციელთა ნაწილს გათიშული ჰქონდა სამხრე კამერები, რის გამოც დაკავების ფაქტი არ დოკუმენტირებულა.
ასევე, ყურადღებას ამახვილებს აღკვეთი ღონისძიების ფორმაზე და ამბობს, რომ სასამართლომ მზია ამაღლობელის გირაოს საფუძველზე გათავისუფლების მოთხოვნა არაერთხელ უარყო, მხოლოდ პროკურატურის მტკიცებების საფუძველზე.
მათთვის მნიშვნელოვანი დეტალია ისიც, რომ ბათუმის პოლიციის უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ, აღიარა მზია ამაღლობელი სიტყვიერად შეურაცხყოფის ფაქტი. თუმცა, ამ დრომდე, გამოძიება მზია ამაღლობელის მიმართ წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტზე, არ დაწყებულა.
საუბრობს ბრალდების არაპროპორციულობაზე. ფონდი წერს, რომ საქმე უნდა განხილულიყო, როგორც ადმინისტრაციული სამართალდარღვევა (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით).
ასევე, ხაზს უსვამს, რომ მოსამართლემ, რომელსაც არ აქვს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია, საქმის აცილებაზე უარი თქვა.
ფონდს, წინასწარ შეფასებაში, არც სასამართლოს მიერ დაცვის მხარის ჩახსნილი მტკიცებულებები გამორჩენია.
ფონდი ყუარდღებას ამახვილებს მზია ამაღლობელის ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზეც. წინასწარ შეფასებაში ნათქვამია, რომ 6-თვის განმავლობაში, მზია ამაღლობელი იძულებული იყო 5-6 საათი გაეტარებინა გზაში, რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ბათუმამდე. ეს კი სერიოზულ ზეგავლენას ახდენს როგორც მის ემოციურ, ისე ფიზიკურ მდგომარეობაზე – განსაკუთრებით მისი 38-დღიანი შიმშილის ფონზე.
კლუნების ფონდი ყურადღებას ამახვილებს მზია ამაღლობელის გაუარესებულ მხედველობაზეც.
2025 წლის 6 აგვისტოს, გამოცემების “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელს, ჟურნალისტ მზია ამაღლობელს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ბრალი გადაუკვალიფიცირა და ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
მზია ამაღლობელს პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო, პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდნენ. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით ჰქონდა წაყენებული, რაც ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
განაჩენის გამოცხადების დღეს, მოსამართლემ ბრალი გადააკვალიფიცირა – სისხლის სამართლის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით, – პოლიციელიისთვის წინააღმდეგობის გაწევა.
სანქცირებულ მოსამართლე ნინო სახელაშვილს განაჩენის გამოსაცხადებლად მხოლოდ რამდენიმე წუთი დასჭირდა.
მზია ამაღლობელის ადვოკატის, მაია მწარიაშვილის შეფასებით, ამ განაჩენით ხელისუფლება “სახის შენარჩუნებას” შეეცადა:
“სინამდვილეში ეს არის საკუთარი თავის და სახის გადარჩენის მცდელობა და სამართალთან ამას საერთო არაფერი აქვს”.
განაჩენის გამოცხადების შემდეგ, 24 ქვეყნის დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ ერთობლივი განცხადება გაავრცელა და მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა.
“ვგმობთ მზია ამაღლობელის მიმართ გამოტანილ არაპროპორციულ და პოლიტიზირებულ განაჩენს, რომლითაც მას 2 წლით პატიმრობა მიესაჯა“, – ნათქვამია განცხადებაში.
კლუნების ფონდი მზია ამაღლობელის განაჩენზე