კელი დეგნანი: საქართველოს გადასაწყვეტია ვისი პარტნიორი იქნება
კელი დეგნანი საგარეო კურსზე
რონდელის ფონდის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ არჩევანს და ერთგული რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. მისივე თქმით, საქართველოს გადასაწყვეტია ვისი პარტნიორი იქნება.
“ჩვენი პრინციპია, რომ ქვეყნებს აქვთ სუვერენული უფლება, თავად აირჩიონ პოლიტიკური თუ ეკონომიკური პარტნიორები. ამ ფუნდამენტურ პრინციპს არ შევცვლით და არ დავაყენებთ კითხვის ნიშნის ქვეშ“, – აცხადებს კელი დეგნანი.
ელჩის განმარტებით, აშშ ხედავს, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მომხრეა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის. მისი თქმით, ესაა არჩევანი, რომელიც ქართველებმა გააკეთეს და რომელსაც ბევრი უჭერს მხარს:
“ჩვენ ვართ საქართველოს, უკრაინის და ევროპელების გვერდში, როდესაც რუსეთი ცდილობს ძირი გამოუთხაროს ევროპულ უსაფრთხოებას. მნიშვნელოვანია საქართველოდან ვთქვა, რომ ძალა ერთობაშია.”
დეგნანმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა აშშ-ს პოზიცია რუსეთთან დაკავშირებით.
“გავიმეორებ, რაც რუსეთთან მოლაპარაკებებში, ჩვენი დელეგაციის ხელმძღვანელმა უენდი შერმანმა და შეერთებული შტატების ბევრმა ოფიციალურმა პირმა თქვა: ჩვენ არ მოვილაპარაკებთ ევროპაზე ევროპის გარეშე, ნატო-ზე ნატო-ს გარეშე, უკრაინაზე უკრაინის გარეშე და საქართველოზე საქართველოს გარეშე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან რუსეთი ცდილობს გაყოს ალიანსი, გაყოს ევროპელები და ამერიკელები. ჩვენ კი ვნახეთ, რომ ძალა ერთობაშია.” – აღნიშნა ელჩმა.
● NYT-მა უკრაინის საზღვრებთან რუსული ჯარების კონცენტრაციის ახალი რუკა გამოაქვეყნა
● სერგეი ლავროვი: საქართველოს NATO-ში ძალით შეყვანას ცდილობენ
● მოსკოვს „მოთმინება ამოეწურა“: როგორ მოიქცევა დასავლეთი უკრაინასათან და საქართველოსთან?
რუსულ-ამერიკული მოლაპარაკებები უსაფრთხოების საკითხებზე 10 იანვარს, ჟენევაში გაიმართა – ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც რუსმა და ამერიკელმა დიპლომატებმა პირადად განიხილეს უკრაინის გარშემო დაპირისპირება და რუსეთის მოთხოვნა ნატოს მიმართ – „უკან დაიხიოს აღმოსავლეთ ევროპიდან.“
ექსპერტების საერთო მოსაზრებით, მოლაპარაკებებზე მნიშვნელოვანი გარღვევა არ მომხდარა. ის, რომ მხარეებმა ერთმანეთს ღიად გააცნეს თავიანთი მოთხოვნები, მოლაპარაკებების გაგრძელების იმედს იძლევა. თუმცა, აზრთა სხვადასხვაობა მათ შორის კვლავინდებურად ძალიან სერიოზული რჩება.
შეხვედრა გაიმართა 11 იანვარსაც. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, უენდი შერმანმა ამ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ვაშინგტონი არ დაუშვებს, “ვინმემ ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა დახუროს.”