ბაქოში სილამაზის სალონები გაიხსნა, პროვინციებში კი ნებართვის გარეშე შეიძლება სახლიდან გასვლა
4 აპრილიდან აზერბაიჯანში საკარანტინო რეჟიმი ნაწილობრივ შერბილდა.
ეს ძირითადად პროვინციებს შეეხო: იქ გაიხსნა კაფეები, რესტორნები და პარკები, და რაც მთავარია – მოხსნილია გადაადგილების შეზღუდვა. ანუ, ადამიანებს სახლიდან გასასვლელად ხელისუფლებისგან sms-ნებართვის მიღება უკვე აღარ სჭირდებათ.
დიდ ქალაქებში – ბაქოში, სუმგაითში, განჯასა და ლენქორანში გადაადგილების შეზღუდვა ძალაში რჩება, კაფეები და რესტორნები ისევ დაკეტილია, სამაგიეროდ, გაიხსნა საპარიკმახეროები და სილამაზის სალონები, და სახელმწიფო დაწესებულებების თანამშრომელთა ნაწილი სამუშაოდ გავიდა. სახლიდან გასასვლელად ისევ საჭიროა სამსახურიდან ცნობა ან sms-ნებართვის მიღება, რომელიც დღეში 3 საათით გაიცემა.
- აზერბაიჯანის “ბრწყინვალე გამარჯვება” კორონავირუსის წინააღმდეგ: რა არ არის წესრიგში?
- ნავთობი და კორონავირუსი – აზერბაიჯანის ეკონომიკის ორი უბედურება
- რას ნიშნავს გადაიტანო კორონავირუსი? გვიყვებიან ისინი, ვინც დაინფიცირდა და უკვე გამოჯანმრთელდა
ბაქოდან, სუმგაითიდან, განჯიდან, ლენქორანიდან და აფშერონის ნახევარკუნძულიდან გასვლის აკრძალვა ძალაში რჩება.
მანამდე, 27 აპრილს მთელ ქვეყანაში გაიხსნა ყველა მაღაზია (გარდა სავაჭრო ცენტრებში განთავსებულებისა), ასევე – ატელიეები და ფოტოსტუდიები.
საკუთრივ საკარანტინო რეჟიმი 31 მაისამდე გაგრძელდება.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 4 მაისსი დილისთვის აზერბაიჯანში მთლიანობაში COVID-19-ით დაინფიცირების 1932 შემთხვევაა დაფიქსირებული. 25 ადამიანი გარდაიცვალა, 1441 უკვე გამოჯანმრთელდა.
ჯერჯერობით უცნობია, როდიდან ამუშავდება ისევ ბაქოს მეტროპოლიტენი, მაგრამ ხელისუფლება უკვე იუწყება, რომ მეტროში აუცილებელი იქნება ნიღბების გამოყენება.
საპარიკმახეროებისა და სილამაზის სალონების გახსნასთან ერთად ხელისუფლებამ შემოიღო წესები, რომელთა მიხედვითაც მათ უნდა იმუშაონ. კერძოდ, ეს არის მიღებაზე ონლაინ-ჩაწერის სისტემის გამოყენება, და ნიღბებისა და ხელთათმანების ტარება. სხვა მხრივ კი, „ახალი“ წესები ნაკლებად განსხვავდება იმ სტანდარტული ჰიგიენური მოთხოვნებისგან, რაც, წესით, მანამდეც დაცული უნდა ყოფილიყო; მაგალითად – ხელების დაბანა და ინსტრუმენტების დეზინფიცირება.
იგივე ეხება საზოგადოებრივი კვების დაწესებულებებსაც – ნიღბების აუცილებელი მოხმარების გარდა, მათ ბანალური ჰიგიენის დაცვა ევალებათ.
სოციალური ქსელების მიხედვით, ბაქოს მოსახლეობა ყველაზე მეტად სწორედ საპარიკმახეროების გახსნას ელოდებოდა. ზოგიერთმა თმის შეჭრა და შთაბეჭდილებების გაზიარება უკვე მოასწრო. როგორც ამბობენ, მამაკაცთა სალონებში დიდი რიგებია, ნიღბები არ უკეთიათ, დისტანციას არ იცავენ, მაგრამ კლიენტებს ყველაფერი აწყობთ და საკუთარი სტილისტის „ჩაშვება“ არავის უნდა.
და მიუხედავად იმისა, რომ ბაქოსა და მის შემოგარენში ისევ საკმაოდ მკაცრი კარანტინია, სინამდვილეში ქუჩებში უამრავი ხალხია, საცხოვრებელი უბნების ცხოვრება კი კარანტინის მოქმედების მთელი დროის განმავლობაში პრაქტიკულად საერთოდ არ შეცვლილა.