ჯანდაცვის ექსპერტები: თუ COVID-19-ის გავრცელება არ შეჩერდა, ქვეყანას დრამატული პერიოდი დაუდგება
სახელმწიფოს მხრიდან გატარებული ანტიეპიდემიური ღონისძიებები უკვე არასაკმარისია პანდემიის გავრცელების შესაკავებლად და იგი მნიშვნელოვან ცვლილებებს საჭიროებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანას დრამატულად რთული პერიოდი დაუდგება, – ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტთა სამუშაო ჯგუფის მიმართვაშია აღნიშნული.
სულ საქართველოში დადასტურებულია 85952 შემთხვევა
აქედან:
გარდაცვლილი – 778
გამოჯანმრთელებული – 68929
აქტიური შემთხვევა (ანუ ახლა არიან ავად) – 16 245
დოკუმენტს ხელს აწერენ ჯანდაცვის ექსპერტები, ექიმები, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრები სხვადასხვა პოლიტიკური ბანაკიდან – როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლები. მათ შორის არიან აკაკი ზოიძე, ზურაბ ჭიაბერაშვილი, ვახო კალოიანი, ლევან კობერიძე და სხვები.
ჯანდაცვის სპეციალისტების აზრით, პანდემია დღეს ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტი უნდა გახდეს და პოლიტიკური ბრძოლის სიბრტყიდან გადავიდეს ეროვნული ინტერესების დონეზე.
წერილში ექსპერტები ბოლო მონაცემებს აჯამებენ:
- 14 ნოემბრის მდგომარეობით, კოვიდ-ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებელი სამი ათას ხუთასს გასცდა;
- 14 დღის მაჩვენებელი ასი ათას მოსახლეზე 944-ს მიუახლოვდა;
- ბოლო 7 დღეში საქართველო მე-16 ადგილზეა მსოფლიოში ასი ათას მოსახლესთან შეფარდებით გარდაცვლილთა საშუალო რაოდენობით;
- დღიური შემთხვევების რაოდენობა მზარდია, თუმცა, პროპორციულად არ იზრდება დღიურად ჩატარებული ტესტების რაოდენობა. ეს ნიშნავს, რომ რეალურად ინფიცირებულთა რაოდენობა მეტია.
ამ მოცემულობის გათვალისწინებით, ექსპერტები ამბობენ, რომ ის ღონისძიებები, რომლებსაც მთავრობა ატარებს, არასაკმარისია და ვერ შეცვლის სურათს უკეთესობისკენ.
“საჭიროა მნიშვნელოვანი ცვლილებები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანას დრამატულად რთული პერიოდი დაუდგება, რაც, შეუძლებელს გახდის არამარტო კორონავირუსის ეპიდემიის მართვას, არამედ უკიდურესად შეზღუდავს სხვა გადაუდებელ და გეგმიურ სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობას,” – აღნიშნავენ ექსპერტები.
წერილში მოცემულია კონკრეტული რეკომენდაციები, თუ რა უნდა გაკეთდეს. ხელმომწერთა აზრით, ერთ-ერთი მთავარია ის, რომ ეპიდემია არ უნდა იყოს პოლიტიკური ბრძოლის საგანი.
“ეპიდემიის მართვისას პოლიტიკური ბრძოლის სიბრტყიდან საკითხი/მართვა გადავიდეს ზე-პარტიული, ეროვნული ინტერესების დონეზე,” – წერია წერილში.
რა კონკრეტული რეკომენდაციები აქვთ ექსპერტებს:
- ეპიდემიის დაძლევის მიზნით უნდა გაერთიანდეს ქვეყანაში არსებული საუკეთესო რესურსი პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად. უნდა შეიქმნას დროებითი ეროვნული მექანიზმი, რომელშიც შევლენ დაინტერესებული მხარეები;
- უნდა გამკაცრდეს სააღსრულებო დისციპლინა, ეფექტიანი გახდეს უწყებებს შორის კოორდინაცია;
- სისტემის კოლაფსის თავიდან ასაცილებლად, შემცირდეს სამედიცინო დაწესებულებებისადმი მიმართვიანობა და სახლში მოხდეს პაციენტების მართვა;
- შემუშავდეს პაციენტებისთვის ქცევის ტექნიკური ალგორითმი და მოსახლეობისთვის შეიქმნას ერთიანი სტანდარტი, გზამკვლევი, რომლითაც უნდა იმოქმედონ;
- ასევე, ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ თანამედროვე ტექნოლოგიები უნდა იყოს მეტად ჩართული – ვებ-გვერდი, ლაივ-კონსულტაციები;
- უნდა შემუშავდეს ერთიანი საკომუნიკაციო სტრატეგია, რომ 24-საათიან რეჟიმში შესაძლებელი იყოს ყველა მნიშვნელოვანი გზავნილის მიწოდება მოსახლეობისთვის
- ასევე, რეკომენდაციებში ერთ-ერთი პუნქტი მომსახურების ანაზღაურებას შეეხება. ექსპერტების აზრით, უნდა შემუშავდეს ისეთი მექანიზმები, რომელიც შეამცირებს სხვადასხვა ნაკლებადმიზანშეწონილი მომსახურების მიწოდებას მოსახლეობისთვის ფინანსური ინტერესის გამო (იქნება ეს ლაბორატორიული მომსახურება, თუ საწოლზე პაციენტის დაყოვნება);
- ასევე, ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ხელისუფლებამ მეტად უნდა ითანამშრომლოს კერძო სექტორთან და უნდა ჩართოს ის ყველა დონეზე (ტრანსპორტირების, ლაბორატორიული მომსახურების, ჰოსპიტალური მომსახურების და სხვა);
განცხადებას ხელს აწერენ: დავით გზირიშვილი, გიორგი გოცაძე, ნინო ევგენიძე, აკაკი ზოიძე, იაგორ კალანდაძე, ვახო კალოიანი, ნინო კიკნაძე, ლევან კობერიძე, ვატო სურგულაძე, ანდრია ურუშაძე, ნინო მირზიკაშვილი, სერგო ჩიხლაძე, ქეთი ჩხატარაშვილი, გიგი წერეთელი და ზურაბ ჭიაბერაშვილი .
მიმართვა ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა (EPRC) და USAID-ის დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (GGI) ერთობლივი პლატფორმის ფარგლებში მომზადდა.