JAMnews-ის ფოტორეპორტაჟი თბილისის დაკეტვამდე რამდენიმე საათით ადრე
15 აპრილს 21:00 საათზე საქართველოში კოვიდინფექციის გავრცელების გამო ოთხი ქალაქი – თბილისი, ბათუმი, ქუთაისი და რუსთავი დაიკეტა. ათი დღის განმავლობაში ამ ქალაქებში შესვლა აკრძალულია.
JAMnews-მა ეს კადრები თბილისის დაკეტვამდე რამდენიმე საათით ადრე გადაიღო.
დედაქალაქის შემოსასვლელთან საცობები წარმოიქმნა. განსაკუთრებით ინტენსიური მოძრაობა თბილისის მიმართულებით იყო – აკრძალვის ამოქმედებამდე ადამიანები ცდილობდნენ თბილისში შემოსულიყვნენ.
ქალაქიდან ბევრად უფრო ცოტა მანქანა გადიოდა.
______________________________________________________________________________
ამავე თემაზე:
• რა წესები მოქმედებს დაკეტილ ქალაქებში და ვის არ ეხება შეზღუდვები. დეტალურად
• საპატრიარქო უკან არ იხევს – სააღდგომო ლიტურგია მაინც ჩატარდება. სად და როგორ შეიკრიბება მრევლი აღდგომის ღამეს
• კორონავირუსი კავკასიაში. განახლებადი
______________________________________________________________________________
თბილისის შემოსასვლელთან საველე კარვები იყო გაშლილი, სადაც სიცხეს უზომავდნენ ტრანზიტული მანქანების მძღოლებსა და მგზავრებს.
შემოსასვლელთან ვითარებას პოლიცია და ჯარი ერთად აკონტროლებდნენ.
აჩერებდნენ მანქანებს მხოლოდ ტრანზიტული და უცხო ნომრებით – მგზავრებს სიცხეს უზომავდნენ, მანქანებს დეზინფექციას უტარებდნენ.
არც ერთ მანქანაში სამ მგზავრზე მეტი არ იყო. საგანგებო მდგომარეობის თანახმად, სამ ადამიანზე მეტის ყოფნა მანქანაში აკრძალულია.
თბილისი და კიდევ სამი ქალაქი ათი დღით, 25 აპრილამდე ჩაიკეტა. თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ ეს შეზღუდვა გაგრძელდეს.
ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი იქნება საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პიკი, რომელსაც აპრილის ბოლოდან ელიან.
შემთხვევების მატება 19 აპრილის შემდეგაა მოსალოდნელი. ამ დღეს საქართველოში აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავენ და მიუხედავად ეპიდემიოლოგების გაფრთხილებისა, დიდ ეკლესიებში ხალხმრავალი რიტუალები მაინც ჩატარდება.