თბილისი, რუსთავი, ბათუმი და ქუთაისი დაიკეტა. ვის არ ეხება შეზღუდვები?
მიმდინარე კვირიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობის ახალი, უფრო მკაცრი წესები ამოქმედდა.
15 აპრილს 21 საათიდან ჩაიკეტა საქართველოს ოთხი ყველაზე დიდი ქალაქეი – თბილისი, ქუთაისი, ბათუმი და რუსთავი.
10 დღის განმავლობაში, ანუ 25 აპრილის ჩათვლით ამ ქალაქებში შესვლა-გამოსვლა იკრძალება.
არსებობს მხოლოდ რამდენიმე გამონაკლისი.
ვის შეუძლია შესვლა დაკეტილ ქალაქებში?
ამ ქალაქებში შესვლა არ ეკრძალებათ:
● ადამიანებს, რომლებიც სახლში მიდიან ანუ ამ ქალაქებში არიან რეგისტრირებულები (ჩაწერილები). მაგალითად, თუ თქვენ თბილისში ცხოვრობთ, თბილისში ხართ რეგისტრირებული და ამ შეზღუდვის ამოქმედებისას ქალაქიდან იყავით გასული, უპრობლემოდ დაბრუნდებით დედაქალაქში. თუმცა, სანამ შეზღუდვები არ მოიხსნება, თბილისიდან უკვე ვეღარ გახვალთ.
● შეზღუდვების მოქმედების პერიოდში ამ ქალაქებიდან გასვლა არ ეკრძალებათ იმ ადამიანებს, რომლებიც სხვა ქალაქებში, მაგალითად, ზუგდიდში ან ოზურგეთში არიან რეგისტრირებულები და სახლში უნდათ წასვლა. მაგალითად, ხაშურელ კაცს შეუძლია სააღდგომოდ გავიდეს თბილისიდან, ოღონდ მინიმუმ 25 აპრილამდე უკან ვერ დაბრუნდება.
გარდა ამისა, მთავრობის №242-ე დადგენილების თანახმად, საქართველოს ოთხი დიდი ქალაქის ჩაკეტვის დროს დაწესებული შეზღუდვები არ ეხება/თ:
● სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლებს, რომლებიც სამსახურებში მიდიან ან სამსახურებიდან უკან ბრუნდებიან: თუ თქვენ თბილისში ცხოვრობთ და მარნეულის საავადმყოფოში მუშაობთ, მაშინ თბილისიდან უპრობლემოდ გახვალთ და არც უკან დაბრუნება გაგიჭირდებათ;
● საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, რომლებიც სამსახურის საქმეზე მიდიან;
● საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგნელებს, რომლებიც ჰუმანიტარულ მისიას ახორციელებენ;
● დაცვის კერძო სამსახურის თანამშრომლებს, რომლებიც სამსახურის გამო გადაადგილდებიან;
● საჯარო დაწესებულებებისა და იმ კომპანიების ავტომანქანებს, რომელთაც საგანგებო მდგომარეობის დროს ეკონომიკური საქმიანობის უფლება აქვთ;
● ჟურნალისტებს და მედიასაშუალებების თანამშრომლებს, რომლებიც რეპორტაჟების ან სიუჟეტების მოსამზადებლად გადაადგილდებიან;
● საერთაშორისო და ადგილობრივ სატვირთო გადაზიდვებს;
● ინკასირებას – მანქანებს, რომლებსაც ფული და ძვირფასი ლითონები გადააქვთ;
● დასუფთავების სამსახურის მანქანებს;
● მანქანები, რომლებსაც საფოსტო ამანათები გადააქვთ;
● დაშვებულია ბრალდებულების/მსჯავრდებულების გადაყვანა.
● არ იკრძალება არც სარიტუალო მომსახურება – მიცვალებულის გადასვენება ან დაკრძალვა.
● ასევე, არ იკრძალება ქალაქის შიგნით ავტომობილების გადაადგილება, თუმცა, ძალაში რჩება კომენდანტის საათი – 21:00 სთ-დან დილის 06:00 საათამდე მოძრაობა მხოლოდ სპეციალური საშვის მქონე ავტომანქანებისთვის არის ნებადართული.
- კორონავირუსი უკვე ეკლესიაშია. რას აპირებს საპატრიარქო სააღდგომოდ?
- თბილისი, რუსთავი, ბათუმი და ქუთაისი იკეტება
- კორონავირუსი ჩრდილოეთ კავკასიაში: ინფიცირებულია ყველა რეგიონი, გარდაიცვალა ინგუშეთის მთავარი მუფთი
კორონავირუსის პანდემიის შეჩერების მიზნით საქართველოში 21 მარტს საგანგებო ვითარება გამოცხადდა, 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კომენდანტის საათი ამოქმედდა. კორონავირუსის პანდემიის გავრცელების შეჩერების მიზნით, მარნეულში, ბოლნისში, ლენტეხში და ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: გვარაში, მუხაესტატეში, ლეღვასა და წყავრუკაში კარანტინი გამოცხადდა.